ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ბელარუსში ბირთვული შეიარაღების განთავსებას გეგმავს. თუმცა შეერთებულ შტატებში ფიქრობენ, რომ არ არსებობს რაიმე მინიშნება, რომ რუსეთს მეზობელ ქვეყანაში ამ სახის შეიარაღება გადაეტანა. რუსეთის პრეზიდენტის განცხადება მყისიერად დაგმეს ნატოში და სახიფათო და უპასუხისმგებლო რიტორიკად შეაფასეს.
ევროკავშირის უმაღლესი კომისარი საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი ბელარუსს აფრთხილებს და მოუწოდებს, საკუთარ ტერიტორიაზე რუსული ბირთვული იარაღი არ განათავსოს.
მან ტვიტერზე დაწერა, რომ ბელარუსის ტერიტორიაზე ბირთვული შეიარაღების განთავსება იქნება უპასუხისმგებლო ქმედება, რომელიც გამოიწვევს ესკალაციას და რისკის ქვეშ დააყენებს ევროპის უსაფრთხოებას. მისი თქმით, ბელარუსს შეუძლია ამის შეჩერება და ეს მათი არჩევანია. ჯოზეფ ბორელი დასძენს, რომ ევროკავშირი მზადაა მორიგი სანქციებისთვის.
ბელარუსის ლიდერი ალექსანდერ ლუკაშენკა ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირეა. მან გასულ წელს რუს სამხედროებს მისცა უფლება, უკრაინაში შესაჭრელად მისი ქვეყანა პლაცდარმად გამოეყენებინათ.
რუსეთში ამბობენ, რომ ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული შეიარაღების განთავსება დასავლეთის მიერ უკრაინისთვის მზარდი სამხედრო დახმარების საპასუხო ნაბიჯია. კრემლში ასევე აცხადებენ, რომ ვაშინგტონს ბირთვული იარაღი აქვს შეტანილი ბელგიაში, გერმანიაში, იტალიაში, ნიდერლანდებსა და თურქეთში. უკრაინული მხარე კი გაეროს უსაფრთხოების საგანგებო სხდომის მოწვევას ითხოვს.