მთავარიკუბისოციალურ ქსელში „უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ

სოციალურ ქსელში „უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ

უფრო და უფრო მეტი ადამიანი გამოხატავს პროტესტს „უცხოური გავლენის აგენტებთან” დაკავშირებით წარდგენილ კანონპროექტებთან დაკავშირებით.

მათ შორის არის “საქართველოს ახალგაზრდა ელჩების” პროგრამის 19 მონაწილე, რომელიც „ხალხის ძალის” კანონპროექტს აკრიტიკებს. ასევე სოციალურ ქსელში უკვე ათასზე მეტმა მომხმარებელმა გამოაქვეყნა პოსტი ჰეშთეგით #არარუსულკანონს.

“თითოეული ჩვენგანის საქმიანობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, წლების განმავლობაში, ნაკარნახევი იყო ჩვენი ქვეყნის სიყვარულით და სურვილით, რომ საქართველო, როგორც დემოკრატიული ქვეყანა, თავისი გამორჩეული კულტურითა და ისტორიით გაგვეცნო რაც შეიძლება მეტი უცხოელისთვის. დღეს, ამ კანონონპროექტის მიღებით, ვდგავართ დემოკრატიულობისა და დასავლეთის მხარდაჭერის დაკარგვის საფრთხის წინაშე, რაც დამღუპველია ჩვენი ქვეყნისთვის.

ასევე, მიგვაჩნია, რომ კანონი ‘’უცხოური გავლენის აგენტების’’ შესახებ შეზღუდავს როგორც ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას, ასევე, მედია-ორგანიზაციებს.
მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს წარმოდგენილ საკანონმდებლო პროექტს და საფრთხის ქვეშ არ დააყენოს ქვეყნის ევროპულ ოჯახთან გაერთიანების პერსპექტივა”, – ვკითხულობთ განცხადებაში. 

განცხადების ხელმომწერები სხვადასხვა წლებში მონაწილეობდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამაში, რომელიც საზღვარგარეთ მცხოვრებ ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, ერთი წლით გახდნენ “ახალგაზრდა ელჩები” და ხელი შეუწყონ საქართველოს პოპულარიზაციას სხვადასხვა ქვეყანაში.

პროტესტს შეუერთდნენ ქართველი მასწავლებლები ეროვნული ჯილდოს მასწავლებლების კავშირიდან.

“მიგვაჩნია, რომ კანონპროექტი არ ემსახურება საქართველოს მოსახლეობის საჭიროებებს და ზიანს მოუტანს მის უდიდეს უმრავლესობას. რაც მთავარია, მისი განხილვაც კი, საფრთხეს უქმნის საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებას.

აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ ავტორებს გაიწვიონ აღნიშნული კანონპროექტი; მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტსა და მმართველ პარტიას, არ დაუჭირონ მხარი აღნიშნულ კანონპროექტს. ამავდროულად, მოვუწოდებთ საჯარო უწყებებს და იქ დასაქმებულ ადამიანებს, განსაკუთრებით კი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რომ ხმა აიმაღლონ არსებული კანონპროექტის წინააღმდეგ. და ბოლოს, მოვუწოდებთ საზოგადოებას, განსაკუთრებით კი ჩვენს კოლეგებს, გამოხატონ თავიანთი პროტესტი, რათა არ დავუშვათ აღნიშნული კანონპროექტის მიღება”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

გამოქვეყნდა ასევე საუნივერსიტეტო საზოგადოების მერ შექმნილი პეტიცია, რომელშიც შედიან საქართველოს უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალი ,მკვლევრები და სტუდენტები. გამოქვეყნებული პეტიციის ავტორების თქმით, იმ კანონპროექტების, რომელიც წარადგინა “ხალხის ძალამ”, რომელიმე მათგანის კანონად ქცევის შემთხვევაში, ძალაუფლება შეიძენს საზოგადოებაზე კონტროლის პოტენციურ ტოტალიტარულ ინსტრუმენტს.

ასევე გამოხატეს პოზიცია სტუდენტური პარლამენტის ასამდე წევრმა.

ასევე გავრცელდა ეროვნული მუზეუმიდან და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან გათავისუფლებული თანამშრომლების განცხადება, რომელსაც 33 ადამიანი აწერს ხელს.

სოციალურ ქსელში აქტიურად იყებენ ჰეშთეგს #არარუსულკანონს, რომელთან დაკავშირებითაც უკვე ათასზე მეტი პოსტი გამოქვეყნდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend