საქართველოში მოქმედი ათობით რელიგიური ორგანიზაციის საქმიანობასა და სახელმწიფოსთან ურთიერთობას, უკვე რამდენიმე წელია რელიგიის საკითხთა სააგენტო არეგულირებს.
გასული სამი წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციისას, სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ თქვა, რომ პანდემიიდან გამომდინარე, ურთულესი პერიოდი გადალახეს.
განსაკუთრებული ყურადღება კი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული რელიგიური სიძველეების მდგომარეობაზე საუბარს დაუთმო.
სააგენტომ საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციისას, წარმოადგინა ოკუპირებულ აფხაზეთში ფარულად გადაღებული ვიდეომასალა, სადაც ნაჩვენებია დე-ფაქტო რეჟიმის მიერ ქართული ეკლესია-მონასტრებისა თუ სხვა რელიგიური სიძველეების მიზანმიმართულად განადგურების ფაქტები.
ამის გარდა, ისაუბრა სხვადასხვა ერთობლივ პროექტზე, რომელიც ყველა დაინტერესებული რელიგიური კონფესიის მონაწილეობით განხორციელდა.
„რელიგიის სააგენტოს საქმიანობას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკის, სახელმწიფოსა და რელიგიური ორგანიზაციების ურთიერთობების მოწესრიგების, ქვეყანაში ტოლერანტული რელიგიური გარემოს ჩამოყალიბების საქმეში. ყურადღებას გავამახვილებ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ ვითარებაზე, სადაც ირღვევა ეროვნებით ქართველების და აღმსარებლობით მართლმადიდებლების რელიგიის, გამოხატვის, თავისუფლად გადაადგილების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება, ნადგურდება, თვითნებურად იერსახე ეცვლება ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესია-მონასტრებს. ამიტომ, ამ მხრივ ინტენსიური მუშაობაა გასაგრძელებელი“, – განაცხადა ზაზა ვაშაყმაძემ.
ღონისძიებაზე დამსწრე რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს, სააგენტოს მუშაობასთან დაკავშირებით შენიშვნები და პრეტენზიები არ გამოუთქვამთ. მათი თქმით, სააგენტო ცდილობს დაეხმაროთ გამოწვევების დაძლევასა და სახელმწიფოსთან ურთიერთობაში.
„როდესაც რელიგიის სააგენტო ყველა კონფესიის წარმომადგენელს ეპატიჟება, ეს ძალიან კარგი გზაა საერთო საკითხების გადასაჭრელად. ჩვენ გვჭირდება, რომ ასეთი შეხვედრები ხშირად გაიმართოს, რადგან ვიცით ჩვენი როლი სახელმწიფოს წინაშე. სწორედ ამიტომ ვარ აქ, რომ მოვისმინო რა შეიცვალა ბოლო პერიოდის განმავლობაშ უკეთესობისკენ და რა გამოწვევებია“, – განაცხადა ვატიკანის ელჩმა საქართველოში ჟოზე აველინო ბეტანკურიმ.
ღონისძიებას სასულიერო პირების, დიპლომატიური კორპუსისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების გარდა, პარლამენტიდანაც დაესწრნენ. ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ თქვა, რომ სახელმწიფომ რელიგიური თავისუფლებისა და ტოლერანტული გარემოს უზრუნველყოფისთვის, ყველაფერი უნდა გააკეთოს.
„ნაპოვნია ისეთი მიმართულებები, რომელთა გადაწყვეტაშიც ყველა კონფესიას შეუძლია წვლილი შეიტანოს, როგორც რელიგიური აღმსარებლობის, ისე ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით. მაგალითად ასეთია შშმ პირების საკითხები რელიგიურ ჭრილში. ამ მხრივ სასულიერო პირთა და მრევლის ცნობიერების ამაღლება და მრავალი სხვა. ზოგადად, ამ და სხვა საკითხების გადასაწყვეტად შეიქმნა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და ის წარმატებით ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო 2014 წელს შეიქმნა და მის ძირითად მოვალეობას მწყობრი რელიგიური პოლიტიკის ჩამოყალიბება წარმოადგენს.
ალეკო გვეტაძე