მთავარიგადაცემებიბიზნესპლანეტაევროპა მწვანე ენერგიაზე გადასვლისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან ნედლეულს ეძებს

ევროპა მწვანე ენერგიაზე გადასვლისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან ნედლეულს ეძებს

კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნედლეული, მათ შორის ლითიუმი და იშვიათი ლითონები, სულ მალე ნავთობსა და ბუნებრივ აირზე მნიშვნელოვანი იქნება, რადგან ევროპა ნახშირბადის გამონაბოლქვისაგან თავისუფალი მომავლისკენ ისწრაფვის.

ესტონეთის პატარა სანაპირო ქალაქ სილამიაეში ფუნქციონირებს  იშვიათი ლითონების  გამაცალკევებელი ერთადერთი კომერციული საწარმო ევროკავშირში – კომპანია Silmet-ი, რომელსაც კანადური ჯგუფი  Neo Performance Materials-ი ფლობს. თუმცა საინტერესოა,  რას წარმოადგენს იშვიათი ლითონები და რატომ უკავშირდება ასე განუყოფლად მრავალ ტექნოლოგიას?

ვასილიოს ციანოსი, კომპანია Neo Performance Materials-ის კორპორატიული განვითარების დირექტორი განმარტავს:

“იშვიათი ლითონების  მიწოდების ჯაჭვი ევროკავშირის ინდუსტრიული პოლიტიკური ამბიციის მამოძრავებელი ღერძია უფრო მწვანე ტექნოლოგიებზე გადასვლის თვალსაზრისით. ნეოდიმი და პრაზეოდიმი ის ორი იშვიათი ლითონია, რომლებსაც  Silmet-ში ვამუშავებთ, შემდგომ მათგან მიიღება ე.წ. შეცხობილი მუდმივი  მაგნიტი, რომელიც ენერგიას ზოგავს და გამოიყენება ყველა ელექტრომობილის ძრავისათვის. ისინი ზოგიერთი ბატარეის ზომას 20 პროცენტზე მეტითაც კი ამცირებენ.“

17 სახეობის იშვიათ ლითონს ასობით სხვადასხვა დანიშნულებით იყენებენ, დაწყებული სარაკეტო სისტემებიდან დამთავრებული ბანკნოტებით, თუმცა ძირითადად ეს ლითონები ზემძლავრი მაგნიტების წარმოებისთვის გამოიყენება.

ევროპაში ძალიან კარგად იციან, რომ სჭირდებათ როგორც ახალი საბადოები, ისე მთელი ნედლეულის ღირებულებათა ჯაჭვის გაძლიერება.

დღესდღეობით  ეს ჯაჭვი ე.წ. მესამე სამყაროს ქვეყნების მცირე ჯგუფზეა დამოკიდებული, განსაკუთრებით ჩინეთზე. სწორედ ჩინეთზე  მოდის  კრიტიკულად მნიშვნელოვანი ყველა ნედლეულის 66 პროცენტის, ხოლო იშვიათი ლითონების 98 პროცენტის მიწოდება.

ამ პრობლემის მოსახსნელად ევროკავშირი წარადგენს „კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნედლეულების  აქტს“, რომელიც ერთიან ბაზარს საშუალებას მისცემს, რომ იშვიათი ლითონების მიწოდების სანდო დივერსიფიკაცია უზრუნველყოს, პარალელურად კი სოციალური და გარემოს დაცვის სტანდარტებიც შეინარჩუნოს.

მაგალითად, კომპანია Neo Performance Materials ე.წ. „მინერალებზე პასუხისმგებლობის ინიციატივის“ (Responsible Minerals Initiative) ჯგუფის წევრია.

ჯულია იგნატოვა, Neo Performance Materials-ის იშვიათი ლითონების გაყიდვების მენეჯერი:

“ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ ნედლეულის წარმოშობას, თუ როგორ ფუნქციონირებს ქარხანა, იხდიან თუ არა გადასახდებს, როგორ ზრუნავენ ადამიანის უფლებებზე, რადგან სწორედ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ნებისმიერ საწარმოში.“

რატომ არის საფრანგეთში ლითიუმის საბადოს აღმოჩენა მნიშვნელოვანი?

რაც შეეხება ლითიუმსა და ასევე იშვიათ ლითონებს, ევროპა ამ კუთხით სხვა ქვეყნებზეა დამოკიდებული – განსაკუთრებით ავსტრალიაზე, ჩინეთსა და სამხრეთ ამერიკაზე – არადა, ლითიუმიც ელექტრომობილების ბატარეების მნიშვნელოვანი ნაწილია.

ფრანგული კომპანია Imerys იმედოვნებს, რომ იმ ლითიუმის საბადოს ექსპლუატაციას დაიწყებს, რომელიც ბოვუარში ცენტრალურ საფრანგეთში, კაოლინის საბადოს ქვეშ იპოვეს.

ალან პარტე, კომპანია Imerys-ის ლითიუმის პროექტების  ვიცე-პრეზიდენტი განმარტავს, რატომ არის ეს საბადო მნიშვნელოვანი:

„იმის გათვალისწინებით, რომ ლითიუმზე მოთხოვნა ევროკავშირში 2030 წლისთვის ათჯერ გაიზრდება, საჭიროა, რომ მეტი ადგილობრივი პროექტი ამოქმედდეს, რათა ეს დამოკიდებულება შემცირდეს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ  დავიწყოთ, ვიპოვოთ და განვავითაროთ ლითიუმის მოპოვების პროექტები საფრანგეთსა და ევროპაში.  ბოვუარის პროექტის მიზანია, წელიწადში 34 ათასი ტონა ლითიუმის ჰიდროქსიდის მიწოდება, რაც წელიწადში 700 ათასი ელექტრომობილის მოთხოვნის დაკმაყოფილებას უდრის.“

„კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნედლეულების  აქტის“ კიდევ ერთი ძირითადი კომპონენტია ინოვაციური გადამუშავების ციკლში ფულის ჩადება და მისი მხარდაჭერა. რასაკვირველია, რაც მეტი ნედლეული გადამუშავდება, მით ნაკლები იქნება მათი მოპოვების საჭიროება.

ესტონეთში ქალაქ ნარვაში კომპანია  Neo გეგმავს, რომ შეუერთდეს იშვიათი ლითონების მიწოდების ჯაჭვს – ისინი ევროპაში პირველ მაგნიტის მწარმოებელ საწარმოს, ასევე კვლევისა და განვითარების ცენტრს ააშენებენ, რომლებიც სილამიაეში  გამოცალკევებულ მაგნიტურ იშვიათ ჟანგებს გამოიყენებენ.

რუსეთის საზღვართან ახლოს მდებარე ქარხანა დაეხმარება ამ ქალაქს, თავი დააღწიოს ადგილობრივი შელფური ნავთობის ინდუსტრიაზე დამოკიდებულებას. ამით წიაღისეული საწვავის ეპოქის დასასრული დაჩქარდება.

 

ავტორი:  ანდრეა ბოლითო

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend