რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-სთან, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის ხელმძღვანელის განცხადებით – რუსეთი და საქართველო პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენისა და უვიზო მიმოსვლის დაწესების ზღვარზე არიან. – ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო “ტასი” ავრცელებს.
“მე ვესაუბრე უმაღლესი რანგის ბევრ ოფიციალურ პირს, ძალიან მგრძნობიარე საკითხებზე, რომლებიც უნდა გადავწყვიტოთ – არის საჰაერო მიმოსვლა და რუსეთში ვიზების გაუქმება. უნდა ვთქვა, რომ ჩვენ ამ გადაწყვეტილებების “ზღურბლთან ვართ”, – ამბობს ლეონიდ კალაშნიკოვი. მან ასევე განაცხადა, რომ რთულია ითქვას, როდის მიიღებენ ამ გადაწყვეტილებებს ან რა თანმიმდევრობით.
რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა 2019 წელს, მას შემდეგ შეწყდა, რაც 20 ივნისს თბილისში საქართველოს მოქალაქეების აღშფოთება და საპროტესტო აქციები გამოიწვია პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატის მიერ დაკავებამ.
სწორედ ამ მოვლენების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას და რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოს მიმართულებით ფრენები აეკრძალათ.