მთავარიგადაცემებითვითმხილველიცხოვრება უკრაინაში ომის ერთი წლის თავზე: დაქანცული, მაგრამ უდრეკი

ცხოვრება უკრაინაში ომის ერთი წლის თავზე: დაქანცული, მაგრამ უდრეკი

უკრაინაში ომი დაწყებიდან ერთი წლის თავზე ისევ ჩავედი. ისევ  მაიდანის მოედანზე გავედი, კიევის ცენტრში, ზუსტად იქ, სადაც ვიდექი იმ დღეს, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. აქაურობა შეცვლილია. ბარიკადების უმეტესობა აიღეს, აღარც ქვიშით სავსე ტომრები აწყვია.

მაგრამ რაც არ შეცვლილა, ეს უკრაინელების უჩვეულო წინააღმდეგობის უნარია, რომელიც უკრაინელებს ომიდან ერთი წლის თავზეც არ დაუკარგავთ, მიუხედავად ყველაფრისა.

ნაომარ ქალქებსა და სოფლებში მოვისმინე, რაც იქაურ მოსახლეობას გადახდა თავს, თუ როგორ დაიქსაქსა ოჯახები, მაგრამ მაინც იმედიანად არიან განწყობილი.

ირპინის სკოლა: ბომბის თავშესაფრები და სამხედრო მომზადება

ქალაქი ირპინი უკრაინის დედაქალაქის კარიბჭეა. ირპინი ერთ-ერთია კიევის რეგიონის ქალაქებს შორის, რომელსაც რუსეთის თავდასხმამ  ყველაზე მეტად გაანდაგურა.

ერთი წლის შემდე აქაური მოსახლეობა  ცდილობს, მეტ-ნაკლებად ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს. ყოველ დილით ბავშვები ირპინის ლიცეუმ „მირიასკენ“ მიიჩქარიან. სკოლამ, რომელიც კიევის მისადგომებთან ბრძოლის დროს ევაკუირებული იყო, ისევ გახსნა კარი გასულ შემოდგომაზე, როდესაც ახალი სასწავლო წელი დაიწყო. სკოლის დირექტორი ამით ძალიან ამაყობს.

მას შემდეგ სკოლა მთლიანად აღადგინეს. საჰაერო განგაშის ან ელექტრომომარაგების გათიშვის დროს, რაც ჯერ კიდევ ხშირად ხდება,  ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.

„ყველა ბავშვის გადაადგილებას მასწავლებლები უწევენ ორგანიზებას, ყველამ იცის, სად წავიდეს, რომელ თავშესაფარში,“ -განმარტავს ივან პტაშნიკი, ირპინის „მირიას ლიცეუმის“ დირექტორი.

საკლასო ოთახებში გაკვეთილები ფიზიკური დასწრებითაც ტარდება და დისტანციურადაც მათთვის, ვინც შორს ცხოვრობს. განგაშის დროს თავშესაფარი რომ არ გადაიტვირთოს, ის ბავშვებიც, რომლებსაც ფიზიკურად მოსვლა შეუძლიათ, რიგრიგობით დისტანციურად ესწრებიან გაკვეთილებს. ბევრი მოწაფე გასულ შემოდგომაზე სკოლის გახსნამდე უცხოეთში ან ქვეყნის სხვა ნაწილში იყო გადახვეწილი. მათ ახლა სკოლაში იმასაც ასწავლიან, თუ როგორ დაივიწყონ ომი – ან თითქმის დაივიწყონ.

უფროსკლასელებს იარაღის გამოყებეას ასწვალიან.   ამ საბჭოთა პერიოდის მემკვიდრეობას ომამდე ბავშვები დასცინოდნენ. ახლა აღარ ეცინებათ.

“სამწუხაროდ, ამის სწავლა საჭიროა, რათა დავიცვათ უკრაინა, ჩვენი სახლები და ოჯახები,“ – ამბობს 16 წლის ანასტასია.

 

გორენკა – მოსახლეობა და ბიზნესი ცხოვრებას აგრძელებს

ბუჩის რაიონის სოფელი გორენკა რუსული ოკუპაციის დროს განადგურდა. აქ არასმათავრობო ორგანიზაცია „გაბედული აღმშენებლების“  მოხალისეები ნანგრევებს ასუფთავებენ.

ტეტიანასა და მისი ოჯახის ორი სახლიდან  არაფერი დარჩა. ეს ახალგაზრდა მოხალისეები დასახმარებლად მოვიდნენ, რათა ნანგრევები გაიტანონ. ხალხის თანადგომამ იმედი მისცა ადგილობრივ ტეტიანა იჰნატენკოს, რომლის სახლიც დაინგრა.

“თითქმის იმ ქვეყნიდან მომაბრუნეს. ახლა ვასუფთავებთ ტერიტორიას, რომ ხელახლა ავაშენოთ,“ – ამბობს ტეტიანა.

გორენკაში ომამდე უამარავი კომპანია მუშაობდა და ათასობით ადამიანს ასაქმებდა. მრავალი მათგანი განადგურდა, მაგრამ არა ყველა.

კომპანია UGEARS-ის მოძრავ ხის მოდელებს აწარმოებს. მისი პროდუქცია მთელ მსოფლიოში გადიოდა ექსპორტზე და კომპანიის რეპუტაციას ქმნიდა. აქ დასაქმებული 200 თანაშრომლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ წარმოება რაც შეიძლება სწრაფად განახლებულიყო, თუნდაც ომის პირობებში.

“ჩემი აზრით, ეს  უკრაინისთვის მნიშვნელოვანია, რადგან სიამაყის საფუძველს იძლევა ის, რომ არ ვტყდებით, რომ ისევ შეგვიძლია ფეხზე დადგომა, მიუხედავად ასეთი  ნგრევისა,“ – ასე ფიქრობს რობერტ მიკოლაიევი, კომპანია UGEARS-ის მთავარი ინჟინერი.

დაბადების დღე ბოროდიანკას თავშესაფარში

მივდივარ ბოროდიანკაში, რომელიც კიევიდან 50 კილომეტრში მდებარეობს. ეს ქალაქი ყველაზე მეტად დაიბომბა ამ რეგიონში. ამ უბნის მკვიდრთ საერთოდ აღარაფერი არ დარჩათ.

ათასობით ადამიანი იძულებული გახდა, წასულიყო. ზოგიერთმა ასეთ ცენტრს შეაფარა თავი, რომელსაც პოლონეთი აფინანსებს.  დაახლოებით 300 კაცი კი  ასაწყობ სახლებში ცხოვრობს. სულ მალე ამდენივეს ახალ ბლოკებში განათავსებენ.

როდესაც ერთ-ერთ თავშესაფარს მივაკითხეთ, ორგანიზაცია „Food Foundation”-ის მოხალისეებს სევხვდით, რომლებიც აქაურ ხალხს ამარაგებენ. მათ ერთ-ერთ თავშეფარებულს თამარას წითელი ვარდების თაიგული მიართვეს და ძალიან გააკვირვეს.

„დღეს ჩემი დაბადების დღეა,“ – აუხსნა ტამარამ „ევრონიუსსს. „ერთი წლის წინ სუფრასთან ვისხედით, მუსიკა უკრავდა. მხიარულ ამბებს ვიხსენებდით და ვხალისობდით. ახლა არც კი ვიცი, რა გავიხსენო. არაფერია გასახსენებელი. მხოლოდ გამარჯვებას ველოდებით. ვიცით, რომ ეს მოხდება, მაგრამ ეს სწრაფად  გვინდა, რადგან მეტი აღარ შეგვიძლია“.

გათავისუფლებული ხარკივი

ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქი ხარკივმა რამდენიმეთვიანი მძიმე ბრძოლები გადაიტანა, სანამ უკრაინის არმიამ ეს რეგიონი სრულად გაწმინდა რუსული ჯარისგან გასულ სექტემბერს. თუმცა ეს შეუპოვრობა ძალიან ძვირი დაუჯდა უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქს. რამდენიმე თვის შემდეგ დაძაბულობამ ხარკივში ისევ მოიმატა. რუსეთის საზღვრიდან 30 კილომეტრის დაშორებით მდებარე ქალაქი ისევ რუსული რაკეტების სამიზნეა.

ნატალია პონიატოვსკა იმ საამქროს მენეჯერია, რომელიც ომის რეალობას მოერგო .ომამდე ნატალია სტილისტი იყო და ქალის ტანსაცმელს კერავდა. ის და მისი გუნდი ახლა თავის ოსტატობას უკრაინის ჯარის სამსახურს ახმარს.

“ვინ იფიქრებდა, რომ ბუმბულებიდან და ფურფუშელებიდან სამხედრო ნივთებზე გადავიდოდით?“ -ამბობს ნატალია.

ზურგჩანთები, ტყვიაგაუმტარი ჟილეტები, სატელიტებისა და მზის პანელების შალითები, თერმული საცვლები – აი, ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ ნივთებისა, რომლებსაც აქ შეკვეთით ამზადებენ ფრონტის ხაზზე გასაგზავნად.

“ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც ომისთვის გამოდგება, როგორიც, მაგალითად, შეიარაღებული ძალებისთვის საჭირო  ელემენტების დასამუხტი მოწყობილობის ჩასადები ზურგჩანთაა. აპარატი ზურგჩანთაში თავსდება. ჯარისკაცებმა გვითხრეს, რომ ალყაში მოქცეულმა 29 კაცმა შეძლო თავის დაღწევა, რადგან ამ მოწყობილობის  წყალობით ვერავინ შეამჩნია. ამის დამსახურებით ყველა ცოცხალი და ჯანმრთელია. ამიტომაც ვამაყობთ ჩვენი საქმით! ჩვენს გუნდს გამარჯვების სურვილი აძლევს მოტივაციას. თუმცა აქ უქმად ლოდინს არ ვაპირებთ, იმიტომ ვშრომობთ, რომ ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს.სამი წლის შვილიშვილი ბიჭი მყავს. მინდა, რომ თავისუფალ უკრაინაში გაიზარდოს. აი, ეს მახსოვს, პირველ რიგში, “ – ამბობს ნატალია და თვალები ცრემლებით ევსება.

შეუპოვარი სალტივკა

სალტივკის გარეუბანს მხოლოდ 20 კილომეტრი აშორებს რუსეთის საზღვარს. ეს არის ხარკივის შესასვლელი. აქაურობის ნგრევის მასშტაბი წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს. ომამდე აქ 40 ათასი კაცი ცხოვრობდა. ახლა მხოლოდ 2-3 ათასია დარჩენილი.

ოლგამ და მისმა დამ მთელი ცხოვრება სალტივკაში გაატარეს. გასულ წელს კი მათი სახლი ბომბმა გაანადგურა.

ახლა დები ხარკივში ცხოვრობენ, მაგრამ აქ ხშირად მოდიან ნათესავების მოსანახულებლად. თუმცა დარდი დიდი აქვთ – ოლგამ ქმარი დაკარგა, იგი  მეგობართან ერთად მოკლეს, როდესაც ბენზინგასამართი სადგურისკენ მიდიოდნენ.

ოლგა ჟუკოვსკა, სალტივკის მცხოვრები:

„აქაურობას ცრემლების გარეშე ვერ ვუყურებ. სიტყვები არ მყოფნის. ყველაფერი მოსპეს. დაგვიხოცეს საყვარელი ადამიანები, მშობლები, ქმრები, შვილები. ძველი ცხოვრება მოგვისპეს. აღარც სამსახურია, არც არაფერი.“

მართალია, რეკონსტრუქცია მიმდინარეობს, მაგრამ ეს ძალიან რთული საქმეა, მომავალი კი ბუნდოვანია. ყოველი დღე არსებობისთვის ბრძოლაა მათთვის, ვინც დარჩა. მრავალი მათგანისთვის არსებობის ერთადერთი საშუალება ის ჰუმანიტარული დახმარების პუნქტებია, როგორიც მაგალითად უბნის სკოლაშია მოწყობილი.

მთელ უკრაინაში გახსნილია ე.წ. „შეუპოვრობის პუნქტები“, იქნება ეს კარავი თუ სხვა ტიპის თავშესაფარი, რათა ხალხი სადღაც მაინც გათბეს და სული მოითქვას.

21 წლის ოლექსი აქ ხშირად მოდის, რათა ტელეფონი დამუხტოს, თბილი სასმელი მიირთვას ან უბრალოდ ტელევიზორს უყუროს. თუმცა ასეთი დასვენების დროსაც ომზე ფიქრი არ შორდება.

“ჩვენ მუდმივად ვიბომბებით. ასეთ პირობებში შეუძლებელია წყლისა და ბუნებრივი აირის მომარაგების ქსელების ან ნებისმიერი სხვა მომსახურების აღდგენა. უკეთესობა არ გვექნება, სანამ ომია,“ – ამბობს ოლექსი შესტოპალოვი, სალტივკის მცხოვრები. „თუ ევროპელებს და მსოფლიოს ჩემი ხმა ესმის, მინდა მოვუწოდო მათ,  უფრო გადამჭრელი ზომები მიიღონ ახლავე, სანამ რუსები უფრო დიდი ჯარით შემოვლენ ჩვენს ტერიტორიაზე. ახლა ისეთ მომენტი დგას, როდესაც შეგვიძლია ომის შეჩერება უფრო ხისტი ზომების გატარებით…მაგრამ თქვენი დახმარება და უფრო გადამწყვეტი ქმედება გვჭირდება თქვენი მხრიდან“.

ავტორი: ვალერი გორია

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend