მთავარისაქართველო"დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტი პარლამენტში განხილვებისთვის ბრუნდება

“დეოლიგარქიზაციის შესახებ” კანონპროექტი პარლამენტში განხილვებისთვის ბრუნდება

მრავალთვიანი საპარლამენტო განხილვებისა და საერთაშორისო თუ ადგილობრივი შეფასებების შემდეგ, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე, ვენეციის კომისიის დასკვნაც გახდა ცნობილი.

„ქართულმა ოცნებამ“ 12 ევრორეკომენდაციიდან ერთ-ერთი მთავარი პუნქტის შესასრულებლად შემქნილი კანონის პროექტი, ვენეციის კომისიას შეფასებისთვის გასული წლის პირველ დეკემბერს გაუგზავნა. სამართლებრივი აქტების შემფასებელმა ევროპულმა კომისიამ თავის დეტალურ დასკვნაში თქვა:

„არსებობს რისკი, რომ საქართველოს მთავრობამ შესაძლოა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ძალაუფლებები და მათ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს ოლიგარქის სტატუსი მიანიჭოს, შესაბამისად მათ წაართვას შესაძლებლობა დააფინანსონ პოლიტიკური პარტიები და კანდიდატები, ასევე დააფინანსონ სხვადასხვა პარტიებისა და კანდიდატების მიერ გამართული აქციები”, – ნათქვამია დასკვნაში.

მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ვენეციის კომისიამ თავისი დასკვნით ოპოზიციის იმედები არ გაამართლა. „ქართული ოცნების“ წევრები მიიჩნევენ, რომ დასკვნა დადებითია და დამატებითი განხილვების მიუხედავად, შესაძლოა კანონპროექტში არსებითი ცვლილებები არ შევიდეს.

„ვენეციის კომისიამ დადო დასკვნა, სადაც ერთი სიტყვა არ წერია იმის შესახებ, რომ დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება და რომ ამ კანონის მიღება არ შეიძლება. ვენეციის კომისიამ თქვა, რომ უკრაინული კანონი, რომელიც თავის დროზე მოწონებული იყო ევროკომისიის მაღალი თანამდებობის პირების მიერ, სერიოზულ ხარვეზებს შეიცავს და ამ ხარვეზებზე იმსჯელეთო. ჩვენ ახლა ამ ხარვეზებზე უნდა ვიმსჯელოთ, გამოვრიცხოთ რისკები და ამ რისკების გამორიცხვით მივიდეთ კანონპროექტის საბოლოო სახესთან, რომელიც კანონის სახეს მიიღებს“,-განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.

პირიქით ფიქრობს ოპოზიცია. მმართველი გუნდის ოპონენტები ამბობენ, რომ ვენეციის კომისიამ დასკვნის სახით ზუსტად ის დაწერა, რასაც ოპოზიცია მანამ აცხადებდა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შეფასებით, დეოლიგარქიზაციის კანონს, მიღების შემთხვევაში „ქართული ოცნება“ მის პოლიტიკურ კონკურენტებზე გაავრცელებს და კიდევ ერთი მექანიზმით შეეცდება განსხვავებული აზრის ჩახშობას. ასევე, მოქალაქეებს არჩევანს კიდევ უფრო შეუზღუდავს.

„ვენეციის კომისიის დასკვნა ცალსახად უარყოფითია. კომისია საკუთარ დასკვნაში ამბობს, რომ კანონპროექტი ადამიანის უფლებებს ეწინააღმდეგება, ახდენს სტიგმატიზებას – შესაძლოა რეპრესიული ინსტიტუტების მიერ იმ ადამიანების განპირობება მოხდეს, რომელიც შესაძლოა ამ კანონის მოქმედების ქვეშ მოხვდეს. გარდა ამისა, უკრაინაში არის სხვა რეალობა, საქართველოში – სხვა და ეს თქვა ვენეციის კომისიამ. ესეც ჩვენ ნათქვამს დაემთხვა. ვენეციის კომისია საკუთარ დასკვნაში ყურადღებას სისტემურ რეფორმებზე ამახვილებს, მათ შორის არის ის, რომ სახელმწიფოს მიტაცება და ოლიგარქიული მმართველობა ნიშნავს იმას, რომ დიდი ნაკლოვანებები და ხარვეზები არის ყველა ინსტიტუტში”, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ.

სამოქალაქო სექტორის პოზიცია მკაფიოდ კრიტიკულია კანონპროექტის და მისი ავტორის მიმართ. „საქართველოს ევროპული ფორუმის“ დამფუძნებელი ლევან ცუცქირიძე ამბობს, რომ ერთი კანონის მიღებით ქვეყანაში დეოლიგარქიზაცია ვერ მიიღწევა ისე, როგორც ევროკავშირმა მოგვთხოვა, ამიტომ მმართველი გუნდის მიერ ამ პროცესს ფარსად აფასებს.

„სინამდვილეში ვენეციის კომისიამ ამ დასკვნით თქვა, რომ ეს კანონპროექტი არის ძალიან პრობლემური და არ სეესაბამება იმ მოლოდინებს, რაც აქვთ ევროკავშირში. ეს ქმნის ადამინების დევნისა და შევიწროების რისკებს. თუ „ქართულ ოცნებას“ სურს გონივრულად მოქცევა, მაშნ არ მგონია, რომ ამ კანონის მიღება ლოგიკურ ნაბიჯად ჩაითვალოს. ეს კანონი აუცილებლად გახდება პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტი და „ქართულ ოცნებას“ შეეძლება ეს კანონი მიუსადაგოს ყველას, ვინც არ მოსწონს. ეს იაფფასიანი ტრიუკები, რომლებსაც მიმართავს მმართველი პარტიის გუნდი ირაკლი კობახიძის ხელით, სჯობს შეწყვიტონ“, – აცხადებს „საქართველოს ევროპული ფორუმის“ დამფუძნებელი ლევან ცუცქირიძე.

თითქმის სამთვიანი განხილვის შემდეგ, უკრაინული კანონის ზუსტი ასლით შემუშავებული კანონის პროექტი დეოლიგარქიზაციის შესახებ, საქართველოს პარლამენტში ისევ განხილვებისთვის ბრუნდება.

მიიღებს თუ არა და როგორი ფორმით მმართველი პარტია ამ კანონს კრიტიკული შენიშვნების მიუხედავად და რამდენად მიიღწევა მხოლოდ კანონის მიღებით ქვეყანაში დეოლიგარქიზაცია, ამას მომდევნო პოლიტიკური პროცესები აჩვენებს.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

00:05:04

“MEGOBARI”

spot_imgspot_img
Send this to a friend