მთავარისაქართველობაკურიანში ახალ საშეჯიბრო ტრასას ლადო ალექსი-მესხიშვილის სახელი მიენიჭა

ბაკურიანში ახალ საშეჯიბრო ტრასას ლადო ალექსი-მესხიშვილის სახელი მიენიჭა

ბაკურიანში, ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში დიდველის ფერდობზე, ერთ-ერთ სასრიალო ტრასას, რომელიც ჰალფ ფაიფის დისციპლინისთვის აშენდა, სახელგანთქმული არქიტექტორისა და ზამთრის სპორტის ქომაგის, ლადო ალექსი-მესხიშვილის სახელი მიენიჭა. ლადო ალექსი-მესხიშვილი გასული საუკუნის არაერთი მნიშვნელოვანი არქიტექტურული ნამუშევრის ავტორია. მის პროექტებს შორისაა ფოსტისა და ტელეგრაფის ყოფილი შენობა, ჭადრაკის სასახლე, წყალტუბოს სანატორიუმი, სპორტის სასახლე და მრავალი სხვა.

“ეს არის უმნიშვნელოვანესი დღე პირადად ჩემთვის და მთელი ჩვენი ოჯახისთვის. ძალიან სასიხარულოა რომ ბაკურიანში ამ ტრასას მამაჩემის სახელი დაერქმევა. ძალიან მრავალმხრივი ადამიანი იყო, არქიტექტორი, მოცურავე, სულ კითხულობდა, თხილამურიც ჩვენი ცხოვრების დიდი ნაწილი იყო. მამაჩემი აქ იმ საუკუნის დასაწყისში დადიოდა, როცა საერთოდ საბაგირო არ არსებობდა, ტკეპნიდნენ ფეხით ამ ტრასას და… ეს არის საოცრება”, — აცხადებს მხატვარი და ლადო ალექსი-მესხიშვილის შვილი გოგი ალექსი-მესხიშვილი.

“მამაჩემი სიცოცხლის თითქმის ბოლომდე თხილამურზე დადიოდა აქ ბაკურიანში. ძალიან ბევრი რამ გააკეთა არამხოლოდ თავის სპეციალობაში არამედ ამ ზამთრის სპორტში და ძალიან დიდი მაგალითი იყო ახალგაზრდებისთვის. მე მახსოვს, ჩვენ დროს ძალიან ბევრმა ახალგაზრდამ დაიწყო თხილამურზე სიარული და ბაკურიანი ნელ-ნელა განვითარდა. რაც ახლა ხდება, მსოფლიო ჩემპიონატი, ეს უდიდესი წარმატებაა”, — ამბობს ქეთი მესხიშვილი, ლადო ალექსი-მესხიშვილის შვილი

ლადო ალექსი-მესხიშვილი ქართველი მოთხილამურეების პირველი თაობის წარმომადგენელია, რომელმაც არაერთ ახალგაზრდას გაუღვივა ამ სპორტისადმი ინტერესი. ის თხილამურებით დაშვებისას მისთვის სახასიათო სალტოებითაა ცნობილი, რომლებიც დღეს უკვე ფრისტაილის სახეობებს განეკუთვნება.

“ეს იყო პიონერი, ვინც დაიწყო სამთოსათხილამურო სპორტი ბაკურიანში და საერთოდ საქართველოში. მრავალმხრივ დაჯილდოებული ადამიანი, ძალიან ცნობილი არქიტექტორი და ასე შემდეგ, უამრავი თვისებით დაჯილდოებული ადამიანი. ზუსტად მისი სახელი დაერქვა ამ მშვენიერ ტრასას, აქ იყო მისი მთელი ოჯახი, შვილები, შვილიშვილები. ეს არის ტრადიციების გაგრძელება, ეს ისტორია გრძელდება და ასე გადაეცემა შემდეგ თაობებს”, — აცხადებს სილქნეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი რამიშვილი.

ლანა ღოღობერიძე იხსენებს, როგორ შეხვდა ბაკურიანში ლადო ალექსი-მესხიშვილის. ჯერ კიდევ მაშინ, როცა იქ ინფრასტრუქტურა თითქმის არ არსებობდა და როცა ტრასებზე თოვლს ჯერ კიდევ ფეხით ტკეპნიდნენ.

“ლადო განსაკუთრებული ადამიანი იყო ამ მხრივ. მართლა ნოვატორი თავისი ბუნებით. სათხილამუროდ ბაკურიანი მან აღმოაჩინა 30-იან წლებში, იმის მერე დაარსდა ტრასები, ყველაფერი ეს… ლადო გავიცანი სწორედ იქ, ბაკურიანის ტრასაზე, მაშინაც უკვე ყველაფრით გამორჩეული იყო, შავი ანორაკი ეცვა, თავზე გადმოფარებული. უცხო ფრინველს ჰგავდა საიდანღაც მოფრენილს. იყო შეჯიბრი, კაცების და ქალების, ერთი ნომერი შეგვხვდა, ლადოსაც და მეც, 13. ლადომ გაიკეთა ნომერი, წამოვიდა, ულამაზესად დადიოდა. იმ დღეს დაეცა, კინაღამ ხეს შეასკდა. ვიყავით გულგახეთქილი, მერე წამოდგა, მოვიდა, გამიკეთა ნომერი და იმედია თქვენ უფრო ბედნიერი იქნებითო ამ ნომრით.  ჩემთვის, და ასევე ლადოსთვის, ეს არ იყო უბრალოდ სპორტი და სასიამოვნო გართობა. ეს იყო თავისუფლებასთან ზიარება, იმ საბჭოთა დროს, თავისუფლების განცდა მე მახსოვს ბაკურიანში, განსაკუთრებით, კოხტის წვერზე რომ იდექი და უცბად მთელი კავკასიონი იყო შენ წინ გადაშლილი. ეს იყო ბედნიერებაც და თავისუფლებაც”, — აცხადებს ლანა ღოღობერიძე, რეჟისორი, ლადო-ალექსი მესხიშვილის მეუღლე.

ბაკურიანის ტრასების პირველ გამკვალავებს, ძალიან ბევრი მიმდევარი გამოუჩნდა საქართველოში. ამიერიდან ისინი ლადო ალექსი-მესხიშვილის ტრასაზეც ისრიალებენ…

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend