მთავარისაქართველომხატვარ მიშა შენგელიას სათქმელი

მხატვარ მიშა შენგელიას სათქმელი

საქართველოს ეროვნულ გალერეაში გამორჩეული ქართველი მხატვრის, მიშა შენგელიას ნამუშევრები გამოფინეს. მხატვრის, რომლის შემოქმედებაშიც განსაკუთრებით ჩანდა გამოხატვის თავისუფლება. ექსპოზიციაში წარმოდგენილი ყველა ნამუშევარი მიშა შენგელიას თანამოაზრისა და მეგობრის, დავით მუშკუდიანის კერძო კოლექციიდან არის.

მეგობრები მიშა შენგელიას ყველაზე გულწრფელ ხელოვანს უწოდებდნენ. გალერისტებისთვის ყოველთვის სასურველი მხატვარი იყო, მხატვრობის მოყვარულები კი განსაკუთრებულად აფასებდნენ მის გამორჩეულ სტილსა და შემოქმედებას… და არა მხოლოდ საქართველოში. ეროვნულ გალერეაში გამოფენილი ტილოები  ძალიან მნიშვნელოვან ამბებზე ჰყვებიან, ავტორისთვის დამახასიათებელი იუმორითა და სარკაზმით, ფერებითა და წარწერებით.

ეროვნულ გალერეაში გამოფენილ ერთ-ერთ ტილოს ჰქვია  „მასმედიის ერთი დღე 1495-ში“. ეს  ნამუშევარი  მხატვრისა  და მისი მეგობრის, დავით მუშკუდიანის კოლაბორაციის შედეგია.

„ევრონიუს ჯორჯიასთან“ საუბარში დავით მუშკუდიანი იხსენებს, თუ როგორ გაჩნდა ამ ნამუშევრის შექმნის იდეა.

მიშა შენგელიას მეგობარი და კოლექციონერი, დავით მუშკუდიანი იხსენებს: „ეს გაზეთები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიტანე. აქ არის  „მონგოლ მესენჯერი“, რომელიც მონღოლეთიდან ჩამოვიტანე, ასევე არის „ირან ნიუსი“ და სხვადასხვა გაზეთი… ეს გაზეთები მიშამ რომ ნახა, მითხრა: მოდი რაღაც გავაკეთოთო… შევთავაზე, გაეკეთებინა რაღაც დიდი გაზეთივით, იდეა მოეწონა და სხვათა შორის ძალიან სწრაფად შექმნა ეს ნამუშევარი. მერე ხშირად მთხოვდა რომ მისთვის რაღაცები ჩამომეტანა, რათა ნამუშევრებში გამოეყენებინა”…

მიშა შენგელიას „მე-15 საუკუნის პრესაში“ მთავარ ამბად ირანულ საიდუმლო იარაღზე წერდნენ. თურმე ირანის მთავრობას ახალი თაობის არბალეტების წარმოება დაუწყია.  ამ ტილოზე ერთმანეთშია არეული შუა საუკუნეების მსოფლიო პოლიტიკა და თანამედროვეობა. ეს მისი სტილი იყო.  პოლიტიკაზე და სამხედრო თემატიკაზე ავტორს  ბევრი ჰქონდა სათქმელი.   ხშირად ხატავდა დიქტატორებს და მათ შესახებ ჩვეული იუმორით ჰყვებოდა.

მხატვარი მამუკა ცეცხლაძე „ევრონიუს ჯორჯიასთან“ საუბარში ამბობს:  “დავით მუშკუდიანს ამ ექსპოზიციის მოწყობაში ვეხმარებოდი და ვფიქრობდი, რომ ჩემი აზრით, მიშა შენგელია დაკავშირებულია ფიროსმანთან. საქართველოს რეალობაში მე სხვა მხატვარი არ მეგულება, რომელთანაც გავავლებდი ფიროსმანის პარალელს.  მიშა შენგელიას მხატვრობაში არის  ისტორია, მისი აზროვნება, ტექსტი… ასევე, მის შემოქმედებაში არის ჰოლანდიური მხატვრობა. აქ არის ძმები ვანდეიკების  მე-15 საუკუნის მხატვრობა,  აქ ვხედავთ ბრეიგელის ციტატებს…“

„ევრონიუს ჯორჯიასთან“ საუბარში მხატვარი ოლეგ ტიმჩენკო მიშა შენგელიას შემოქმედებაზე საუბრობს:  „ძალიან კარგი იუმორი ჰქონდა, ღრმა და საინტერესო, ცოტა უხეში, მაგრამ სასაცილო… ზღვარს არ გადააბიჯებდა. ძალიან თავისუფლად ამბობდა თავის აზრებს და ამ აზრებს აფერადებდა, როგორც კომიქსებს. მიდგომა ზუსტად ესეთი ჰქონდა,  როგორც კომიქსების მიმართ… ეს ჩანს კიდეც. ჩემი აზრით, ეს ბუნებრივი ნიჭია, ამას ვერ ისწავლი…“

მხატვარი მიშა შენგელია  თავს ნამდვილ ევროპელად თვლიდა. ამ მხრივ სათქმელიც ბევრი ჰქონდა. მის ტილოებზე ვხვდებით შუა საუკუნეების სახალხო სეირნობებს, ჯადოქრებს, ალქიმიკოსებს – მაფიოზებსა და რუხ კარდინალებსაც…  ალბათ, სწორედ ამიტომ მოსწონდათ ის ევროპაში. მისთვის  საყვარელ ბრიტანეთშიც, სადაც თავადაც იმოგზაურა და შთაბეჭდილებებითა და იდეებით სავსე  დაბრუნდა.

„ძალიან კარგად იცნობდა ევროპელ მხატვრებს. დაწყებული  ადრეული ეპოქიდან, ბოლომდე… როგორც მეუბნებიან ხოლმე, მან შერწყმა მოახდინა ძველი ხელოვნების ახალ მხატვრობასთან. ძალიან ბევრი გამოფენა მოეწყო ლონდონში, გლაზგოში,  რა ვიცი.. ვეღარ ჩამოვთვლი და საერთოდ ნახატი ვეღარ დავიბრუნეთ უკან. ძალიან დიდი გატაცებით ყიდულობდნენ“, – ამბობს მიშა შენგელიას მამა, დავით შენგელია.

„ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ თავისი ხანისთვის, 90-იანი წლებისთვის და არამხოლოდ ამ ეპოქისათვის ემბლემატური მხატვარი  თავისი გამოფენით არამხოლოდ ასიამოვნებს დამთვალიერებელს, არამედ გამოიწვევს იმას, რომ ამ  მხატვრის შემოქმედების კვლევას დაუდებს სათავეს ეს გამოფენა, იმიტომ რომ 90-იანების შემოქმედება ძალიან საინტერესო უნდა იყოს ჩემი აზრით. რადგან თავად 90-იანი წლები საკმაოდ კარგად მახსოვს“, – ამბობს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი, რომელიც მიშა შენგელიას გამოფენის გახსნაზე ეროვნულ გალერეაში მივიდა.

მიშა შენგელიას ტილოებზე დაწერილი რეპლიკები  არ ძველდება…  ეროვნული გალერეის ექსპოზიციაში 14 აპრილამდე დარჩება მისი   გამოხატვის თავისუფლების სამყარო,  სადაც ბოროტება და სიკეთე ერთ ტილოზეა და სადაც კამიკაძესაც შეუძლია სიყვარული.

სოფო მაქაცარია

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend