მთავარისაქართველოეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის კობა გვენეტაძის ეკონომიკური პროგნოზები

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის კობა გვენეტაძის ეკონომიკური პროგნოზები

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე შვიდწლიანი მუშაობის შემდეგ, კობა გვენეტაძე ახლო მომავლის ეკონომიკურ პროგნოზებს აკეთებს.

ინფლაცია, რომელიც პანდემიის პერიოდიდან, საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთ მაღალ ნიშნულზეა, მისი განცხადებით, წლის განმავლობაში დაიკლებს. თუმცა, ომის ფაქტორის გათვალისწინებით, არც ისე სწრაფი ტემპით.

ეროვნული ბანკის წარსული პროგნოზები, რომლის თანახმად, ინფლაცია სწრაფი ტემპით გაზაფხულიდან დაიკლებდა, კობა გვენეტაძის თქმით, არ გამართლდა.

„ინფლაცია უფრო ნელა მცირდება, ვიდრე ჩვენი ადრეული პროგნოზებით ვვარაუდობდით. იანვრის მონაცემებით, წლიური ინფლაცია იყო 9,4%. ჩვენი ახლანდელი პროგნოზით, თუ ეს ეკონომიკური მაჩვენებლები შენარჩუნდება, კლების ტენდენცია გაგრძელდება. თუმცა, საშუალო წლიური ინფლაცია მაინც მაღალი დარჩება, ვიდრე ჩვენი ქვეყნის სამიზნე მაჩვენებელია 3%-ის ფარგლებში. მაგრამ, წლიურ ჭრილში სურათი უკეთესი გვექნება, ვიდრე შარშან იყო“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

კობა გვენეტაძე, მკაცრ მონეტარულ პოლიტიკაზე ამბობს, რომ ბანკს მეტი გამოსავალი არ ჰქონდა. მოსახლეობისა და ბიზნესის წუხილის მიუხედავად, მისი თქმით სახელმწიფომ მოქალაქეებს მეტი ვერაფერი შესთავაზა. ყოფილი პრეზიდენტი, ახლო მომავალში საპროცენტო განაკვეთის შემცირებას არ ელის.

„აბსოლუტურად გასაგებია მოსახლეობის ადა ბიზნესის წუხილი, მაღალ საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებით, თუმცა ეროვნულ ბანკს ამ პერიოდში სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. არც ახლო მომავალში ველოდებით, რომ შემცირდება“, – დასძინა მან.

კობა გვენეტაძის განცხადებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში დაფიქსირებული ორნიშნა ეკონომიკური ზრდით, წელს შესაძლოა მთავრობამ თავი ვეღარ მოიწონოს, რადგან ერთჯერადი ფაქტორები განლევადია და მისი პროგნოზით, წელს ის 4%-ს მიაღწევს.

„ზედიზედ ორი წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკის წლიურმა ზრდამ ორნიშნა მაჩვენებელი შეადგინა. ეს ძირითადად განპირობებული იყო ერთჯერადი ფაქტორებით. როგორც კი ისინი მიილევა, რადგან ეს არის დროებითი მოვლენა, ეკონომიკური ზრდაც შენელდება. ეს მოხდება უკვე წელს. ის იქნება 4%-ის ფარგლებში. თუმცა, უკვე 2024-2025 წლებში, ახლანდელი პროგნოზით ი 5-6%-ის ფარგლებში შეიძლება იყოს“, – აღნიშნავს ყოფილი პრეზიდენტი.

კობა გვენეტაძე საქართველოს პარლამენტმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტად, 2015 წელს დანიშნა. ვინ ჩაიბარებს ქვეყნის მთავარ ფინანსურ უწყებას, ჯერჯერობით უცნობია.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend