მთავარიგადაცემებიბაკურიანი 2023უკრაინაში ომის ერთი წელი ბაკურიანშიც გაიხსენეს

უკრაინაში ომის ერთი წელი ბაკურიანშიც გაიხსენეს

უკრაინელი ერის ბრძოლა თავისუფლებისთვის და ომის დაწყებიდან გასული ერთი წელი ბაკურიანშიც გაიხსენეს.

ბაკურიანში ფრისტაილის, ფრისკისა და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებით ასპარეზობენ უკრაინელი სპორტსმენები. მიმდინარე ჩემპიონატზე ჯამში მათ ორი მედალი მოიპოვეს.

უკრაინელმა მოთხილამურეებმა ანასტასია ნოვოსადმა, ოლეკსანდრ ოკიპნიუკმა და დმიტრო კოტოვსკიიმ მედალი პირველივე ფინალურ ეტაპზევე აიღეს. გუნდურ არეალსის დისციპლინაში მათ 255 ქულა დააგროვეს და მესამე ადგილზე გავიდნენ. მოთხილამურე ანასტასია ნოვოსადმა კი უკრაინას კიდევ ერთი მედალი მოუტანა. მან არეალსის ინდივიდუალურ შეჯიბრებაშიც ბრიჯაოს მედალი მოიპოვა.

„ვერ ვხსნი რამდენად ბედნიერი ვარ. ეს ჩემი მეორე მედალია. რამდენიმე დღის წინ გუნდურ შეჯიბრებაშიც ვმონაწილეობდი სადაც ბრინჯაოს მედალი მოვიპოვე, რის გამოც ძალიან ბედნიერი ვარ. მსურდა რომ ორი მედალი მომეპოვებინა და მოვიპოვე კიდეც. აქ ძალიან მოგვწონს. საქართველო მთელი ცხოვრების განმავლობაში გვემახსოვრება. აქ ხალხი ძალიან მეგობრულია. მადლობა უკრაინის მხარდაჭერისთვის“, – ამბობს ანასტასია ნოვოსადი.

ომის დაწყებიდან ერთი წლის თავზე, 24 თებერვალს ბაკურიანში უკრაინელი სპორტსმენები არ ასპარეზობდნენ, თუმცა აქ ორგანიზატორებმა, სპორტსმენებმა და გულშემატკივრებმა უკრაინისადმი თავისი მხარდაჭერა გამოხატეს. ოფიციალური საკვალიფიკაციო თუ ფინალური ეტაპების შემდეგ, ბაკურიანი 2023-ზე უკრაინული დროშები აღიმართა და უკრაინული სიმღერები გაისმა.

„ერთი წლის წინ მსოფლიო და ევროპის თასები მიმდინარეობდა ბაკურიანში, როდესაც დაიწყო უკრაინაში ომი. პირველი წუთიდან ჩვენ, ჩვენი შეჯიბრებებით, ჩვენი ბრენდიგინთ ვიყავით უკრაინის მიმართ სოლიდარულები. დღეს ერთი წლის მერე, როდესაც საქართველოში მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს ორ სახეობაში, რომელშიც დასრულდა ბაკურიანის მსოფლიო ჩემპიონატზე, სწორედ უკრაინელი სპორტსმენები საპრიზო ადგილებზე გავიდნენ. ეს ძალიან სასიამოვნოა. ძალიან დიდი ბედნიერებაა, რომ მათ აქვთ ძალა, რომ მსგავს ღონისძიებებზე მიიღონ მონაწილეობა“, – განაცხადა საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე გაბაშვილმა.

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის გადაწყვეტილებით, FIS-ის ეგიდით ჩატარებულ ჩემპიონატებსა და თასებზე რუსი სპორტსმენები არ დაიშვებიან. შესაბამისად, რუსი მოთხილამურეები თუ სნოუბორდერები საქართველოში არ ჩამოსულან. ბაკურიანი 2023-ზე გასამართ სხვადასხვა დისციპლინაში კი უკრაინელი სპორტსმენები თავიანთი სამშობლოსთვის მედლების მოსაპოვებლად ბრძოლას განაგრძობენ.

თორნიკე კოპლატაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend