მთავარიMagazinesკარიერის ინჟინრების თავგადასავალი

კარიერის ინჟინრების თავგადასავალი

აი აქ, ამ ფართო და თითქოს უძირო კარიერზე რამდენი სპეციალისტი უნდა მუშაობდეს. რამდენი ცოდნა და გამოცდილებაა საჭირო, ამ ქანების ამოსაცნობად, მოსაპოვებლად, დასამუშავებლად? ამისთვის ბევრი ინჟინერი და ბევრი ოსტატია საჭირო.  ეს ოსტატები მუდმივად სჭირდება ასეთ საწარმოებს. ამიტომ დღეს ყველა კარგ ინჟინერს ეძებს.

ეს კაზრეთის ისტორიული ღია კარიერია, სადაც მე-20 საუკუნიდან მოიპოვებენ წიაღისეულს. კარგი ინჟინრების პრობლემა ამ საწარმოსაც დაუდგა. ტექნიკური დარგების საუკეთესო სპეციალისტები, რომლებითაც საქართველო ყოველთვის გამოირჩეოდა, რაღაც პერიოდის შემდეგ სანთლით საძებარი გახდა. ეს ის დრო იყო, როცა მომავალი და შედარებით კარგი ანაზღაურება ძალიან კონკრეტული სპეციალობების ხვედრი გახდა. ამიტომაც ნელ-ნელა გაქრა მოტივაცია და სურვილი. აბა, რამდენ ახალგაზრდას იპოვით, ვისაც მბურღავობა ან მარკშეიდერობა უნდა.

„RMG, როგორც ისტორიული კომპანია, რომელიც 1975 წლიდან საქმიანობს საქართველოში, ამას ყველაზე ნათლად ხედავდა, იმიტომ, რომ თაობათა ცვლა არ ხდებოდა და ეს კომპანიის მენეჯმენტის მხრიდან აღქმული იყო როგორც ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა. გამოსავლად მოიძებნა ის, რომ გვერდით დავდგომოდით იმ უნივერსიტეტს, რომელიც მსგავსი პროფესიის ადამიანებს ამზადებს, ანუ ტექნიკურ უნივერსიტეტს და მათთან ერთად გამოგვესწორებინა არსებული მდგომარეობა“, – ამბობს გიორგი ჩხეიძე, RMG-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, HR საკითხებში.

კომპანია RMG-მ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობა დაიწყო 2018 წლიდან, კომპანიამ სტუდენტებისათვის სტიპენდიები დააწესა და 5 წლის განმავლობაში ეს სტიპენდია 80-ამდე სტუდენტმა მიიღო. პარალელურად, ამოქმედდა  RMG-ის საზაფხულო სკოლა. ყოველ აგვისტოს საგანგებო კონკურსით შერჩეული სტუდენტები კომპანიის დაფინანსებით კაზრეთში მიდიან, სადაც უშუალოდ საწარმოში და სამუშაო ველზე გადიან სწავლებას. შემდეგ კი მესამე ეტაპი დადგა, 2019 წლიდან RMG-მ ტექნიკური უნივერსიტეტის განსაკუთრებით წარმატებული სტუდენტებისთვის ინდივიდუალური განვითარების პროგრამა შეადგინა, რომლის მიხედვითაც 10-ამდე სტუდენტს დასაქმებას სთავაზობენ.

სტუდენტებს საწარმოში გამოცდილი მენტორები ხვდებიან. გეოტექნიკოსი ქეთი ბენაშვილი ერთ-ერთია, მათ შორის. თავადაც ახალგაზრდა გეოლოგია, მაგრამ უკვე ოთხი წელია RMG-ში მუშაობს და საკმაო გამოცდილება დააგროვა.

„გეოლოგი ყველა ვერ იქნება. ამ პროფესიის არჩევა კი ნიშნავს, რომ პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით მყარად ვიდგეთ მიწაზე. აქვს ძალიან დიდი ხიბლი, ბევრი სირთულე. არის რაღაცები, რაც მხოლოდ გეოლოგებს შეგვიძლია. მე უკვე ძალიან დიდ განსხვავებას ვატყობ, ჩემსა და ჩემ შემდეგ თაობებს. ინტერესი გაათმაგებულია. ამაში ლომის წილი მიუძღვის RMG-ის. RMG-ის მხრიდან მათკენ მიმართული ყურადღება სტუდენტებისგან ძალიან კარგად არის აღქმული.

აქ მუშაობს ხალხი, რომელიც საწარმოს დაარსების დღიდან ჩვენს თანამშრომლებად ითვლებიან. ისინი უზიარებენ გამოცდილებას ახალგაზრდებს და ჩვენ ამ ახალგაზრდებიდან უნდა მივიღოთ პროდუქტი, რამაც უნდა უზრუნველყოს, რომ ჩვენი საწარმო გადავიდეს მთლიანად თანამედროვე რელსებზე. საზაფხულო სკოლა ყოველთვის იმართება აგვისტოს თვეში. ვინც ამ საწარმოო ფერხულში ვართ ჩართული, ამ პერიოდში ყველას უკვე ენერგია გვაქვს გამოლევისკენ, მოდიან ეს ბავშვები და ყოველ დილით ვხვდები, რომ ჩვენ ხანდახან  დაღლილები ვართ, მაგრამ ისინი თვალებში შემოგვციცინებენ, რომ გაუჩნდეთ ინტერესი გეოტექნიკის მიმართ“, – გვეუბნება ქეთი ბენაშვილი, RMG-ის გეოტექნიკური სამსახურის უფროსი.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს მოციმციმე თვალები და ინტერესი არ ჩაქრეს და არ გახუნდეს. ქეთი ცდილობს. ცდილობენ მისი კოლეგებიც.  RMG-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გიორგი ჩხეიძე სამთო გეოლოგიური პროექტების ცენტრზე საუბრობს, რომელიც RMG-ის დაფინანსებით შეიქმნა.   ამ ცენტრში პროფესიებს თანამედროვე კომპიუტერულ ტექნოლოგიაზე დაყრდნობით სწავლობენ.

„ბოლო წლების განმავლობაში ნაკლები პოპულარობით სარგებლობდა ისეთი ტექნიკური პროფესიები, რომლებიც RMG-ისთვის არის აქტუალური, იგივე სამთო მიმართულება, გეოლოგია. პოპულარობა ჰქონდა დაკარგული და შესაბამისად, ნაკლები იყო ინტენსივობა იმ სტუდენტებისა, რომლებიც ამ ფაკულტეტზე აბარებდნენ და სპეციალისტებისა, რომლებიც საბოლო ჯამში ქვეყანას ეყოლებოდა“, – ამბობს RMG-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე HR საკითხებში გიორგი ჩხეიძე.

და შედეგი, თურმე, სულ მალე გახდა თვალსაჩინო.

„იმთავითვე გამოიწვია დაინტერესება ამ ფაქტმა და სტუდენტების რაოდენობა, მსურველების, რომლებიც ასეთ პროგრამებში იქნებოდნენ ჩართულები, მკვეთრად გაიზარდა. მოუხედავად პანდემიისა, ბოლო 2 წლის განმავლობაში 350 სტუდენტი მაინც იყო ჩართულ სხვადასხვა პროექტში და სხვადასხვა კონკურსში. აქედან 90 სტუდენტამდე იღებდა ერთი წლის განმავლობაში სტიპენდიებს, რომლებიც RMG-მ დააწესა. გარდა ამისა, ეს პარტნიორი ორგანიზაცია ანაზღაურებადი სტაჟირების საშუალებას გვაძლევს. პროფესიულ განვითარებაში დიდი მნიშვნელობა აქვს ასეთ ღონისძიებებს“, – გვეუბნება ანზორ აბშილავა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო გეოლოგიის მიმართულების დეკანი.

„ამან ძალიან გაამართლა. თუ პირველ წელს იყო 20-ამდე სტუდენტი, შარშან იყო 60 სტუდენტი. ისინი 5 სხვადასხვა მიმართულებაზე იყვნენ განაწილებულები. ჩაატარეს შუალედური და დასკვნითი პრეზენტაციები და ძალიან საინტერესო პროექტი გამოვიდა. მესამე კი ჩვენთვის ძალიან ღირებული და ძვირფასი პროექტია, ეს არის ინდივიდუალური განვითარების გეგმა, როდესაც მენეჯმენტმა გასაუბრებითა და ტესტირებებით არჩია რამდენიმე ახალგაზრდა და მათ დაუსახა ერთწლიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც დეტალურად არის გაწერილი სხვადასხვა საამქროში და მიმართულებაში, სადაც ახალგაზრდებს ეძლევათ შესაძლებლობა, გაიარონ ერთთვიანი ან ორთვიანი პრაქტიკა“, – ამბობს გიორგი ჩხეიძე, RMG-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე HR საკითხებში.

ირაკლი გაჩეჩილაძე სამთო ინჟინერია. ახლა RMG-ის ინდივიდუალური განვითარების პროგრამაში მონაწილეობს. შესარჩევი ეტაპების გავლის შემდეგ კომპანიის წარმომადგენლებმა მისი კარიერული განვითარების ერთწლიანი ინდივიდუალური გეგმა შეადგინეს. ამ გეგმის მიხედვით ირაკლი უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ინტენსიურ პრაქტიკას გაივლის საწარმოში.

„ჩემი და RMG-ის ურთიერთობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო. პირველად საზაფხულო სკოლის მონაწილე ვიყავი, სადაც ერთთვიანი სტაჟირება გავიარე. შემდეგ სასტიპენდიო გასაუბრებაში მივიღე მონაწილეობა, სადაც კომპანიის რჩეული გავხდი და ერთწლიანი სტიპენდია გადმომეცა. დღესდღეობით კი ვარ პროექტ „ინდივიდუალური განვითარების სკოლის“ მონაწილე, რაც ერთწლიან სტაჟირებას გულისხმობს, სხვადასხვა ძირითად მიმართულებაზე, რაც სამთო საქმესთან ახლოს არის.

სტაჟირების დასრულების ეტაპზე თვითონ ეს პროექტი გულისხმობს იმას, რომ კომპანია დამეხმარება დასაქმებაში, რაც ასევე ჩემი სურვილიც არის. აქ მაქსიმალურად ყურადღებას აქცევენ ჩემს პიროვნულ განვითარებას, ცოდნის გაღრმავებას და მაქსიმალურად მიწყობენ ხელს კარიერულ წინსვლაში. ვინაიდან მე ვარ მაგისტრატურის სტუდენტი, კომპანია ხელს მიწყობს და მეხმარება იმაში, რომ არ ჩამოვრჩე სასწავლო განრიგს. მაქვს შესაძლებლობა, რომ კვირაში 2 დღე დავესწრო ლექციებს, ხოლო სამი დღე სტაჟირების ფარგლებში ვიყო ამ ტერიტორიაზე. მე არ მიწევს ერთსა და იმავე ადგილას გაჩერება. აქედან გამომდინარე, ყოველთვის ვიცვლი სამუშაო სპეციფიკასა და გარემოს, ეს ყველაფერი საინტერესოც არის და რთულიც, რა თქმა უნდა, თუმცა ამ სირთულეში არის ის ინტერესი, რომ ეს სფერო შეისწავლო და განავითარო საკუთარი თავი ამ დარგში“, – გვიყვება ირაკლი გაჩეჩილაძე, RMG-ის ინდივიდუალური განვითარების პროგრამის მონაწილე.

სამთო ინჟინრობას თუ გადაწყვეტ, თავი ველზე და ექსპედიციებში წარმოგიდგენია, ზურგჩანთითა და კარვებით რომ უნდა შემოიარო მთები და ველები.  გუგლი და კომპიუტერი მაინცადამაინც არ უნდა სჭირდებოდეს თითქოს ამ საქმეს. მაგრამ ირაკლი სულ სხვა რამეს ამბობს.

„ამ დარგის სპეციფიკა არის ის, რომ მოიძიო დიდი ინფორმაცია, თუ არ გაქვს ინფორმაცია, ეს შეგიქმნის დიდ პრობლემას. საქმეს სწორად ვერ გააკეთებ, ამიტომ ყოველთვის უნდა იყო მოტივირებული, რომ განავითარო საკუთარი თავი, არ ჩამორჩე სიახლეებს ამ დარგში“, – გვეუბნება ირაკლი გაჩეჩილაძე.

ია გოგავა მარკშეიდერია, ახალგაზრდა და ძალიან მონდომებული სპეციალისტი.

– “ცისფერი მთები” ნანახი გაქვს?

– “ცისფერი მთები” ნანახი მაქვს… მარკშეიდერი და სამთო ინჟინერი ერთი და იგივე პროფესიაა და ნამდვილად საჭირო.

და მერე გულიანად ჰყვება, რა ავალია და  რას აკეთებს კარიერზე მარკშეიდერი.

„მარკშეიდერის ყოველდღიური საქმიანობა იწყება დილის 8 საათზე – იწყება ჭაბურღილების, ე.წ. მოედნების გადაღება და გასინჯვა, რამდენად შეიცავს მადნიან სხეულებს. ასევე საქმიანობაში შედის ექსკავატორების ჰორიზონტების კონტროლი, იგი არ უნდა აღემატებოდეს დაშვებულ ნორმებს. ეს მოწყობილობა მონაწილეობს 3D განზომილების წერტილის მქონე დაგეგმარებაში, გვეხმარება დაკვალვით სამუშაოებში, რომლებიც მოიცავს მადნიანი სხეულის გამოყოფას აფეთქებულ მასაზე, ექსკავატორების ჰორიზონტების განსასაზღვრავად, მის წესრიგში მოსაყვანად, ასევე კარიერის დასკანერება“, – ამბობს ია გოგავა.

RMG საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის სპეციალურ სტიპენდიებსაც აწესებს. სტიპენდიატები კი საწარმოში პრაქტიკას გადიან, რაც სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, თავიანთ სფეროში უახლეს ტექნოლოგიებსა და მიდგომებს გაეცნონ. ყველაფერი უახლესი და ყველაფერი თანამედროვე… ეს არის, რაც სტუდენტებსა და ახალბედა სპეციალისტებს მოსწონთ და რასაც ისინი აფასებენ საწარმოსა და უმაღლეს სასწავლებელს შორის თანამშრომლობაში.

„ვარ გეოლოგის მაგისტრანტი, ვირიცხები რესურსების გეოლოგიის დეპარტამენტში, სადაც რამდენიმე ძირითადთ მიმართულებაზე ვმუშაობთ. ესენია რესურსების გეოლოგია, გეოლოგიური კარტირება, სამი დე მოდელირება, ისეთი დისციპლინების დახმარებით, როგორიც არის აეროფოტოგრამეტრია და სხვა. ძალიან მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ აღნიშნულ სამსახურში სრულად ხდება ძალიან მაღალი დონის საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინება, რომლებიც არსებობს წამყვან სამთო სამრეწველო ქვეყნებში და მისი დანერგა ყოველდღიურ პროფესიულ საქმიანობაში ჩვენს საწარმოო ტერიტორიაზე. მიხარია, რომ მაქვს საშუალება ჩართული ვიყო ასეთ მნიშვნელოვან პროცესებში, მივიღო ასეთი მნიშვნელოვან გამოცდილება და საბოლო ჯამში შევქმნათ ასეთი პროდუქტი, რომელიც პირველ რიგში, ჩვენი კარიერის, ჩვენი კომპანიის, რეგიონისა და ქვეყნის სამსახურში გვამყოფებს“, –  გვეუბნება იოანე ლომსაძე, RMG-ის სტიპენდიატი საზაფხულო სკოლიდან.

სამთო მოპოვებაში  ბურღვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საქმეა. მაგრამ რა არის მბურღავის პროფესია? მუდმივად ველზე ყოფნის რუტინა. უზარმაზარი ბურღის დადგმა და დამიზნება და მერე უსასრულოდ და მექანიკურად ბურღვა და ბურღვა.

მაგრამ 25 წლის მბურღავი მიხეილ გვენეტაძე ამბობს, რომ ეს სულაც არ არის ასე და მბურღავ, ფიზიკური მონაცემების გარდა კარგი თეორიული მომზადებაც სჭირდება. მერე მოულოდნელად ამბობს, რომ საერთოდაც, კარგი მბურღავი რომ იყო, ინგლისური ენა ზედმიწევნით უნდა იცოდეო.

რისთვის შეიძლება სჭირდებოდეს მბურღავს ინგლისურის კარგად ცოდნა?

„მნიშვნელოვანია, ახალგაზრდამ იცოდეს უცხო ენები, მნიშვნელოვანია წვდომა თანამედროვე ტექნოლოგიებზე, მექანიზაციაზე. ბურღვის მიმართულება მოიცავს გეოლოგიურ ცოდნასაც მცირე რაოდენობით და ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ ამ პროცესსაც. ბურღვის პროცესი ჯაჭვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია საწარმოო პროცესში. ჩვენ მოვიძიებთ და ვიკვლევთ სხვადასხვა ტერიტორიაზე არსებულ მძიმე წიაღისეულის მარაგებს.

პროფესია მბურღავი გამოწვევაა ახალგაზრდებში და ზოგადად, პროფესია მბურღავი გამოწვევაა დასაქმების კუთხითაც, რადგან კადრების მცირე რაოდენობაა ამ პროფესიაში. ეს მოითხოვს ძალიან დიდ ენთუზიაზმს, შრომას, მონდომებას, უნდა იყო როგორც ფიზიკურად, ასევე გონებრივად მზად, უნდა აუწყო ფეხი თანამედროვე ტექნოლოგიებს, უნდა გქონდეს უცხო ენის ცოდნის ბაზა და რესურსი. კლიმატური პირობებიც გამოწვევაა ჩვენთვის, რადგან ჩვენ გვიწევს მუდმივი შეგუება გარემოსთან. ეს გამოწვევაა როგორც შენი თავისთვის, ასევე შენ მუდმივად ბრძოლა გიწევს თვითშეფასებისა და შრომისუნარიანობის ასამაღლებლად“ა – გვიყვება მბურღავი მიხეილ გვენეტაძე, რომელიც RMG-ის სტიპენდიატია.

ბურღითა და ექსკავატორით ამოღებული მასალა ქიმიური ანალიზის ლაბორატორიაში მიდის. ჩვენ ახლა სწორედ ამ ლაბორატორიაში ვიმყოფებით, სადაც გეოლოგიური სინჯები კეთდება, რის მიხედვითაც უნდა დადგინდეს მადნის ხარისხი და შემადგენლობა.

“მიღებული შედეგები, ყველაფერი შეგვყავს სამუშაო ოქმებში და შემდეგ გადაეცემა შესაბამის სამსახურებს. ახლა თქვენ ხედავთ ჩვენს საანალიზო პროცესს – ეს არის ოქროს ანალიზი ორგანომეტრიული მეთოდით. სინჯი უკვე გადაყვანილია ხსნადობაში და ხდება ამ სინჯის შენჯღრევა, რომ შემდგომი ეტაპისთვის მზად იყოს“, – გვიხსნის იბრაგიმ მამედოვი, RMG-ის სტიპენდიატი და ქიმიური ლაბორატორიის თანამშრომელი.

იბრაგიმ მამედოვი მაგისტრატურის სტუდენტია და ამავე დროს, უკვე ამ ლაბორატორიაში მუშაობს.  ამბობს, რომ ბედნიერია, ასე მუშაობის შესაძლებლობა რომ მიეცა. აღწერს ქანების ქიმიასა და ტექნოლოგიურ დეტალებს, გვიხსნის, როგორ უადვილებს საქმეს უახლეს დანადგარებზე მუშაობის ცოდნა.

„ვსწავლობ ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრატურის დამამთავრებელ კურსზე. RMG-ში მოვხვდი სასტიპენდიო გასაუბრებით, კერძოდ ბაკალავრიატის მესამე კურსზე. გამოცხადდა სტიპენდიები წარმატებული სტუდენტებისათვის და მოვხვდი RMG-ის სტიპენდიატთა რიგებში. შემდეგ კი კომპანიამ შემომთავაზა სტაჟირება, რის შემდეგაც დავიწყე სტაჟირება. კერძოდ, სტაჟირება გავიარე კანადელ მეცნიერთან, გროვული გამოტუტვის მიმართულებით, შემდეგ კი სტაჟირება გავაგრძელე ქიმიური ანალიზის ლაბორატორიაში.

ახლა ვარ ქიმიური ლაბორატორიის ინჟინერ-ქიმიკოსი. მუშაობა მიწევს სხვადასხვა თანამედროვე დანადგარებთან. რომლებთანაც შეხება RMG-ში მუშაობის დაწყებამდე საერთოდ არ მქონდა. ამ ხელსაწყოებთან მუშაობა ვისწავლე აქ. იმედი მაქვს, რომ მომავალშიც კომპანია ხელს შემიწყობს პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაში, რათა უფრო და უფრო მეტი თანამედროვე ტექნოლოგია შევისწავლო და კომპანიას ტექნოლოგიების განვითარებაში დავეხმარო“, – გვეუბნება იბრაგიმი.

კაზრეთის კარიერის მახლობლად სპილენძის გამამდიდრებელი ფაბრიკაა,  რომელიც 1975 წლიდან მუშაობს. გადაიარაღების შემდეგ ფაბრიკა უახლესი ტექნოლოგიებით აღიჭურვა. სტუდენტები აქაც მრავლად არიან, RMG-ის სხვადასხვა პროექტის მონაწილე სტუდენტები  – საზაფხულო სკოლების, ინდივიდუალური განვითარების პროგრამების… ისინი გამოცდილი თანამშრომლების გვერდით მუშაობენ და ამბობენ, რომ ასეთი შესაძლებლობა ბევრ მათ თანატოლს არა აქვს.

„ვიცოდი RMG-ის სტიპენდიის შესახებ, მაგრამ თავიდან სამსახურის შემოთავაზებას არ ველოდებოდი, შემდეგ გასაუბრებაზე დამიბარეს და სამსახური შემომთავაზეს, რა თქმა უნდა, დავთანხმდი. უკეთესი ალტერნატივა არ მქონდა და ვერც ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ასე გამოვიდოდა. თითქოს წაკითხულიც, ნასწავლიც იოლი ჩანს, მაგრამ ადგილზე ყველაფერი სხვა დამხვდა, ყველაფერი ამოყირავდა, მაგრამ არ გამჭირვებია, მარტო მიმიშვეს, ყურადღებას მაქცევდნენ, ვინც როგორ რაც იცოდა, არავის არ დაზარებია. გაწერილი შეიძლება სხვა რაღაც არის, მაგრამ შენი თვალით შეჩვევა, სუნითაც კი ხვდები რა სჭირდება, როგორ სჭირდება პროცესს. რა აქვს ზედმეტი, რა ნაკლები, 2 თვეში უკვე ისე იყო, რომ ნელ-ნელა კარგად ვართმევდი თავს. თან ლაბორატორიებში გავლილი პრაქტიკებიც მეხმარებოდა, ყველაფერი ერთმანეთს შეეზავა და საბოლოდ კარგად გამოვიდა“, – გვიყვება მარიამ ჩუბინიძე, RMG-ის სტიპენდიატი, გამამდიდრებელი ფაბრიკის გეოინჟინერი.

მომავალი სპეციალისტებისათვის ხელშეწყობის ყველაზე განსაკუთრებული გზა ტექნიკურ უნივერსიტეტში ტექნოლოგიური ცენტრის გახსნაა, რომელიც 2021 წელს კომპანია RMG-ის ინიციატივითა და დახმარებით შეიქმნა.

ამ ცენტრში სამთო გეოლოგიის მიმართულების ყველა საფეხურის სტუდენტებს შეუძლიათ უახლესი ტექნიკითა და კომპიუტერული პროგრამებით ისწავლონ და იმუშაონ ბაკალავრებსაც, მაგისტრებსაც და დოქტორანტებსაც.

აი, სწორედ ახლა, ეს სტუდენტები 3D გეოლოგიური მოდელირების კურსს გადიან. მათ ამავე უნივერსიტეტის მაგისტრი და კომპანია RMG-ის თანამშრომელი საველე გეოლოგიურ პრაქტიკაზე მიღებული მონაცემების ციფრულად დამუშავებას ასწავლის.

„თანამედროვე კომპიუტერული პროგრამები ეხმარება სპეციალისტებს, რომ პირველ რიგში, უფრო მაღალი ხარისხით გააკეთონ სამუშაო, მიიღონ შესაბამისად მაღალი შედეგი, რომელიც დროის დაზოგვის მიზნითაც მნიშვნელოვანია. თუ ადრე შესაძლოა, კონკრეტული საბადოს მოდელირებისთვის საჭირო იყო ერთ წელი, ახლა სამ თვეში შესაძლებელია გაცილებით უფრო მაღალი ხარისხის გეოლოგიური მოდელების მიღება, ვიდრე, რა თქმა უნდა, იმ ტრადიციულით“, – ამბობს ბადრი გოგია, მინერალოგიის სამსახურის წარმომადგენელი.

ყველა სტუდენტისთვის ნაცნობი და მტკივნეული თემაა საზღვარგარეთ სწავლა და ის, რომ საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად, უცხოეთის პრესტიჟულ უნივერსიტეტებში მოსახვედრად და დაფინანსების მოსაპოვებლად, ხშირად გადამწყვეტი ის არის, გაქვს თუ არა რამე სამუშაო გამოცდილება.

RMG-ის პროექტები კი ამ გამოცდილების მიღების შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს და ეს ბევრისთვის კარიერული განვითარების მთავარი ბიძგი გახდა. ვახტანგ ბლუაშვილი RMG-ის ინდივიდუალური განვითარების ერთწლიანი პროექტის მონაწილე იყო. ახლა ის საფრანგეთში, ლოთარინგიის უნივერსიტეტში რესურსების ინჟინერიას სწავლობს.

„კომპანიის ჩართულობამ არა მხოლოდ ჩემი, არამედ ყველა სტუდენტის მოტივაცია კიდევ უფრო აამაღლა. ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ხედავ დიდი კომპანიებიდან ჩართულობას ახალგაზრდა თაობების განვითარებაში და ეს საკუთარ თავზე გამოვცადე. კომპანიაში გვექცეოდნენ როგორც მომავალ თანამშრომლებს. მე შემიძლია ვთქვა, რომ ეს დამოკიდებულება, ეს ხელშეწყობა დაფინანსების მხრივ, თუნდაც, ტრენინგების მხრივ იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ამ ერთწლიანმა პროგრამამ, ასევე უნივერსიტეტში მიღებულმა თეორიულმა ცოდნამ, მომცა შესაძლებლობა და დიდი სარგებელი. ის, რასაც ვხედავდი და ვსწავლობდი თეორიულად, ფაქტობრივად იმას ყოველდღე ვხედავდი პრაქტიკაში, რაც ყველზე მნიშვნელოვანია ზოგადად გეოლოგიაში. საბოლოო ჯამში ის, რომ დღეს ევროპაში ვარ და საფრანგეთში ვსწავლობ, ამ ყველაფერს დიდი როლი აქვს. ამ გამოცდილებას ცოდნის გარეშე, რაც მივიღე ცოცხალ წარმოებაში, ნამდვილად ვერ მივიღებდი მათ გარეშე“, – გვეუბნება ვახტანგ ბლუაშვილი, RMG-ის ინდივიდუალური განვითარების პროექტის მონაწილე.

ეს ამბავი სამთო და გეოლოგიური ფაკულტეტით დაიწყო. სამთოელებსა და გეოლოგებს იწვევდა კომპანია. მერე ქიმიისა და ეკოლოგიის მიმართულება დაემატა. მერე მანქანათმშენებლობა, ენერგეტიკა…  გიორგი ჩხეიძე ამბობს, რომ როცა ძალიან ბევრი ახალგაზრდა მოვიდა, გადაწყვიტეს ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტიც ჩაერთოთ პროგრამაში.

და იქნებ მართლაც, ასეთმა წამოწყებებმა მისცეს ბიძგი საინჟინრო საქმისა და განათლების განვითარებას. იქნებ და მართლაც, მალე დაბრუნდეს ქართველი ინჟინრების განსაკუთრებული სახელი და სულ უფრო მეტ ახალგაზრდას მოუნდეს ხიდების მშენებელი და გეოლოგი გახდეს.

კომპანია, რომელიც ამდენ რესურსს დებს მომავალი ინჟინრების მომზადებაში, ამდენ დროს, ფიქრსა და ხარჯებს გაიღებს,  ალბათ, მზად არის იმისათვის, რომ ეს კარგად მომზადებული სტუდენტები ერთ დღესაც მათი თანამშრომლები აღარ იქნებიან.

„პირველ რიგში იმედი გვაქვს, რომ იქნებიან ჩვენი თანამშრომლები და ამისთვის ალბათ ყველაფერს გავაკეთებთ. მათ საინტერესო და თავგადასავლებით სავსე ცხოვრების გზა ელოდებათ, თუ ეს ხალხი სამთოელი და გეოლოგები იქნებიან, ვფიქრობ, რომ საბოლოოდ მაინც აქ დაბრუნდებიან და ჩვენ შევძლებთ, რომ ისეთი პირობები შევთავაზოთ, რომ სხვაგან წასვლა არ მოუნდეთ. თუ არადა ვფიქრობ, გამოადგებიან ქვეყანასაც, სამყაროსაც და მსოფლიოსაც“, – ამბობს გიორგი ჩხეიძე, RMG-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე HR საკითხებში.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend