მთავარიგადაცემებიბაკურიანი 2023ბაკურიანი 2023-ზე განწყობას ჩემპიონატის წამყვანები ქმნიდნენ

ბაკურიანი 2023-ზე განწყობას ჩემპიონატის წამყვანები ქმნიდნენ

ბაკურიანმა ფრისტაილის, ფრისკისა და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატს წარმატებით უმასპინძლა. სამთო-სათხილამურო კურორტზე გულშემატკივარს ზამთრის სპორტის საუკეთესო ათლეტების ხილვა 2 კვირის განმავლობაში შეეძლო.

ბაკურიანის მსოფლიო ჩემპიონატზე, გულშემატკივრებს სპორტსმენების სახელებს გამომცხადებლები აცნობდნენ. ყველა შეჯიბრებას ორი – ქართულ და ინგლისურენოვანი გამომცხადებელი ჰყავდა.

„მე ვარ ამ ტრასის, ანუ სლოუფსტაილის, პარალელური სლოუფსტაილისა და ბიგ ეარის ენაუნსერი, რომელიც ითარგმნება, როგორც გამომცხადებელი, მაგრამ ჩავთვალოთ, რომ ეს არის იგივე წამყვანი”, – ამბობს გიორგი.

მუსიკოსი გიორგი ხვიტია პროფესიონალი წამყვანი არ არის, თუმცა ამის მიუხედავად, მსოფლიო ჩემპიონატზე მისი ხმა ყველას დაამახსოვრდა. გიორგისთვის განსაკუთრებით საინტერესო ქართველი სპორტსმენების ასპარეზობა იყო.

„როცა ჩვენი ქართველები გამოდიოდნენ, არაჩვეულებრივი სპორტსმენები: ბუთა ელოშვილი და ლუკა ჩოფიკაშვილი, მაშინ დაინგრა აქაურობა“, – იხსენებს გიორგი.

გიორგის ის გამოცდილება, რომელიც მან სხვადასხვა წამყვანთან თანამშრომლობით მიიღო, მთელი ცხოვრება გაჰყვება.

„მგონი, მე ვარ ერთადერთი ქართველი წამყვანი, რომელმაც ბევრი პარტნიორი გამოიცვალა. მანამდე იყვნენ ჩიზი, ჰენრი ჯექსონი, არარეალური ადამიანი, მარტინმა კი ყველას გადააჭარბა. ულევი ენერგია აქვს ამ ადამიანს. ძალიან დიდი გამოცდილებაა, როცა ასეთ ტოპ წამყვანებთან გაქვს ურთიერთობა, რადგან, ერთი მხრივ, მეგობრებს იძენ, მეორე მხრივ კი, გამოცდილებას იღებ, მტვერსასრუტივით იწოვ“.

„ბაკურიანი 2023-ის“ დასკვნით დღეებში გიორგიმ ითანამშრომლა ავსტრიელ წამყვანთან, მარტინ მისავფთან, რომელსაც უკვე 12 წელია, სხვადასხვა შეჯიბრება მიჰყავს.

„გულწრფელად რომ გითხრათ, ბაკურიანში მიმდინარე ჩემპიონატი საოცარია. ყველა მუდამ გაღიმებულია. საქართველოში პირველი ის ვისწავლე, რომ ყველა ძალიან მეგობრული და სტუმართმოყვარეა. აქ საუკეთესო დროს ვატარებ. თუ ოდესმე საქართველოდან დამიკავშირდებიან და რამე ღონისძიების წაყვანას შემომთავაზებენ, იმწამსვე დავბრუნდები“, – ამბობს მარტინ მისავფი.

მარტინმა განსაკუთრებული პარტნიორობა ჩამოაყალიბა წამყვან ირაკლი სარალიძესთან, იმავე გრიზლისთან.

„გრიზლისთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. ის საუკეთესო თანაწამყვანია, ვინც კი შეგიძლია ისურვო. მან ცოტა ქართული ფრაზებიც მასწავლა. გრიზლი ყველა შეჯიბრებაზე საუკეთესო განწყობას ქმნის“, – აღნიშნავს მარტინი „ევრონიუს ჯორჯიასთან“ საუბარში.

გრიზლის 10 წელია სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები მიჰყავს როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში. თუმცა, ასეთი მასშტაბის ღონისძიება მის ისტორიაში აქამდე არ ყოფილა.

„საერთოდ არ მეგონა, ასე თუ მომეწონებოდა სპორტის ეს სახეობა. გულწრფელად რომ ვთქვა, სამი-ოთხი კვირით ადრე რომ დამირეკეს და წამყვანობა შემომთავაზეს, საერთოდ არ მქონდა წარმოდგენა სპორტის ამ ორ სახეობაზე – არეალსსა და მოგულსზე. იქიდან მოყოლებული დავჯექი და ვისწავლე, გავერკვიე, რისი მიხედვით აფასებენ, ვინ არიან გამორჩეული სპორტსმენები და იმდენად დავინტერესდი, რომ დიდი სიამოვნებით კიდევ ბევრ ასეთ შეჯიბრებას წავიყვანდი“, – ამბობს გრიზლი.

მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა, ინფრასტრუქტურისა თუ სპორტის განვითარებასთან ერთად, საქართველოში სხვა სფეროების წარმომადგენლებსაც დიდ გამოცდილებას სძენს. მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობითა და თანამშრომლობით კი ყველა ბედნიერი დარჩა.
„შენი ნახვა გამეხარდა“ – მარტინმა ქართველ გულშემატკივარს ქართულ ენაზე მიმართა.

თორნიკე კოპლატაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend