რუსეთის ხელისუფლების თქმით, ბახმუტის შესასვლელებსა და გასასვლელებზე მუდმივი იერიშებით აძლიერებს კონტროლს ქალაქზე.
როგორც ერთ-ერთი უკრაინელი სამხედრო მეთაური ამბობს, ბახმუტში ნამდვილი ჯოჯოხეთია. თუმცა უკრაინელები არ თმობენ ბახმუტს და ქალაქის შემოგარენში, ფრონტის ხაზზე, სტაბილურობას ინარჩუნებენ.
თავის ყოველდღიურ მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მათი სამხედროები ურთულეს მდგომარეობაში არიან დონბასის რეგიონში, მათ შორის ქალაქ ბახმუტში.
ვოლოდიმირ ზელენსკი მადლობას უხდის იმ ადამიანებს, რომლებიც სიცოცხლეს წირავენ უკრაინისთვის. იგი განსაკუთრებულ პატივისცემას გამოხატავს დონბასის რეგიონში მებრძოლი ჯარისკაცების მიმართ მათი სიმამაცის, ძალისა და გამძლეობის გამო. როგორც პრეზიდენტი ამბობს, ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული და მტკივნეული ბრძოლაა.
რეგიონში მცხოვრები მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის კი ცხოვრება კიდევ უფრო რთულდება.
ადამიანები იძულებული არიან, სადილი ქუჩაში მოამზადონ. მათი უმეტესობა სარდაფებში ელექტროენერგიის, გათბობისა და წყლის გარეშე ცხოვრობს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ისინიც ცოცხალი ადამიანები არიან და მათაც ეშინიათ. სურთ, რომ გადაწყვეტილება სწრაფად მიიღონ და ომი მალე დასრულდეს, რადგან ასეთი ყოფა უკვე გაუსაძლისია.
როგორ ჩანს, რუსეთს სურს, დონბასის რეგიონი და მათ შორის ქალაქი ბახმუტი სრულად გააკონტროლოს. თუმცა ამჟამად ორივე მხარე საბრძოლო მასალების ნაკლებობის შესახებ საუბრობს.