მთავარიმსოფლიოUNITED NATIONSკლიმატის ცვლილებები და გაეროს გენერალური მდივნის გაფრთხილება

კლიმატის ცვლილებები და გაეროს გენერალური მდივნის გაფრთხილება

უკვე რამდენიმე დღეა ძლიერი შტორმი უტევს კლიმატური კატაკლიზმებით უხვად დაჯილდოებულ კალიფორნიის შტატს შეერთებულ შტატებში.

შტორმის შედეგად, კალიფორნიის ცენტრალური სანაპირო ძლიერ დაზიანდა. მდინარე პაჯარო ადიდდა, რის გამოც მიმდებარე ტერიტორია დაიტბორა. მაშველებმა ათასობით ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს. 8500-მდე მაცხოვრებელი სავარაუდოდ საცხოვრებლის გარეშე დარჩა. ჯერჯერობით მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ადგილობრივი ოფიციალური პირები და მაცხოვრებლები ამბობენ, რომ მძიმე ღამეები ჰქონდათ.

„წყალდიდობის შედეგად ამ მხარეში მნიშვნელოვნად დავზარალდით. არაერთი დასახლება დაიტბორა. ბევრი სახლი საერთოდ უვარგისია საცხოვრებლად. საბედნიეროდ მსხვერპლი ავირიდეთ, რისი დიდი საშიშროებაც იყო. მდინარე პაჯაროს უამრავი შენაკადი აქვს. მათმა წყალუხვობამ ამ სეზონზე, სიტუაცია კიდევ უფრო გაართულა. ვაკვირდებით და ვხედავთ, რომ ნაკადები არ იკლებს. ეს იმის მანიშნებელია, რომ წყლის დამატებითი ტალღის მოვარდნა, ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს. ამიტომ მაშველები დაუღალავად მუშაობენ, საშიში ზონებიდან მოსახლეობის ევაკუაციისთვის“, – განაცხადა მონტერეის წყლის რესურსების სააგენტოს წარმომადგენელმა მიურეიმ.

დაუნდობელი ციკლონი დაატყდა თავს აფრიკის კონტინენტსაც. კერძოდ, მოზამბიკაში 68 ადამიანი ემსხვერპლა ძლიერ ქარიშხალს, რომელსაც თან წვიმა დაერთო. ადიდებულმა მდინარეებმა დასახლებები დატბორა. ამ დრომდე ეძებენ 160-ზე მეტ ადამიანს. მოზამბიკაში ციკლონი სამი დღის განმავლობაში მძვინვარებდა.

„ამ ციკლონს ფრედი ვუწოდეთ. ის ძალიან დამანგრეველია ამ მომენტშიც. 60-ზე მეტი გარდაცვლილი გვყავს. ასობით დაშავებული კი საავადმყოფოებში მკურნალობენ. მაშველებს ძალიან უჭირთ მუშაობა უამინდობის გამო. თუმცა, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მსხვერპლი არ გაიზარდოს“, – განაცხადა ბლანტაირის პოლიციის პრესსპიკერის მოადგილემ ობრი სინგენიამა.

ეს კატაკლიზმები მხოლოდ მორიგი ცნობაა პლანეტაზე მიმდინარე სწრაფი კლიმატური ცვლილებების შედეგებიდან.  „უკან არ დაბრუნების“ შესაძლო ვითარებაზე აფრთხილებს კვლავ მსოფლიო ლიდერებს გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში. მან სამეცნიერო საზოგადოებას მოუწოდა, რომ თავიანთი ქვეყნების ლიდერებს უფრო ხშირად მიმართონ, რათა აიძულონ, მეტი და მყისიერი ნაბიჯები გადადგან გარემოსა და კლიმატის გაუმჯობესებისთვის.

„ჩვენი სამყარო გზაჯვარედინზეა, რადგან ვუახლოვდებით უკან არ დაბრუნების წერტილს გლობალური დათბობის შედეგების მხრივ. შესაძლოა ძალიან მალე საერთაშორისოდ შეთანხმებულ ლიმიტს +1,5 გრადუს ცელსიუსის გადალახვას მივუახლოვდეთ. ეს კი იმ კატაკლიზმებს გაახშირებს, რომელთა შესახებაც ყოველდღიურად გვესმის. ჯერ კიდევ არის შესაძლებელი შევაჩეროთ ასეთი მომავალი და შევზღუდოთ საკუთარი გარემოს მოკვლა. გლობალური ტემპერატურის მატების შეფერხება ერთნახევარი გრადუსით, შესაძლებელია მხოლოდ ემისიების სწრაფი შემცირებით. გლობალურ ეკონომიკას ეს იმაზე უფრო ნაკლებ ზიანს მოუტანს, ვიდრე კლიმატური კატასტროფებით შეიძლება მიადგეს. სამეცნიერო საზოგადოებას ვთხოვ, რომ გააქტიურდნენ და თავიანთი დასკვნები ხშირად შეახსენონ თავიანთ ლიდერებს“,- განაცხადა გუტერეშმა.

პარიზის ცნობილი შეთანხმება, რომელიც მიზნად ისახავდა გლობალური ტემპერატურის მომატების შეჩერებას და ერთნახევარ გრადუსიანი ნიშნულის არ მიღწევას, როგორც ჩანს სათანადოდ არ სრულდება. გაეროს გენერალური მდივანი ხაზს უსვამს, რომ პოლიტიკური განცხადებების მიღმა, რეალური ნაბიჯების გადადგმაც აუცილებელია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend