მთავარისაქართველოსაქართველო ახლა გზაგასაყარზეა - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლები

საქართველო ახლა გზაგასაყარზეა – ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლები

საქართველოში ამ ეტაპზე რეფორმების პროცესი შეჩერებულია, – ასე ფიქრობენ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლები, რომლებიც აკვირდებიან, როგორ ასრულებს საქართველო იმ ვალდებულებებს, რომელიც ქვეყანამ ევროსაბჭოს წინაშე აიღო.  მათი თქმით, აუცილებელია სასამართლო სისტემის რეფორმირების გაგრძელება, რათა მას ჰქონდეს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი არბიტრის როლი. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლები საქართველოში გასულ კვირას იმყოფებოდნენ, რის შემდეგაც ვიზიტის შესახებ განცხადება გამოაქვეყნეს.

„12 პრიორიტეტული მიმართულება ახალი არ არის საქართველოსთვის. მიუხედავად იმისა, რომ ასამბლეის მიერ 2022 წლის რეზოლუციის მიღების შემდეგ ნაწილობრივი რეფორმები განხორციელდა, ასამბლეის მიერ რეკომენდებული ჰოლისტიკური რეფორმა, რომელიც ეფუძნება სასამართლო რეფორმების წინა ტალღების მიერ მიღწეული პროგრესის სიღრმისეულ და დამოუკიდებელ შეფასებას, ჯერ კიდევ მისაღებია. საქართველო ევროპული ქვეყანაა. ევროპის საბჭოში გაწევრების შემდეგ საქართველომ ბევრი რეფორმა განახორციელა და მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს. ამავდროულად, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივისთვის ამ მნიშვნელოვან მომენტში, აშკარად ჩანს, რომ რეფორმების პროცესი ჩერდება“, – წერია დოკუმენტში.

დოკუმენტში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზეცაა საუბარი. კლოდ კერნი და ედიტ ესტრელა შემაშფოთებლად მიიჩნევენ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ უთანხმოებას.

ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ განცხადება მწვავეა, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხთან მიმართებით.

„დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე თავიდანვე ვამბობდით, რომ უკრაინაში სხვა კონტექსტია, საქართველოში სხვა და ეს თქვა სწორედ ვენეციის კომისიამ. პერსონიფიცირებულია ეს კანონმდებლობა, რაც გულისხმობს და აჩენს ძალიან დიდ რისკს, რომ ოპოზიციის დევნა შეიძლება დაიწყოს. ნებისმიერი ვალდებულება, რაც აქვს გაწერილი საქართველოს, მათმა შეუსრულებლობამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ზიანი, მათ შორის, კანდიდატის სტატუსის კუთხით. პოლარიზაციას რაც შეეხება, მიშელის დოკუმენტში ერთ- ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი ეხებოდა პოლარიზაციას, ზიზღის და იმ მძიმე ენის დაფარვა ვერ მოხდა მმართველი გუნდის მიერ და კიდევ უფრო მეტად გაღრმავდა მოქალაქეებთან მიმართებაში რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ“, – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ.

მმართველი გუნდის წარმომადგენლეთა აზრით, ეს მოხსენება გარკვეულ პოლიტიკურ სპეკულაციებს ემსახურება.

„ლაპარაკია იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილმა სათანადო მკურნალობა უნდა მიიღოს და თუ საჭიროა, ექიმების ჯგუფი საერთაშორისო დონეზე უნდა იყოს შეკრებილი. რასაკვირველია, ეს მისაღები და სწორია. ამასთან დაკავშირებით ხელისუფლების მხრიდან მზადყოფნა გამოხატულია. არის გარკვეული შენიშვნები, მაგრამ მთავარი თემა არის ის, რომ ოპოზიციამ და მმართველმა გუნდმა გარკვეულ საკითხებზე ერთად უნდა იმუშაოს. ის, რომ ამ ერთად მუშაობას წინაპირობა არ გააჩნია და ყველაფერი გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების მიერ გადაყვანილია დესტაბილიზაციის სცენარზე, ეს თემა თითქოს ამ მოხსენებაში არ არსებობს. სამწუხაროა, რომ ამას ვერ ხედავენ. მოხსენება გამოყენებულია გარკვეული პოლიტიკური სპეკულაციებისთვის”, – განაცხადა პარლამენტის პირვლემა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებელთა შეფასებით, საქართველო ახლა გზაგასაყარზეა. ისინი ქვეყნის ხელისუფლებასა და ყველა პოლიტიკურ ძალას მოუწოდებენ, გვერდით გადადონ ვიწრო პარტიული ინტერესები და ერთად იმუშაონ ყველა დაინტერესებულ მხარესთან, ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შესრულებსითვის, რათა საქართველომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

 

ანა ალელიშვილი

 

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend