საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ „ამნესტი ინტერნეიშენალმა“ გამოაქვეყნა უახლესი ანგარიში, რომელიც გმობს მთელ მსოფლიოში პოლიციელების მიერ საპროტესტო აქციების დასაშლელად იმ იარაღისა და ინსტრუმენტების გამოყენებას, როგორებიცაა, მაგალითად, ხმოვანი ჭურვები, რეზინისა და პლასტმასის ტყვიები.
პატრიკ უილკენს, „ამნესტი ინტერნეიშენალის“ მკვლევარს სამხედრო, უსაფრთხოებისა და პოლიციის საკითხებში, სჯერა, რომ საჭიროა იურიდიული გლობალური კონტროლი ნაკლებად ლეტალური იარაღის მწარმოებლებსა და ვაჭრობაზე. მისი თქმით, ასევე აუცილებელია ძალის გამოყენების ეფექტური სახელმძღვანელო მითითებები.
ანგარიშში 30 ქვეყანაში 5-წლიანი მუშაობის შედეგებია ასახული. ანგარიშში ნათქვამია, რომ ათასობით მომიტინგე თუ შემთხვევით გამვლელი დასახიჩრდა, ხოლო ათეულობით ადამიანი დაიღუპა ამ იარაღის ხშირად განურჩეველი და არაპროპორციული გამოყენების შედეგად.
ანგარიშის მიხედვით, მაგალითად, საფრანგეთში 2018-2019 წლებში გამართული ე.წ. „ყვითელჟილეტიანების“ აქციების დროს 2500-ზე მეტი მომიტინგე დაშავდა.
ჩილეში კი 2019 წლიდან მოყოლებული თვალის დაზიანების 440 შემთხვევა გამოვლინდა. უფლებადამცველ ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ რეალური მონაცემები გაცილებით მეტია.