დასაქმებული მოსახლეობის ფულადი დანაზოგებით, რომელსაც საპენსიო სააგენტო განკარგავს, 2023 წლის მარტის მდგომარეობით, მთლიანი თანხის მოგება თითქმის 470 მილიონ ლარს შეადგენს. უწყებას მოსახლეობის ფულადი დანაზოგების ნაწილი რამდენიმე მიმართულებთ აქვს დაბანდებული, საიდანაც მოგებას იღებს. ამჯერად საპენსიო სააგენტო აპირებს, რომ თანხის ნაწილი სიანვესტიციო ფონდებს გადასცეს სამართავად, რისთვისაც კანონის პროექტზე მუშაობს. სააგენტოში ირწმუნებიან, რომ საინვესტიციო ფონდებში თანხის დაბანდებით, ბევრად მეტ მოგებას ნახავს. თუმცა, ჩვენს ქვეყანაში საინვესტიციო ფონდების კულტურა სუსტია და მათი რაოდენობა, როგორც საბანკო სისტემის ალტერნატივა, ძალიან მცირეა.
საპენსიო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი გიორგი მელიქიძე ამბობს, რომ მათი ეს ინიციატივა, ფონდების შექმნის მსურველებში ინტერესს გააჩენს.
„მიმდინარეობს კანონპროექტის შექმნა, რომელსაც ჩვენი სააგენტო ეკონომიკის სამინისტროს, ეროვნული ბანკის ადა საერთაშორისო პარტნიორობის ჩართულობით ვქმნით. ამ კანონის მიღების შემთხვევაში, საინვესტიციო ფონდებს გზა ეხსნებათ აღმოჩდნენ ჩვენს რადარზე. ჩვენც ბუნებრივია მეტად დავინტერესდებით მათი ოპერირებით, რათა სამომავლო თანამშრომლობაზე ვიფიქროთ. ახლა ჩვენი საინვესტიციო მიმართულებები შეზღუდულია. საინვესტიციო ფონდებში ინვესტირება კი მეტ ამონაგებს მოიტანს. ინვესტორებსაც დააინტერესებთ, რომ საინვესტიციო ფონდები შექმნან და ამ მხრივ განახორციელონ ოპერირება საქართველოში. ამით, ჩვენი უწყების საინვესტიციო სივრცე გაფართოვდება და კიდევ ერთი მიმართულება დაგვემატება, სადაც თანხას დავაბანდებთ გრძელვადიანად და უფრო მაღალ პროცენტში. დღეს, ჩვენი ძირითადი საინვესტიციო მიმართულებებია დეპოზიტები, სახაზინო ობლიგაციები, ქართული ლოკალური კორპორატიული ობლიგაციები და მცირე თანხა საერთაშორისო ხაზინები“, – აცხადებს გიორგი მელიქიძე.
„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი გიგა წულეისკირი, რომელიც საინვესტიციო ფონდსაც ფლობს, ამბობს რომ იდეით დაინტერესებულია. თუმცა, მისი განცხადებით, კანონმდებლობაც და შემდგომი თანამშრომლობის პროცესიც გამჭვირვალე უნდა იყოს და არა შერჩევითი. მისი აზრით, თუ სახელმწიფო ობიექტური მიდგომით იხელმძღვანელებს, საინვესტიციო ფონდების განვითარებას საპენსიო სააგენტოს ეს ინიციატივაც ხელს შეუწყობს.
„საერთოდ, ჩვენთან ბანკების კულტურა არსებობს. საბანკო სისტემა ზედმეტადაც კია განვითარებული, ხოლო საინვესტიციო ფონდების კულტურა არა. ჩვენი ჰოლდინგი საინვესტიციო ფონდსაც ფლობს, რომლის აქტივიც გამყარებულია უძრავი ქონებით. ნამდვილად გვაინტერესებს საპენსიო სააგენტოს ეს ინიციატივა, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერი იქნება გამჭვირვალე და არა შერჩევითი. საფონდო ინსტიტუციებს ნამდვილად უნდა მიეცეს განვითარების საშუალება და ეს ნაბიჯი, თუ ობიექტურად მოხდება პროცესი, ამის ერთ-ერთი განმაპირობებელი იქნება. ეს ფული არის ხალხის და მოსახლეობას უნდა გაუჩნდეს მათი ფულის სამართლიანად განკარგვის განცდა. ამავე დროს, მოსახლეობას ისიც კარგად უნდა იცოდეს, რა ბედი ეწევა მათ დანაზოგ თანხას“, – აცხადებს გიგა წულეისკირი.
მოსახლეობის საპენსიო დანაზოგების უსაფრთხოდ განკარგვის პირობას დებს სააგენტო. უწყების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ფული ისეთი მიმართულებით არ ჩაიდება, სადაც რისკები გარანტიებით არ იქნება დაზღვეული.
„პირველი დაცვა არის ის, რომ ისეთ ინვესტირებას არ ვახორციელებთ, სადაც უსაფრთხოების რაიმე ეჭვი არსებობს და ამის გამორიცხვის არაერთი კრიტერიუმი გვაქვს. თუ კონკრეტული ინვესტირებისას, თანხის დასაბანდებელი მიმართულების დეტალური ანალიტიკა არ მოხდება, ფული არ გაიცემა. ფონდის მმართველმა უნდა დაამტკიცოს, რომ საიმედო პარტნიორი იქნება. ისე რომ, რისკი არსებობდეს თანხა დაიკარგოს, არის აბსურდი“, – აღნიშნავს გიორგი მელიქიძე.
ამ დროისთვის საქართველოს საპენსიო ფონდის ზომა 3 მილიარდ 130 000 000 მილიონ ლარზე მეტია. აქედან, 60% კომერციულ ბანკებში დეპოზიტებზეა განთავსებული. 6% – სახაზინო ობლიგაციებში, 9% – უცხოურ ფასიან ქაღალდებში ანუ აქციებში, 8% – ამერიკულ სახაზინოებში, 5% – მიმდინარე სარგებლიან ანგარიშებზეა. თითქმის 1% კი სუვერენულ და კორპორაციულ ობლიგაციებში. ჯერ უცნობია, რამდენი პროცენტის მიმართვას აპირებს საპენსიო სააგენტო საინვესტიციო ფონდებში. კანონში ცვლილებებს უწყება სავარაუდოდ, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის განმავლობაში განახორციელებს.
ალეკო გვეტაძე