საქართველოს ამერიკელი მეგობრების ტრადიციული გალა საღამო დაბრუნდა. პანდემიის გამო იძულებითი სამწლიანი პაუზის შემდეგ თბილისში, ეს საღამო ისევ გაიმართა მათ დასახმარებლად, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.
ორგანიზაცია საქართველოს ამერიკელი მეგობრები უკვე 29 წელია არსებობს და მათი საქმიანობა მრავალ სფეროს მოიცავს, მაგრამ ეს კონკრეტული საღამო იმას ემსახურებოდა, რომ შეგროვილიყო სახსრები ჰოსპისისათვის „ფერისცვალება“ და ასევე ძეგვის თავშესაფრის დასახმარებლად.
„ძალიან ამაღელვებელი მომენტია იმიტომ რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში ეს არის პირველი საქველმოქმედო საღამო, რომელსაც საქართველოს ამერიკელი მეგობრები ატარებს. ეს ტრადიციული ფილანთროპული საღამოა, ჩვენი მცდელობაა ფილანთროპიის იდეისა და ქველმოქმედების პოპულარიზაციის და კორპორაციული, სოციალური პასუხისმგებლობის გაძლიერების საქართველოში. პირველ რიგში, ძალიან გვიხარია, რომ ყველა ძველი მეგობარი ისევ ჩვენთან ერთად არის, ახალი მეგობრებიც შემოგვიერთდნენ და გვიხარია ის განცდა, რასაც პანდემიამ რაღაცნაირად დაგვაშორა და გვაჩვენა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური ურთიერთობები. დღეს ყველა ლაპარაკობს მდგრადობაზე სამყაროს მიმართ და მდგრადობა სამყაროს მიმართ ალბათ პირველ რიგში იწყება მდგრადობით ადამიანების მიმართ. ამიტომ ველით იმას, რომ ჩვენი ერთგული მეგობრები კვლავ ჩვენთან ერთად იქნებიან და რომ მოვახერხებთ თანხის შეგროვებას ამ ორი მნიშვნელოვანი პროექტის მხარდასაჭერად, ეს არის ძეგვის თავშესაფარი და ფერისცვალების ჰოსპისი”, — განაცხადა “საქართველოს ამერიკელი მეგობრების” ქართული წარმომადგენლობის აღმასრულებელმა დირექტორმა ლენა კილაძემ.
2003 წელს საქართველოს ამერიკელი მეგობრების მხარდაჭერით საქართველოში პირველი ჰოსპისი დაარსდა — „ფერისცვალება“. ძეგვის თავშესაფარი კი 1995 წელს დაფუძნდა უსახლკარო ბავშვებისათვის, თუმცა 2010 წლიდან ის გაფართოვდა და იმ ადამიანთა თავშესაფრად იქცა, რომლებსაც დამოუკიდებლად ცხოვრება არ შეუძლიათ ან თავშესაფარი არ აქვთ. 2019 წელს საქართველოს ამერიკელი მეგობრების მხარდაჭერით ძეგვის თავშესაფრის რეკონსტრუქციაც განხორციელდა და შეიქმნა სივრცეები სარეაბილიტაციო პროგრამებისა თუ პროფესიული გადამზადებისთვის. გაჩნდა დამატებითი ადგილებიც ბავშვებისა და მოხუცებისათვის.
საქველმოქმედო ღონისძიებაზე უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი და, რა თქმა უნდა, აქ იმყოფებოდა ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი მარუსია ჭავჭავაძე. სტუმრებს შორის კი შეხვდებოდით საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანიების წარმომადგენლებს, დონორებს, ხელოვანებს და დიპლომატებს.
“ვფიქრობ, ეს ღონისძიება ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ის კარგად აჩვენებს ქველმოქმედების სულისკვეთებას და ხაზს უსვამს კერძო და საჯარო სექტორის თანამშრომლობის მნიშვნელობას, როცა საქმე ეხება ასეთ ღირებულ მიზნებს ეხება. შეზღუდული შესაძლებლობის პირებისა და მოწყვლადი ჯგუფების საზოგადოებაში ინტეგრირება, ეს დემოკრატიული ქვეყნების კრიტერიუმებია. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო განსაკუთრებულად ამაყობს, რომ ჩართულია ამ პროცესებში, რადგან საქართველო ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია და ნამდვილად ვაფასებთ იმას, რომ ასეთ საკითხებზე ერთად მუშაობის შესაძლებლობა გვაქვს”, — აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენელი კრისტინა იონგი.
საღამოს მთავარ ნაწილი საქველმოქმედო აუქციონი იყო, რომელსაც კანადის საპატიო კონსული კლიფორდ აიზეკი უძღვებოდა.
“ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო აუქციონერი. ამ ღონისძიების მიზანი საქართველოს ამერიკელი მეგობრების ორი მთავარი პროექტისთვის ფინანსების მოძიებაა, ესაა ჰოსპისი და ძეგვის თავშესაფარი. ვფიქრობ ამით მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებას გავუწევთ ამ ორ პროექტს. ასევე, პირველ რიგში, ღონისძიება უბრალოდ ძალიან სახალისოცაა, ვცდილობთ, მხიარულება იყოს. ეს ასევე არის მომენტი, როდესაც კომპანიები საკუთარ კორპორაციულ პასუხისმგებლობას უკეთ იაზრებენ, ვფიქრობ დღევანდელი საღამო ძალიან გულუხვი იქნება. ამ როლში ყოფნა ძალიან მიყვარს, უკვე მეათე წელია ამას ვაკეთებ. იმედი მაქვს, წლევანდელი ყველაზე კარგი გამოვა”, — აცხადებს კანადის საპატიო კონსული კლიფორდ აიზეკი.
აუქციონი მართლაც რეკორდული გამოდგა და შეგროვებულმა თანხამ 130 000 ამერიკულ დოლარს გადააჭარბა. აქ შეხვდებოდით ლადო გუდიაშვილის, გოგი ალექსი-მესხიშვილის, ლია შველიძის, იური მეჩითოვის, და სხვათა ნამუშევრებს. იყო ნივთებიც, მაგალითად პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილმა თავისი პუანტები გადასცა აუქციონს.
“მე მარუსია ჭავჭავაძეს ძალიან დიდი ხანია ვიცნობ და, ის ძალიან დიდ საქმეს აკეთებს, ეს ძეგვის სახლი, ბავშვები, მათი გაზრდა, უმაღლესში დახმარება… მე მგონი ძალიან მნიშვნელოვანი საქმე და მისაბაძი საქმეა. მე მერამდენედ ვიღებ მონაწილეობას, ყოველთვის ვაძლევ ჩემს ნამუშევარს აუქციონისთვის. იმედი მაქვს ეს გაგრძელდება და ექნება კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა”, — ამბობს მხატვარი გოგი ალექსი-მესხიშვილი.
საქართველოს ამერიკელი მეგობრები 1994 წელს ნიუ-იორკის ყოფილმა ვიცე-მერმა, ქართველი ემიგრანტის შთამომავალმა კონსტანტინე სიდამონ-ერისთავმა დააარსა, რათა ქვეყანას რთული წლების გადალახვაში დახმარებოდა. მას შემდეგ ორგანიზაციამ არაერთი სხვადასხვა პარტნიორი მოიზიდა და არაერთი საქველმოქმედო პროექტი განახორციელა. წლევანდელ საიუბილეო გალა ღონისძიებას 370-მდე სტუმარი ესწრებოდა, ბევრი მათგანი ორგანიზაციის ძველი მეგობარია, ბევრი კი სულ ახალი შეძენილი.
და ღონისძიების ერთ-ერთი მიზანიც ეს იყო, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გააერთიანოს და ჩართოს იმათზე ზრუნვაში, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.