მთავარისაქართველოსაერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტი ბაკურიანში

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტი ბაკურიანში

მსოფლიოს საუკეთესო ფრისტაილ მოთხილამურეები და სნოუბორდერები ზამთრის სპორტის მოყვარულებს ბაკურიანში შესანიშნავ სანახაობას სთავაზობენ.

ფრისტაილის, ფრისკისა და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატი ბაკურიანში 16 თებერვალს დაიწყო და სამი კვირა გაგრძელდება. ბაკურიანში ჩავიდა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტი იოჰან ელიაშიც.

„შესანიშნავი გარემოა. შეჯიბრება შესანიშნავად არის ორგანიზებული, ეს მასშტაბური ღონისძიებაა. საქართველოში ამ მასშტაბის შეჯიბრი პირველად იმართება, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, თითქოს ეს შეჯიბრი აქ ხშირად ჩატარებულა,“ – განაცხადა იოჰან ელიაშმა.

ბაკურიანმა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება 2018 წელს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის 51-ე სათხილამურო კონგრესზე გამართულ წილისყრაზე მოიპოვა. 2021 წელს, კი ავსტრიის ქალაქ ზოლდენში სწორედ იოჰან ელიაშმა გადასცა საქართველოს, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის დროშა. მას შემდეგ კი ბაკურიანში მრავალი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. ბაკურიანში შეიქმნა ხელოვნური გათოვლიანების სისტემა, აშენდა ახალი საბაგიროების ქსელი და მოეწყო ტრასები.

„ჩვენ გვსტუმრობს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტი, რომელიც ადგილზე თავად გაეცნო იმ ინფრასტრუქტურას, რომელიც საქართველოს მთავრობამ უზრუნველყო მსოფლიო ჩემპიონატის ღირსეულად მასპინძლობისთვის. მნიშვნელოვანია რომ ძალიან წარმატებით უძღვება ჩვენი გუნდი მიმდინარე პროცესებს. ჩვენი ქვეყანა კონკრეტულად ბაკურიანი, კონკრეტული დღეების განმავლობაში არის საერთაშორისო მსოფლიო მედიის ყურადღების ქვეშ. რა თქმა უნდა ყოველივე ეს საბოლოო ჯამში აძლიერებს ჩვენი ქვეყნის ბრენდს, ზრდის ცნობადობას და რა თქმა უნდა მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება ახალ ეტაპზე გადაიყვანს სრულიად საქართველოს, ბაკურიანს და ყველა სამთო-სათხილამურო კურორტს“, – განაცხადა  ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა.

მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზატორებს და FIS-ის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ ბაკურიანსა და საქართველოში მომავალშიც შესაძლებელია მრავალი საერთაშორისო შეჯიბრების მასპინძლობა. ზამთრის სპორტისთვის მეტად ხელსაყრელი კლიმატიდან გამომდინარე კი ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ საქართველო და მისი სამთო-სათხილამურო კურორტები შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში სპორტსმენებისთვის სავარჯიშო ცენტრი გახდეს.

„მოკლე დროში საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტთან ერთად ჩავედით მესტიაში, ვაჩვენეთ ჩვენი მყინვარები, უშბა, თეთლუნდი, შხარა. მერე ჩამოვედით აქ ბაკურიანში. ჩვენ ვსაუბრობთ, რომ FIS-ის საზაფხულო სავარჯიშო ცენტრი სვანეთი გახდეს, რადგან იქ არის ძალიან დიდი მთები და ძალიან კარგი ტრასები. ვნახოთ როგორ განვითარდება,“ – ამბობს “სილქნეტის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი რამიშვილი.

„საქართველოში შეჯიბრებების ჩატარებისთვის შესაბამისი ბუნებაა, ვხედავ პოტენციალს, რომ აქ ზაფხულშიც გაიმართოს შეჯიბრებები თუ ვარჯიშები და ტურისტები სამხრეთით მდებარე სახელმწიფოებში გამგაზავრების მაგივრად, აქ ჩამოვიდნენ. საქართველო უფრო ახლოს მდებარეობს და აქ მაღალი ხარისხის თოვლია. საკმაოდ ბევრ პოტენციალს ვხედავ“, – განაცხადა იოჰან ელიაშმა.

ზამთრის სპორტის გულშემატკივარს მსოფლიოს საუკეთესო მოთხილამურეებისა და სნოუბორდერების ასპარეზობის ხილვა ბაკურიანში 5 მარტის ჩათვლით შეეძლება. ორგანიზატორები კი იმედოვნებენ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მიერ დატოვებული მემკვიდრეობა საქართველოს მომავალშიც ბევრ სარგებელს მოუტანს.

თორნიკე კოპლატაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend