მთავარიგადაცემებითვითმხილველიესპანეთში ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალები დუმილს არღვევენ

ესპანეთში ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალები დუმილს არღვევენ

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ესპანეთში ევროკავშირში ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი და პროგრესული კანონმდებლობა მოქმედებს გენდერული ძალადობის წინააღმდეგ. ამის მიუხედავად, გასულ წელს კიდევ 50 ქალი მოკლა პარტნიორმა მამაკაცმა. მართალია, ეს რიცხვი ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე დაბალია, მაგრამ თავისთავად ტრაგიკულია და თან ბოლო წლებში მსხვერპლთა რაოდენობა არ მცირდება.

რა მუშაობს კარგად და  რა უნდა გაუმჯობესდეს? ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად “ევრონიუსის“ კორესპონდენტი ხულიან ლოპესი ესპანეთის სამხრეთში ჩავიდა, სადაც  სამართლის ექსპერტებსა  და  ძალადობის მსხვერპლ ქალებს შეხვდა.

დარღვეული დუმილი

მაკარენა გარსია პერესი პირველად ქმარმა ქორწილის წინა დღეს სცემა. ძალადობა 23 წელი გაგრძელდა.

თავსგადხდენილ ძალადობას მაკარენა ასე ყვება: „იყო ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური თუ სოციალური ტიპის ძალადობა… ყველა სახის. ჩემი აზრით, ფსიქოლოგიური აგრესია ყველაზე უარესია. პირველ რიგში, იმიტომ, რომ ვერ დაამტკიცებ. მეორეც იმიტომ, რომ ამ ტიპის ტრავმების გადალახვა უზარმაზარ ძალისხმევას მოითხოვს“.

ახლა მაკარენა სასტუმროში მუშაობს. მასზე მოძალადე  ახლა ციხეშია. ახლა იგი თავისუფალია და ქუჩის ზაღლების თავშესაფრის გაკეთებას აპირებს, რათა მიუსაფარ ცხოველებს ის სითბო და სიყვარული აჩუქოს, რომელიც თავად აკლდა.  მაკარენას აზრით, ცხოველებთან ყოფნა თერაპიულია: “მჯერა, რომ თუკი ცხოველები მე დამეხმარნენ, ისინი სხვა ქალებსაც დაეხმარებიან.“

„ქალების ორმოცი პროცენტი ვერ აცნობიერებს, რომ მასზე ძალადობენ.  ჩვენი კომპანიის თანამშრომლები გადამზადების კურსებს გადიან, ისინი ე.წ. აგენტები არიან, რომლებიც მოქმედებენ გენდერული ნიშნით ძალადობის გამოსავლენად, მათ უნდა შეამჩნიონ უჩინარი მსხვერპლი და დაეხმარონ დუმილის დარღვევაში.ჩვენ არ ვქმნით პრობლემას, ჩვენ გამოსავალს ვეძებთ,“ – ამბობს   ანა ბელა ესტევესი, რომელიც ოჯახური ძალადობის მსხვერპლია. იგი 11 წელი უძლებდა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას. მან თავის ოთხ შვილთან ერთად თავშესაფარი იპოვა. მაგრამ იგი ამბობს, რომ დამალვა აღარ არის გამოსავალი და  და ფონდი  ANA BELLA დააფუძნა. ამ ფონდში 30 ათასი ქალი მუშაობს, რათა 82 ქვეყნიდან მოსული ძალადობის მსხვერპლი ქალებს ფსიქოლოგიური და იურიდიული დახმარება აღმოუჩინონ. გარდა ამისა, ფონდში სპეციალურ სემინარებსაც აწყობენ ძალადობის პრევენციის მიზნით.

რესურსების დეფიციტი კანონის აღსრულებას აბრკოლებს

ფონდ  ANA BELLA-ის იურისტები ამბობენ, რომ არსებული კანონმდებლობა საკმაოდ კარგია, მაგრამ ქვეყანას მისი აღსრულების სათანადო რესურსი არა აქვს.  მაგალითად დღეის მდგომარეობით, 75 ათას ძალადობის მსხვერპლ ქალს სჭირდება დაცვა სპეციალური  ელექტრონული მონიტორინგის სისტემის საშუალებით. მაგრამ შესაბამისი მოწყობილობა მხოლოდ 3500 ქალს ჰყოფნის.

სასამართლო სისტემის გენერალური საბჭოს გენდერული ნიშნით ოჯახური ძალადობისგან დაცვის ობსერვატორიაში ამბობენ, რომ აუცილებელია ინვესტიციების ჩადება, რათა სპეციალიზებული სასამართლოები სრულყოფილად იყოს აღჭურვილი და ქალებმა სოციალური დახმარება მიიღონ. რესურსებოს დეფიციტის გამო ბევრ ქალს უკან გააქვს საჩივარი.

პასუხისმგებლიანი მამაკაცი

ტოქსიკური მამაკაცებისგან მომდინარე ძალადობის პრევენციის მიზნით,  აუცლებელია განათლება. დავიდ სერონი, FUNDACIÓN INICIATIVA SOCIAL-ის სოციალური განათლების მუშაკი, რომელიც სემინარებს აწყობს პასუხიმგებლიანი მამაკაცების აღსაზრდელად, თვლის, რომ თუ აგრესიულ ქცევაზე არავინ ისაუბრებს, ვერავითარი კანონი ვერ იმუშავებს.

მოზარდი ბიჭების ერთ ჯგუფს დავიდი ასე ესუბრება:

„არსებობენ ისეთი ბიჭები, რომლებიც თვლიან, რომ უფლება აქვთ, გოგოები აკონტროლონ და ქალებზე იძალადონ.  ეს მიდგომა ან თავად მოზარდმა ბიჭებმა უნდა შეცვალონ,   ან ვეღარავინ შეცვლის მათ, რამდენი კანონიც არ უნდა აამოქმედო.“

„ ბიჭები ადრეული ასაკიდანვე ზრუნავენ თავიანთ მამაკაცურობაზე. ტრადიციულად, ეს ვარჯიშსა და ძალას უკავშირდება, ასევე ძალადობას. ამიტომ რაც უფრო ადრე მიხვდებიან, რომ მამაკაცურობა ძალის დემონსტრირება და ფიზიკური ძალით თავის მოწონება არ არის, მით უფრო მალე შეძლებენ თანდათან თანასწორი და ჯანსაღი კონცეფცია შეიმუშაონ,“ – ასე დაასრულა დავიდმა საუბარი.

ავტორი: ხულიან ლოპესი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend