ჩვენ ერთად ვდგავართ – სწორედ ეს იყო პოლონეთისა და უკრაინის პრეზიდენტების ერთობლივი გზავნილი, რომელიც ვარშავიდან გაისმა. მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ინტერვენცია წამოიწყო, პოლონეთი და უკრაინა კიდევ უფრო დაუახლოვდნენ ერთმანეთს.
ვარშავამ, ფაქტობრივად, მოწინავე როლი ითამაშა, რათა მოკავშირეები დაერწმუნებინა, რომ უკრაინისთვის მძიმე შეიარაღება გადაეცათ. ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას ანჯეი დუდამ ასევე განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინას ჯამში საბჭოთა წარმოების 14 მიგ-29 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავს გაუგზავნის.
სიტყვით გამოსვლისას ვოლოდიმირ ზელენსკი მიესალმა ვარშავასა და სრულიად პოლონეთს და განაცხადა, რომ ისინი ერთად დგანან ხელჩაკიდებული და თავისუფლების წყურვილით გაერთიანებული. მან აღნიშნა, რომ უკრაინასა და პოლონეთს დიდებული ისტორია აქვთ. პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ აუცილებლად მიაღწევენ ბრწყინვალე გამარჯვებას, რომელიც კიდევ უფრო დააახლოებს ორ ქვეყანას ერთმანეთთან.
მოსკოვში კი პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს რუსეთში დანიშნული 17 ახალი ელჩის რწმუნებათა სიგელები გადაეცა. მათ შორის იყო აშშ-ის ახალი წარმომადგენელი ლინ ტრეისი. ცერემონიის დროს პუტინმა აღნიშნა, რომ აშშ-რუსეთის ურთიერთობები ღრმა კრიზისშია.
მოგვიანებით გაიმართა რუსეთის უშიშროების საბჭოს შეხვედრა, რომელსაც ვლადიმერ პუტინი თავმჯდომარეობდა. რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დასავლური სპეცსამსახურების წარმომადგენლები უკრაინას რუსეთში ტერორისტული თავდასხმების განხორციელებაში ეხმარებიან.