მთავარიევროპაიტალიაგვალვა და იტალიის ყველაზე გრძელი მდინარე პო

გვალვა და იტალიის ყველაზე გრძელი მდინარე პო

იტალიის ყველაზე გრძელი და ევროპის ერთ-ერთი მთავარი მდინარე პო იტალიის ჩრდილოეთში დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ 600 კილომეტრის მანძილზე მიედინება.

უკვე რამდენიმე წელია, გვალვამ ეს დიდებული მდინარე მნიშვნელოვნად შეცვალა. წყლის ნაკლებობა უფრო მეტად ზაფხულის პერიოდში იგრძნობოდა, თუმცა ახლა გვალვის კვალი წლის პირველ თვეებშიც შესამჩნევია.

პიაჩენცის სამელიორაციო კონსორციუმის პრეზიდენტი ლუიჯი ბისი ამბობს, რომ გაზაფხულზე, როგორც წესი, წყლის დონე ისეთი უნდა იყოს, რომ ადამიანს ფარავდეს, რადგან თოვლი დნობას იწყებს. თუმცა, მისი თქმით, ახლა მდინარე, ფაქტობრივად, დამშრალია.

სტანდარტულად ამ სეზონზე მდინარის ნაკადის მოცულობა წამში 1000 კუბური მეტრია, მაშინ, როცა ახლა წამში მხოლოდ 300 კუბური მეტრი მოედინება. ეს კატასტროფული მაჩვენებელია და უკიდურესად შემაშფოთებელია.

მდინარე პოს უზარმაზარი ჰიდროგრაფიული აუზი, რომელიც 71 000 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს, სარწყავი და ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის საჭირო წყლით უზრუნველყოფს მიმდებარე რეგიონების მოსახლეობას.  თუმცა ახლა ყველას გვალვასთან გამკლავება უწევს.

ფერმერი ჯამპიერო სილვა ამბობს, რომ უკვე წელიწადზე მეტია, არ უწვიმია. ახლა ისინი მომავალი წლის მოსავალზე უნდა ფიქრობდნენ.  თუმცა რადგან წყალი არ აქვთ, ვერ მოიფიქრეს, რისი დათესვაა შესაძლებელი.  წყლის გარეშე ისინი გეგმებს ვერ აწყობენ.

მოლატოს კაშხალზე, რომელიც მდინარე პოს ერთ-ერთ შენაკადზე მდებარეობს, ბოლო 10 წლის განმავლობაში წყლის ყველაზე დაბალი დონეა.

ლუიჯი ბისის თქმით, კაშხლის სრულად შევსების შემთხვევაში სულ მცირე 5, 6 ან 10 მეტრით იქნებოდა ეს ადგილი წყლით დაფარული. მარტში კაშხალი თითქმის ყოველთვის სავსე იყო ხოლმე,  ზოგჯერ წყალსაც კი უშვებდნენ.

მდინარის კალაპოტის ნახვა ზამთრის სეზონზეც ჩვეულებრივი ამბავი გახდა. წვიმის გარეშე კი კიდევ ერთი დღე გადის.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend