ბოლო სამი წლის განმავლობაში „ბიბლიური თავისუფლების“ მომსახურებით 40 ათასამდე ახალგაზრდამ ისარგებლა და ასე აარიდა თავი სავალდებულო სამხედრო სამსახურს. ამის შესახებ დღეს პარლამენტში თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ისაუბრა. გრიგოლ გიორგაძის განცხადებით, თავდაცვის ახალი კოდექსის ამოქმედების შემდეგ, ნებისმიერი კონფესიის სასულიერო პირი დაექვემდებარება არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლას. მისი თქმით, ალტერნატიული სამსახურის სფეროების განსაზღვრის მიზნით ამჟამად კონსულტაციები მიმდინარეობს.
„სტატისტიკა არის ნამდვილად საგანგაშო. ლიდერობს „ბიბლიური თავისუფლება“, ყველასათვის ცნობილია და არავინ მალავას, რომ ეს იყო საკანონმდებლო ხარვეზის ხელოვნურად გამოყენება, იმისათვის, რომ ახალგაზრდებისთვის 50 ლარის სანაცვლოდ შეეთავაზებინათ ჯარის არიდება. ვფიქრობთ, რომ ეს სახელმწიფოს და იმ ახალგაზრდების დაცინვაა, ვისაც ამას სთავაზობენ და ასევე სხვა რელიგიური კონფესიებისთვისაც“, – განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ
„სამი წლის მანძილზე მე დაახლოებით 20 ათასს ადამიანს დავეხმარე, რომ სავალდებულო ჯარში არ წასულიყვნენ და მე ამ ფაქტით ძალიან ამაყი ვარ. არც კი ვიცი ჩემს სტუდენტობის წლებს უფრო ნაყოფიერად სად გავატარებდი. „ბიბლიურ თავისუფლებაში“ სამი წლის მანძილზე მოდიოდა ყველანაირი ადამიანი, მათ შორის თქვენი კოლეგების შვილები და ნათესავები. მათ უბრალოდ თავიანთი ცხოვრება ჰქონდათ და სჭირდებოდათ დახმარება, რომ ეპოვათ ყველაზე მარტივი გზა როგორ გადაივადებდნენ და უშველიდნენ თავს და ერთი წელი არ იქნებოდნენ, განა პატრიოტები, როგორც თქვენ ამბობთ, არამედ მონები, რომლებიც ერთი წელი უფასოდ შლაგბაუმს გააღებდნენ“, – მიმართა თავდაცვის მინისტრის მოადგილეს „გირჩის“ აპარატის ერთ-ერთმა წევრმა, რუსუდან აბუაშვილმა.
„გირჩის“ წარმომადგენლის ამ განცხადებას კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ხმაური მოჰყვა. სხდომა ხანმოკლე პაუზის შემდეგ განახლდა, დეპუტატები დაინტერესდნენ ხომ არ იქნება ახალი კოდექსი დისკრიმინაციული და უპირატეს მდგომარეობაში არ ჩააყენებს მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებს?
„იცვლება თუ არა კონკორდატის მუხლი ნომერი 4, სასულიერო პირი თავისუფლდება სამხედრო ვალდებულებისგან, მართლმადიდებელი სასულიერო პირები? იქედან გამომდინარე, როდესაც ეს ცვლილებები პრეზენტირებული იყო თავის დროზე, თქვენ თქვით, რომ ეს ცვლილებები შეეხება ყველა რელიგიურ დაწესებულებას, მათ არ ექნებათ ეს პრივილეგიები. მაგრამ, თქვენს მიერ შემოტანილ კანონპროექტში ეს პრივილეგია ეხსნება ყველას, მაგრამ რჩება მართლმადიდებლურ ეკლესიას. ეს ასეა თუ მეჩვენება?“ – იკითხა „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ
„მიუხედავად იმისა, რომ კონკორდატი არის მოცემულობა, სამხედრო ვალდებულების შესახებ კანონით ერთ სამართლებრივ რეჟიმში არის ყველა რელიგიური კონფესიის მღვდელმსახური. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ამ რეჟიმის შეცვლაზე, ეს აღარ იქნება გადავადების საფუძველი, ეს იქნება ალტერნატიული შრომითი სამსახურის სახით კონსტიტუციური ვალდებულების შესრულება, რაზედაც პრაქტიკულად ყველა რელიგიური კონფესიის წარმომადგენელმა მხარი დაგვიჭირა და ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რომ კიდევ უფრო დავხვეწოთ ალტერნატიული შრომითი სამსახური“ – უპასუხა გრიგოლ გიორგაძემ.
გარდა იმ ცვლილებისა, რომელიც სასულიერო პირებს ეხებათ, თავდაცვის ახალი კოდექსი რიგ სხვა ცვლილებებსაც ითვალისწინებს: – სავალდებულო სამხედრო სამსახურს მოქალაქეები მხოლოდ თავდაცვის უწყებაში გაივლიან, წვევამდელებს აღარ მოუწევთ ჯარის მოხდა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.
როგორც თავდაცვის მინისტრის მოადგილემ დღეს თქვა, სასულიერო პირების ნაწილში ცვლილება კანონში მაისში შევა, ხოლო სრულად თავდაცვის რეფორმა 2025 წლიდან ამოქმედდება.
გიორგი ბოლქვაძე