მთავარისაქართველო10 მარტის რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტმა "აგენტების შესახებ" კანონპროექტები ჩააგდო

10 მარტის რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტმა “აგენტების შესახებ” კანონპროექტები ჩააგდო

საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის 10 მარტის რიგგარეშე სხდომა, რომელიც უჩვეულოდ ხანმოკლედ გაგრძელდა, მხოლოდ ერთ ისტორიულ მიზანს ემსახურებოდა. პარლამენტმა ჩააგდო ორი კანონპროექტი, რომლებიც მმართველი პარტიის გარდა ყველას შეფასებით, საქართველოში რუსულ მიზანს ემსახურებოდა.

„ქართული ოცნება“ ირწმუნება, რომ ეს აქციაზე გამოსული მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის გააკეთა, თუმცა კანონის მიღებას დღემდე მხარს უჭერს. ალბათ, სწორედ ამის გამო არ მისცეს კანონპროექტის ჩაგდებას ხმა მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა. მმართველი პარტიის ზოგი დეპუტატი ამბობს, რომ შეეშალათ და ახლა ამის შედეგებს იმკიან.

“რადგანაც ეს შედეგი დადგა, ფაქტია, აქედან გამომდინარე გამოდის რომ რაღაც სადღაც შეგვეშალა. ამას ბუნებრივია, გარკვეული ანალიზი სჭირდება, რაზეც მე მაქვს უკვე ჩემი წარმოდგენა და ალბათ, ბევრიც ითქმება შემდეგში. ამ მომენტისთვის კი ეს იყო ყველაზე რაციონალური გადაწყვეტილება“, – აცხადებს „ქართული ოცნების“ წევრი გიორგი კახიანი.

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კი სხდომის შემდეგ თქვა, რომ პროცესმა უცხოური გავლენების აგენტები გამოავლინა, რომლებიც ლგბტქ+ პროპაგანდას ეწევიან და ეკლესიას აგინებენ.

„ამ კანონპროექტმა თავისი მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა სხვადასხვა თვალსაზრისით. ყველამ აღიარა, რომ აგენტობა არის სათაკილო საქმე, ვისი აგენტიც არ უნდა იყო, ეს არის პირველი მიღწევა ამ კანონპროექტის. ასევე, ყველამ გაიგო იმ ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც სხვადასხვა არასახელმწიფო საქმიანობაში არიან ჩართულები, როგორიც არის მაგალითად, მთავრობის გადადგომის მოთხოვნა სცენიდან, რაც არ არის არასამთავრობო ორგანიზაციები საქმე. ასევე, როგორც არის გაუყალბებელი არჩევნების გაყალბებულად გამოცხადება, PVT-ის გაყალბება, ეკლესიის გინება, ლგბტ პროპაგანდა, პროვოკაციების მოწყობა ე.წ. საზღვართან. ეს ორგანიზაციები, სინამდვილეში, არიან არა ქართველი ხალხის აგენტები, არამედ უცხოური გავლენის აგენტები – ეს არის მეორე ინფორმაცია, რაც ამ კანონპროექტმა გაუზიარა ქართველ საზოგადოებას და ძალიან ცხადად და მკაფიოდ. და მესამე მნიშვნელოვანი გზავნილი, რაც აქვს ამ კანონპროექტს არის ის, რომ ვერასოდეს განხორციელება „ბაკურიანის გეგმა“ ანუ NGO-ების ხელით საქართველოში „ნაცმოძრაობას“ ხელისუფლებაში ვერავინ დააბრუნებს. ეს არის სამი მნიშვნელოვანი გზავნილი, რაც ამ კანონპროექტმა მოიტანა. ამისთვის მადლობას ვუხდი „ხალხის ძალის“ გუნდს, რომელმაც დააინიცირა და თითოეულ დეპუტატს, რომელმაც მხარი დაუჭრია პირველი მოსმენის დროს ამ კანონპროექტს“, – განაცხადა კობახიძემ.

კანონპროექტების ჩაგდებას მხარი მხოლოდ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაუჭირეს, რომლებიც დარბაზში, მმართველი პარტიის დეპუტატებისგან განსხვავებით, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით იყვნენ შესულები. „ქართული ოცნების“ ოპონენტები ამბობენ, რომ მმართველი პარტიის და რუსული გეგმის ჩავარდნით, ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ფიქრობენ, რომ მმართველი გუნდი სამოქალაქო სექტორის და პოლიტიკური ოპონენტების დევნას უფრო გააძლიერებს, რისი საშუალებაც საზოგადოებამ მათ არ უნდა მისცეს. მათივე განცხადებით, პოლიტიკოსებმა ახლა კონცენტრაცია ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებაზე უნდა გააკეთონ.

„რა რჯიდათ, რატომ გააკეთეს? ცარიელ ადგილზე ამხელა პრობლემა წარმოქმნეს. რა დამართეს ქვეყანას ან დემონსტრანტებს, სპეცრაზმელებს? ყველა გვეუბნებოდა, ნუ აკეთებთ ამასო. ცეცხლთან თამაშია ანტიდასავლური განცხადებები, ევროპარლამენტარების ლანძღვა. თურმე ევროკავშირი თვითმიზანიც აღარ ყოფილა. ვამბობდით, რომ ხალხი ამას არ გადაყლაპავდა. ასე ემართებათ ამპარტავნობის შემდეგ. ხელისუფლებაში რომ არიან, ჰგონიათ, არიქა, ყველაფერი შეუძლიათ. მაგათ მდგომარეობაში ყოფნა როგორია? სამი დღის წინ რიხით მიაჭირეს ხელი და დღეს წინააღმდეგ წავიდნენ. მაგათ ადგილზე მერჩივნებოდა, მიწა გამსკდომოდა“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

განცხადება გააკეთა საქართველოს სტრატეგიულად მეგობარი ქვეყნის აშშ-ის ელჩმაც. კელი დეგნანმა თქვა, რომ ეს შედეგი ქართველი ხალხის მიერ დადგა და ახლა მთავარი ევრორეკომენდაციების შესრულება და კანდიდატის სტატუსის მიღებაა.

„საქართველოს მოსახლეობამ, განსაკუთრებით სტუდენტებმა და ახალგაზრდებმა, ისაუბრეს ხმამაღლა, მკაფიოდ და მმართველმა პარტიამ ბოლოს და ბოლოს მოუსმინა მათ. საქართველოს არ სჭირდება ეს კანონები. უკვე არსებობს საკმარისი დაცვა და გამჭვირვალობა იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოში შემოსული მთელი ფინანსური დახმარება გამოყენებული იყოს საქართველოს საუკეთესო ინტერესებისთვის. იმ ქართველების დასახმარებლად, ვინც ბევრს მუშაობს ადგილობრივი საზოგადოების სახმარებლად ქვეყანაში. ამას აკეთებს უცხოური დახმარება საქართველოში 30 წლის განმავლობაში. ახლა მთელი ყურადღება და ენერგია უნდა მიემართოს კანდიდატის სტატუსის მიღებისკენ, რისი ხილვაც სურს მოსახლეობას“, – განაცხადა ელჩმა.

კამპანია ჰეშთეგით #არარუსულკანონს პარლამენტის მიერ ოფიციალური სამართლებრივი პროცედურით დასრულდა. ვენეციის კომისიასაც აღარ მოუწევს არავისთვის საჭირო კანონპროექტების განხილვა და აღარც ქართველ ხალხს მოუწევს გადაბმულად ღამეების თენება იმ შენობის წინ, სადაც ბოლო 30 წელია ერი დაუღალავად იცავს მის მომავალს. მომავალს, რომელიც მკაფიოდ ნათელი და ევროპულია.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend