„დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტზე საკომიტეტო განხილვა პარლამენტში მიმდინარე კვირას უნდა განახლდეს.
პარლამენტმა ორი მოსმენით მიღებული კანონპროექტი მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენაზე უკვე დააბრუნა, მას შემდეგ, რაც ვენეციის კომისიისგან შეფასებები მიიღო. ახლა დეპუტატებმა სწორედ ვენეციის კომისიის იმ რეკომენდაციებზე უნდა იმსჯელონ, რომლებიც საქართველოს პარლამენტს გამოეგზავნა.
საქართველოს პარლამენტმა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით 16 ნოემბერს მიიღო. შემდეგ კი განხილვა შეწყვიტა და ვენეციის კომისიაში გაგზავნა. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ვენეციის კომისიას არ ჰქონია არც ერთი კრიტიკული შენიშვნა, რომელიც კანონის მიღებასთან შეუთავსებელი იქნებოდა.
ვენეციის კომისიამ დეოლიგარქიზაციასა და საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტებზე დასკვნა რამდენიმე კვირის წინ გამოაქვეყნა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ „პერსონალური“ მიდგომისას ხდება ადამიანების სპეციფიკური კრიტერიუმებით შერჩევა და მათთვის „ოლიგარქების“ დარქმევა.
კომისიაში მიაჩნიათ, რომ ამგვარი მიდგომა რისკებს შეიცავს, რომ დასახული მიზნების მიღწევის ნაცვლად მოხდება ადამიანის უფლებების დარღვევა. ამასთან, ვენეციის კომისია აცხადებს, რომ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების ფონზე, კიდევ უფრო დიდია რისკი, რომ მიღების შემთხვევაში, აღნიშნული კანონპროექტის გამოყენება ოპოზიციის წინააღმდეგ მოხდება.
ანა ალელიშვილი