მთავარისაქართველოპრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით 31 მარტს წარდგება

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით 31 მარტს წარდგება

საქართველოს პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მოხსენებიდან ზუსტად ერთი კვირის თავზე, დეპუტატების წინაშე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წარდგება.

პრემიერისგან განსხვავებით, რომელიც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტში ინტერპელაციით დაიბარეს, პრეზიდენტი საქმიანობის წლიური ანგარიშით წარდგება. მმართველი პარტიის დეპუტატები ფრთხილად, მაგრამ ღია სათქმელით გამოხატავენ მოლოდინს.

„ქართული ოცნების“ წევრები სალომე ზურაბიშვილს წინასწარ ურჩევენ, რომ სანამ ხელისუფლებას გააკრიტიკებს, მანამ პრეზიდენტის ინსტიტუტს უფრო მეტად სცეს პატივი. ზოგიერთ დეპუტატს ევრორეკომენდაციების შესრულების პრეზიდენტისეული შეფასებაც აინტერესებს.

„ძალიან მიჭირს იმის პროგნოზირება თუ რა იქნება. საკითხები, რომლებთან დაკავშირებითაც სასურველია, რომ მოვისმინოთ განმარტება, ეს არის გასული წლის განმავლობაში განხორციელებული აქტივობების შეფასება, რამდენად იყო ორიენტირებული 12 პუნქტის შესრულებაზე, რა იყო მისი ინიციატივები ამ მიმართულებით, რომელმაც შეიძლება პროგრესი მოიტანა. ამას ნამდვილად დიდი ინტერესით მოვისმენდი პრეზიდენტისგან, მათ შორის შეხედულებებსა და შეფასებებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ სრულდება ეს 12 პუნქტი“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ოპოზიციონერი დეპუტატების მოლოდინები უფრო მკაფიოა „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ლიდერების მოლოდინებისგან განსხვავებით.

მმართველი გუნდის ოპონენტები ფიქრობენ, რომ სალომე ზურაბიშვილი თავის განცხადებებში შეუპოვარი, მკაცრად კრიტიკული და ამ მხრივ ობიექტური იქნება „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის მიმართ. ამისთვის კი მათი განცხადებით, პრეზიდენტს უამრავი მიზეზი აქვს.

„არსებობს რამდენიმე საკითხი, რაც ხელს უშლის პირდაპირ კანდიდატის სტატუსის მიღებას. იმაზე დიდი ეროვნული საკითხი, ვიდრე არის კანდიდატის სტატუსი, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან ერთად, საქართველოს არ აქვს. პირველი საკითხი, რაზეც პრეზიდენტის განცხადებები გვინდა მოვისმინოთ, არის 12-პუნქტიანი რეკომენდაციები, მათ შორის, მართლმსაჯულების საკითხი, რაზეც ყველა შეთანხმებულია, რომ კლანი არ უნდა მართავდეს მას, ასევე მნიშვნელოვანია დეოლიგარქიზაციის საკითხი, თუ როგორ უშლის ოლიგარქია ხელს საქართველოს ევროინტეგრაციას. ასევე, მედიასთან დაკავშირებული საკითხები არის ძალიან პრობლემური, მათ შორის ნიკა გვარამიას გათავისუფლების საკითხი, თუ ამ საკითხებზე არ ექნება გადაწყვეტილება, ექსპერტული შეფასებები არაფერს შეცვლის,”- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 31 მარტს გაიმართება. პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ სიტყვით მხოლოდ ფრაქციებისა და პოლიტიკური ჯგუფების ხელმძღვანელები გამოვლენ. რეგლამენტის შესაბამისად, სხვა სახის გამოსვლები და კითხვები ამ სხდომაზე არ იქნება. სალომე ზურაბიშვილი ყოველწლიურ მოხსენებას ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე წარადგენს.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend