როგორ ასრულებს საქართველო ევროკავშირის 12 რეკომენდაციას, რამდენად იმსახურებს ქვეყანა ევროპულ ერთობაში წევრობის კანდიდატის სტატუსს და იყო თუ არა სათანადოდ რეკომენდაციების შესრულებაში ჩართული ყველა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი. ამ საკითხებზე საპარლამენტო აქტორების პოზიციების მოსასმენად, პარლამენტში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები იმყოფებოდნენ.
დელეგაციამ შეხვედრები ჯერ ოპოზიციური ჯგუფების წარმომადგენლებთან ინდივიდუალურად გამართა. ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებით, მათ ევროპელ მონიტორებს უთხრეს, რომ კანდიდატის სტატუსს ხელისუფლება არა, მაგრამ ქართველი ხალხი იმსახურებს. ეს კი საქართველოს მოსახლეობამ მარტის აქციებით დაადასტურა.
“ჩვენი გზავნილია, რომ ქართველ ხალხს ეს შესაძლებლობა არ დავაკარგვინოთ იმის მიუხედავად, რომ ხელისუფლებაში გვყავს ძალა, რომელიც რუსული დეზინფორმაციისთვის დამახასიათებლად თავს ესხმის კოლეგებს, პარლამენტში ყოველ დღე ფიზიკურ ანგარიშსწორებას ვხედავთ, არ ასრულებს რეკომენდაციებს და უნდა ყველაფერი გააყალბოს. ამის მიუხედავად ხალხმა აჩვენა, რომ კანდიდატის სტატუსი ეკუთვნით და ჩვენ, ოპოზიცია გავაკეთებთ ყველაფერს, რომ მივიღოთ, თუმცა ამის სულ უფრო ნაკლები შანსი რჩება იმ ფონზე, როცა ქვეყნის მტრად აცხადებენ მეგობრებს, მტერს კი, უნდათ დაარქვან მეგობარი – პირდაპირი ფრენები უხარიათ, რაც ანტისახელმწიფოებრივი ქმედებაა. შეხვედრაზე დაფიქსირდა, რომ მათთვის შოკისმომგვრელია, რაც ხდება საქართველოს პარლამენტში. ეს არ არის საპარლამენტო მუშაობა, ეს არის ბრძოლა წესების გარეშე. სიტყვა “შოკისმომგვრელი” თავად გვითხრეს, როცა ვისაუბრეთ იმაზე, რაც ხდება პარლამენტში. კითხვაც კი არ აქვთ 12 პუნქტზე, მათ იციან, რა არის გასაკეთებელი. გაკეთებული არაფერია”,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
„ქართული ოცნების“, როგორც მმართველი პარტიის წარმომადგენლებს დელეგატები სულ ბოლოს შეხვდნენ. მანამდე კი პარლამენტის იმ კომიტეტების თავმჯდომარეებთან ჰქონდათ შეხვედრები, რომელთაც ევროკავშირის 12 პუნქტის შესრულების საკითხები ეხებათ. მათ შორის იყო იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, რომელიც ევრორეკომენდაციების შესრულებაში ერთ-ერთი წამყვანია. ამ კომიტეტს რამდენიმე საკვანძო საკითხი ავალია, მათ შორის დეოლიგარქიზაციის, მართლმსაჯულებისა და საარჩევნო რეფორმის სათანადოდ განხორციელება.
“მათი ინტერესის საგანს წარმოადგენდა თუ რა ნაბიჯებს გადავდგამთ ჩვენ იმ პუნქტებთან დაკავშირებით, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტს აქვს დარჩენილი. ეს არის “დეოლიგარქიზაციის შესახებ” კანონის პროექტი და ასევე, სასამართლოსთან დაკავშირებული საკითხები. ჩვენ მათ განვუცხადეთ, რომ ამ ორ საკითხთან დაკავშირებულ კანონპროექტებზე ვენეციის კომისიიდან და ეუთო/ოდირიდან მიღებული გვაქვს დასკვნები. ჩვენ ამ რეკომენდაციებთან დაკავშირებით გვექნება განხილვა, მსჯელობა და ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც თავსებადია საუკეთესო ევროპულ სტანდარტებთან, ვენეციის კომისიის მიდგომებთან, გათვალისწინებული იქნება. ასე იქნება ყველა კანონი მიღებული”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
საპარლამენტო სივრცის გარდა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაცია ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელობასაც შეხვდა. ეს უწყება ახალი შექმნილია და მისი ჩამოყალიბება ერთ-ერთი იყო ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან. მონიტორინგის ჯგუფის წევრებს შეხვედრების შემდეგ, მედიასთან განცხადება არ გაუკეთებიათ. სავარაუდოდ ისინი ევროპის საბჭოში დაბრუნების შემდეგ, თავიანთ მოსაზრებებს წერილობით მოამზადებენ, რომელსაც ერთგვარი ანგარიშის სახე ექნება.
ალეკო გვეტაძე