სოციალური ქსელის ქართულ სეგმენტში აქტიური განხილვის საგანი სექსუალური შევიწროება გახდა. საქმე ეხება ტელეკომპანია „პოსტივის“ დირექტორს შალვა რამიშვილს, რომელსაც ერთდროულად სამი ქალი შევიწროებაში ადანაშაულებს.
თავად შალვა რამიშვილის თქმით, კი ეს არის ცილისწამების კამპანია, რომელიც მის წინააღმდეგ ააგორეს.
ფეისბუკზე პირველი პოსტი, რომლის შემდეგადაც დაიწყო სექსუალური შევიწროების განხილვა სოციალურ ქსელში, 20 მარტს გამოქვეყნდა.
პოსტში ჟურნალისტმა მაკო ჯაბუამ გაიხსენა, 7-8 წლის წინ მომხდარი ამბავი, როდესაც ის სამსახურის ეძებდა და გასაუბრება გაიარა Post-tv-ის დირექტორ შალვა რამიშვილთან. მაკო ჯაბუას თქმით, გასაუბრების შინაარსი სულ უფრო უხერხული ხდებოდა და ის მათ შორის გამართულ დიალოგს დეტალურად აღწერს.
ამ პოსტის შემდეგ კიდევ ერთმა ქალმა გაიხსენა შალვა რამიშვილთან დაკავშირებული ამბავი და გამოაქვეყნა მათი მიმოწერის „სქრინშოთები“. ეს შემთხვევაც სამსახურის ძებნას და ახალი თანამშრომლების აყვანას უკავშირდება.
კიდევ ერთი პოსტი დაიდო ფეისბუკზე, რომელშიც ანანო იაშვილი აცხადებს, რომ ისიც გახდა სექსუალური შევიწროების მსხვერპლი.
ქალების საჯარო პოსტებს მალევე გამოეხმაურა ტელეკომპანია “პოსტივი” ფეისბუკზე, სადაც წერენ, რომ მათ წინააღმდეგ გამძაფრდა თავდასხმა და ამ კამპანიაში ჩართულები არიან ე.წ. ლიბერალური ჯგუფები, რომლებსაც ტელევიზიის რეიტინგის ზრდისთვის სურთ ხელის შეშლა.
მიმდინარე მოვლენას გამოეხმაურნენ მმართველ პარტიაშიც. საქართველოს პარლამენტის გენდერული საბჭოს თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა განცხადება გამოაქვეყნა თავის ფეისბუკზე სადაც წერს, დამნაშავე უნდა დაისაჯოს, თუმცა “ერთი ხელის მოსმით დაბრალება არანაკლებ მძიმეა”.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში სდებენ ბრალს. 2018 წელს სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა გადაწყვეტილება, რომელიც შეეხებოდა თათია სამხარაძის ბრალდებას შალვა რამიშვილის მიმართ. მაშინ სასამართლომ რამიშვილს მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.