მთავარიევროპამოლდოვაპრორუსული ჯგუფების გავლენა მოლდოვის პოლიტიკაზე

პრორუსული ჯგუფების გავლენა მოლდოვის პოლიტიკაზე

რამდენიმე კვირის წინ მოლდოვის ქუჩებში მოქალაქეთა ნაწილი მაღალი ინფლაციისა და ენერგოკრიზისის გასაპროტესტებლად გამოვიდა.

თუმცა, დროთა განმავლობაში საპროტესტო აქციების ტრიბუნები ქვეყნიდან გაქცეული, პრორუსი ოლიგარქის, ილან შორის პარტიის ლიდერებმა დაიკავეს. მათ მოლდოვის 101 მანდატიან პარლამენტში მხოლოდ 6 ადგილი აქვთ.

მოლდოვის პოლიცია კვირას, კიშინიოვის ქუჩებში მომხდარ არეულობაშიც რუსულ კვალს ხედავს. მოლდოველმა სამართალდამცველებმა დააკავეს 7 პირი, რომლებიც დესტაბილიზაციის მოწყობას ცდილობდნენ.

იმავე წყაროს ცნობით, რუსეთიდან მოლდოვაში არაკანონიერი გზით შეტანილი ფულით გადაამზადეს დივერსანტები, რომელთა მიზანიც იყო აქციაზე არეულობის გამოწვევა, სახელმწიფო შენობებში შევარდნა და მოქალაქეთა მძევლად აყვანა.

მოლდოვაში უკვე რამდენიმე კვირაა საპროტესტო აქციებია და სამართალდამცველი ორგანოები ამ პროცესებს განსაკუთრებით აკვირდებიან, რადგან  უკრაინული და თავად მოლდოვური სპეცსამსახურების დამსახურებით, ჯერ კიდევ თებერვლის დასაწყისში გავრცელდა ცნობა, რომ  რუსეთი მოლდოვაში  სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას ცდილობდა. ასევე, რამდენიმე დღის წინ მოლდოვის სასაზღვრო პოლიციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ ქვეყანაში შეღწევას „ვაგნერის“ დაჯგუფების წევრიც ცდილობდა.

თავდაპირველად, მოლდოვაში პოლიტიკური დაძაბულობა მოქალაქეთა პროტესტმა წარმოშვა, რომელიც ეკონომიკური კრიზისით იყო გამოწვეული. უკრაინაში ომის პარალელურად, პოლიტიკური პოზიციის გამო მოსკოვმა კიშინიოვზე  შეგნებული ეკონომიკური ზეწოლა დაიწყო.

რუსეთმა მოლდოვას ენერგომომარაგება შეუწყვიტა შედეგად ქვეყანაში ენერგოკრიზისი შეიქმნა.

ევროკავშირის დახმარებით მთავრობამ ელექტროენერგიის გადასახადები დაასუბსიდირა, თუმცა სიტუაცია მაინც მძიმეა, რადგან წლიური ინფლაცია დაახლოებით 30%-ს აღწევს.

მოსკოვი ყველანაირად ცდილობს, მოლდოვაზე ზეწოლას, რადგან ამ ქვეყანამ მკვეთრად შეიცვალა საგარეო კურსი პროდასავლური  ხელისუფლების მოსვლის შემდეგ და სამხედრო ნეიტრალიტეტის მიუხედავად არც ნატოსთან თანამშრომლობისგან იკავებს თავს.

ამ ფონზე კი კიშინიოვისთვის დესტაბილიზაციის დიდ საფრთხეს წარმოადგენს დნესტრისპირეთი. მოლდოვის სეპარატისტული რეგიონი, რომელიც ფაქტობრივად რუსეთის კონტროლქვეშაა და იქ 1500 რუსი ჯარისკაცია დისლოცირებული. თანაც, დნესტრისპირეთში საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული იარაღის უზარმაზარი საცავებია, რომელზეც კონტროლის მოპოვებაზე რუსეთი უარს არ იტყვის, მით უმეტეს უკრაინაში ომისა და იარაღის მარაგის ამოწურვის ფონზე.

დნესტრისპირეთის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის, პოლიტიკური ბერკეტების სახით გამოყენებით რუსეთი მუდმივად ცდილობს, ხელი შეუშალოს მოლდოვისა და საქართველოს სწრაფვას დასავლეთისკენ, განვითარებისა და კეთილდღეობისკენ. მოლდოვა დღეს დასავლეთის მიერ შეფასებულია ქვეყნად, რომელიც უკრაინაში რუსეთის ქმედებების ფონზე ყველაზე მეტად ზარალდება.

თუმცა, დიდი ეკონომიკური ზარალის მიუხედავად 2 მილიონ 600 ათასიან ქვეყანაში პროდასავლურ მთავრობას მაინც ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვს.

სოფო მაქაცარია

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend