მთავარისაქართველო„უცხოური გავლენის აგენტი“ - კანონპროექტების განხილვა მომდევნო კვირას განახლდება

„უცხოური გავლენის აგენტი“ – კანონპროექტების განხილვა მომდევნო კვირას განახლდება

მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე – გარეთ, „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტებს – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ – გაერთიანებულმა კომიტეტმა მხარი უკვე დაუჭირა. მას უახლოეს დღეებში იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს.

„ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ არ გაიზიარა პარტნიორების მოწოდება, რომ ამ კანონისთვის ხმის მიცემა ევროკავშირისა და ნატო-ს წინააღმდეგ ხმის მიცემას ნიშნავს.

2 მარტს განვითარებული მოვლენების შემდეგ „ხალხის ძალა“ აცხადებს, რომ მათ ოპოზიციის მხრიდან არგუმენტირებული შენიშვნები არ მოუსმენიათ. ისინი ოპონენტებს კოლონიალურ აზროვნებაში სდებენ ბრალს.

„ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი, ნედ პრაისი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე მან აღნიშნა, რომ ეს კანონი თანხვედრაში არ არის ქართველი ხალხის იმ მისწრაფებებთან, რასაც ისინი ბოლო ათწლეულების განმავლობაში გამოხატავენ და არც იმ მომავალთან , რაც მათ საკუთარი თავისთვის განსაზღვრეს და რომლის მიღწევაშიც მათ აშშ ეხმარება.

კანონპროექტების განხილვა მომდევნო კვირას განახლდება.

სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ პროტესტს არ შეწყვეტენ, ვიდრე უკან არ გაიწვევენ კანონპროექტებს, რომლებიც, მათივე თქმით, ქვეყნის მომავალს საფრთხის ქვეშ აყენებს.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend