მთავარისაქართველო„დედა-შვილი ან ღამე არ არის არასოდეს ბოლომდე ბნელი“ - ასე ჰქვია ლანა...

„დედა-შვილი ან ღამე არ არის არასოდეს ბოლომდე ბნელი“ – ასე ჰქვია ლანა ღოღობერიძის ახალ ფილმს

იგი რეჟისორის დედას, ნუცა ხუციშვილ - ღოღობერიძეს ეძღვნება, რომელიც პირველი ქალი რეჟისორი იყო საქართველოში. ასევე, პირველი რეჟისორი ქალი მთელ საბჭოთა კავშირში...  ნუცას ფილმები აკრძალული იყო საბჭოთა კავშირში და მათ სამუდამოდ გაქრობასაც შეეცადნენ

„დედა-შვილი ან ღამე არ არის არასოდეს ბოლომდე ბნელი“ – ასე ჰქვია ლანა ღოღობერიძის ახალ ფილმს. იგი რეჟისორის დედას, ნუცა ხუციშვილ – ღოღობერიძეს ეძღვნება, რომელიც პირველი ქალი რეჟისორი იყო საქართველოში. თუმცა  ასევე, პირველი რეჟისორი ქალი მთელ საბჭოთა კავშირში…  ნუცას ფილმები აკრძალული იყო საბჭოთა კავშირში და მათ სამუდამოდ გაქრობასაც შეეცადნენ. ნუცა კი დააპატიმრეს და 10 წელი სიკვდილმისჯილთა საკანში გაატარა. თავისი ახალი ფილმით,  ლანა ღოღობერიძე საკუთარ დედაზე, მის ფილმებზე, ზოგადად რეპრესიებზე და კინოზე გვიყვება. ეს დაკარგული ფილმები ლანა ღოღობერიძემ აღმოაჩინა და ისინი უკვე მთელმა მსოფლიომ იხილა.

ცხოვრება შეხვედრაა თუ დაშორება? – ლანა ღოღობერიძე ახალი ფილმის, „დედა შვილი ან ღამე არ არის არასოდეს ბოლომდე ბნელი“-ს მთავარ კითხვას პასუხს, კინონოველის დასასრულს გასცემს. მანამდე კი მისი ცხოვრების ორი მთავარი ნუცადან ერთ-ერთზე, დედაზე მოგვითხრობს…

ფილმი რეჟისორისთვის ძალიან პირად ამბავს ჰყვება დედაზე. დედაზე, რომელიც ამავდროულად იყო საქართველოში პირველი ქალი რეჟისორი… ლანა ღოღობერიძე იხსენებს ამბებს ბავშვობიდან. დეტალებს… ადამიანებს… მაყურებელს უყვება ფემინისტი ბაბუის, სტუმრებით მუდმივად სავსე ლურჯი ოთახის, ბედნიერების, პოეზიის, კინოს, დედის ფილმების,  ჟენევევისა თუ თავისუფლების შესახებ.

შემდეგ კი იხსენებს როგორ შეემატა მის ლექსიკონს ორი ახალი სიტყვა.

“ჩემს ლექსიკონს შეემატა ორი უცნაური სიტყვა – ჩხრეკა და კონფისკაცია” – გვიყვება ლანა ღოღობერიძე.

შემდეგ კი იყო თავშესაფარი ნაცვლად სახლისა, მხოლოდ მოგონებებში შემორჩენილი ლურჯი ოთახი და ამ ოთახთან დაკაშირებული მოგონებების დღეში რამდენჯერმე გონებაში გამეორება. ახლობლების გაუცხოება, საზოგადოებიდან გარიყვა, ყოფილი მეგობრები რომლებიც არც არასოდეს ყოფილან ნამდვილი მეგობრები და 10 წლის ლანა, რომელსაც სკოლაში ზეიმზე ლექსი არ წააკითხეს.

ფილმი 90 წუთს გრძელდება და ამ 90 წუთის განმავლობაში, „დედა შვილი, ან ღამე არ არის არასოდეს ბოლომდე ბნელი“-ს  პრემიერაზე მაყურებელთა უმეტესობა ტიროდა…

და აი ასე, ლანა ღოღობერიძეს 93 წლის ასაკში კიდევ ერთხელ დაუბრუნდა დედა – კინოს დახმარებით… და გაეცა პასუხები წლების განმავლობაში უპასუხოდ დარჩენილ მთავარ კითხვებს…

ანანო ღუდუშაური

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend