მთავარიევროპასაფრანგეთიპარიზში პოლიციასთან შეტაკების შემდეგ ასზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს

პარიზში პოლიციასთან შეტაკების შემდეგ ასზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზსა და სხვა ქალაქებში კვლავ გრძელდება საპროტესტო აქციები. დემონსტრანტები აპროტესტებენ პრეზიდენტ მაკრონის გადაწყვეტილებას, რომელიც საპენსიო ასაკის 62-იდან 64 წლამდე გაზრდას ითვალისწინებს. აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა ელისაბედ ბორნმა კანონპროექტის მისაღებად კონსტიტუციის გარკვეული მუხლი გამოიყენა, მიუხედავად იმისა, რომ მას საპარლამენტო უმრავლესობა მხარს არ უჭერდა.

„აქ ბევრი ახალგაზრდაა მოსული. ხალხს ჰგონია, რომ ეს ჩვენ არ გვეხება, სინამდვილეში ეს ყველას საქმეა. ჩვენს ბებიებსა და ბაბუებს ახლა უფრო დიდხანს მოუწევთ მუშაობა, ამით კი ყველაფერი გაუარესდება. ბოლო 20 წლის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ კაპიტალიზმზე მორგებულ ლიბერალურ პოლიტიკას. თუმცა ახლა ახალგაზრდები მიხვდნენ, რომ ხალხი ყველაფერზე მაღლა დგას“, – ამბობს აქციაზე მისული სტუდენტი შოლა.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ნორმალურ მომავალს ვერ ვხედავთ. რასაც ვფიქრობდით და რისი იმედიც გვქონდა მომავალში, ფაქტობრივად, წაგვართვეს. სწორედ ამიტომ ვარ აქ”, – ამბობს კიდევ ერთი სტუდენტი მარი.

„ამ საპროტესტო აქციებითა და გამოსვლებით მაკრონი იძულებული გახდება, უკან დაიხიოს. ახლა აქ ისეთი საპროტესტო ტალღაა, რომ უკან დახევას არავინ პირებს”, – ამბობს აქციის მონაწილე ედგარი.

პარიზში პოლიციასთან შეტაკების შემდეგ ასზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს. პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებით, საფრანგეთის ახლანდელი საპენსიო სისტემა ქვეყანას ძალიან ძვირი უჯდება.

ხელისუფლება ამ კანონპროექტის მიღებას აპირებს. მომდევნო აქცია ხუთშაბათსაა დაგეგმილი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend