მთავარისაქართველოროგორ უნდა შესრულდეს რეკომენდაცია დეპოლარიზაციის შესახებ - პოლიტიკური მოსაზრებები

როგორ უნდა შესრულდეს რეკომენდაცია დეპოლარიზაციის შესახებ – პოლიტიკური მოსაზრებები

ევროკავშირის 12 რეკომენდაციის სიის პირველ ნომრად, საქართველოს პოლიტიკურ ელიტას დეპოლარიზაცია ჩაუწერეს.

მომატებული პოლიტიკური პოლარიზაციის ფონზე, გამოცდილმა ევროპელმა პოლიტიკოსებმა ამით თქვეს, რომ დანარჩენი 11 პუნქტის შესრულება ამ პირველ პუნქტზეა დამოკიდებული. თუმცა დეპოლარიზაციისთვის, რაიმე კანონის მიღება შეუძლებელია. ეს პოლიტიკაში მყოფი აქტორების პოლიტიკურ ნებაზე დამოკიდებული ქმედებაა.

ხელისუფლება კვლავ აცხადებს, რომ პოლარიზაციის მთავარი წყარო ოპოზიციაა, რომელსაც კვლავ რადიკალურს უწოდებს.

„რა თქმა უნდა დეპოლარიზაციას ხელს არ უწყობს აგრესიული რიტორიკა. თუმცა ნახეთ, რომ ამ შემთხვევაში ინიციატორი იყო ოპოზიცია. თავად ხაბეიშვილი ამაყობდა იმ პლაკატებით, რომელიც მათ გამოაკრეს თბილისის ქუჩებში. პოლარიზაციის ინიციატორები ყოველთვის არიან რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, რაც ძალიან ცუდი და სამწუხაროა“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

ოპოზიციის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ ხელისუფლებაა პასუხისმგებელი ქვეყანაში პოლიტიკური დეპოლარიზაციის უზრუნველყოფაზე. მათი თქმით, სწორედ ხელისუფლების ხელშია ძალაუფლება, ბერკეტები და პასუხისმგებლობაც, რომ თავად იყოს პოლიტიკური პოლარიზაციის დაწყების ან დასრულების ინიციატორი.

“სამწუხაროა, რომ მთელი ეს პასუხისმგებლობა არის ხელისუფლებაზე. მასზეა დამოკიდებული როგორი პოლიტიკური გარემო იქნება ქვეყანაში. მან უნდა შექმნას სტაბილური გარემო და ურთიერთთანამშრომლობის მდგომარეობა, სადაც ყველა პოლიტიკურ მხარეს, საშუალება და სურვილი ერთმანეთს ეთანამშრომლონ. ეს უნდა იყოს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ყველას პასუხისმგებლობა, მაგრამ ხელისუფლებამ უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები დეპოლარიზაციისკენ“, – განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ბეჟაშვილმა.

სანამ ქართველი პოლიტიკოსები ერთმანეთს აბრალებენ თუ ვინ არის პოლარიზაციის, აგრესიის დათესვისა და ნეგატიური ემოციების გამავრცელებელი საზოგადოებასა და პოლიტიკურ ცხოვრებაში, „კონრად ადენაუერის ფონდის“ დირექტორი სამხრეთ კავკასიაში, მხარეებს ახსენებს, რომ დეპოლარიაზაცია ორ მხარეს შორის კონსენსუსზეა დამოკიდებული.

„მე ვერ გეტყვით დაზუსტებით, დგას თუ არა საქართველო სწორ გზაზე, თუმცა, ევროკავშირის რეკომენდაციიდან უპირველესი არის პოლარიზაციის დაძლევა. ჩემი აზრით, ეს არ ეხება მხოლოდ ერთ მხარეს. ეს ეხება ყველას. უმთავრესად რა თქმა უნდა „ქართულ ოცნებას“, მაგრამა ამავე დროს ოპოზიციასაც და საზოგადოებასაც.ყველამ უნდა მოიფიქროს, მისი მხრიდან როგორ მოახერხებს ხელი შეუწყოს პოლარიზაციის დასრულებას. პირველ რიგში, აუცილებელია ერთმანეთთან საუბრის დაწყება და იმის მოხერხება, რომ ერთმანეთი მტრად არ აღიქვან. მოწინააღმდეგე აუცილებლად მტერს არ ნიშნავს“, – აცხადებს შტეფან მალერიუსი.

გადაბრალებების მეთოდით, კიდევ უფრო გაღვივდება პოლარიზაცია თუ შემცირდება, ამის პროგნოზირება პოლიტიკურ ექსპერტებსაც უჭირთ და საერთაშორისო პარტნიორებსაც. ქვეყანა კი ევროკავშირის მორიგი ისტორიული გადაწყვეტილების მოლოდინში აგრძელებს ცხოვრებას.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend