მთავარისაქართველოსაერთაშორისო კონფერენცია: "წინააღმდეგობის ერთი წელი"

საერთაშორისო კონფერენცია: “წინააღმდეგობის ერთი წელი”

ომის დაწყებიდან ერთი წლის თავზე, მოსკოვი ეგრეთ წოდებული სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებისას დასახულ ვერც ერთ მიზანს ვერ აღწევს.

კიევში კვლავ უკრაინის დროშა ფრიალებს, რუსული არმია კი მასშტაბური უპირატესობის მოპოვებას ვერ ახერხებს. ასე ფიქრობენ დღეს, თებერვალს თბილისში გამართული საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეები.

,,რუსეთის აგრესია უკრაინაში: წინააღმდეგობის ერთი წელი“ – გამართულ შეხვედრაზე ომის შედეგებზე, დაგროვებულ გამოცდილებაზე, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის მნიშვნელობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

“ომი რუსეთთან ჯერ კიდევ 2014-ში დაიწყო, ყირიმის, ლუჰანსკის და დონეცკის რეგიონების ოკუპაციით. ერთი წლის წინ, 24 თებერვალს, კი ეს ომი ცხადი გახდა ყველასთვის, ვისაც არ უნდოდა კრემლის აგრესიული ნაბიჯები ეცნო; ვისაც არ სჯეროდა, რომ პუტინი არამხოლოდ უკრაინის მიმართ აგრესიას ისახავდა მიზნად, არამედ მთელი დემოკრატიული მსოფლიოს წინააღმდეგ. აშკარაა, რომ რუსი სამხედროები მკვლელები, მოძალადეები და მარადიორები არიან.. რუს სამხედროებს ერთადერთი რაც შეუძლიათ, ეს არის საცხოვრებლების, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის, საავადმყოფოების, სკოლებისა და თეატრების დაბომბვა. ისინი გამიზნულად ესვრიან შეიარაღებულ მოქალაქეებს, მათ შორის ქალებს და ბავშვებს. იყენებენ ისეთ იარაღს, რომელიც ცივილიზებულ მსოფლიოში აკრძალულია. ეს ომი მხოლოდ ერთი გზით შეიძლება დასრულდეს და ეს არის უკრაინის საბოლოო და შეუქცევადი გამარჯვება ჩვენს საერთო მტერზე, რუსეთის ფედერაციაზე. ეს არის ყველა ჩვენი დამოუკიდებელი ტერიტორიის დეოკუპაცია. დიდება უკრაინას, დიდება საქართველოს, ერთად გამარჯვებისკენ”, – განაცხადა საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრეი კასიანოვმა.

გლობალურ ცვლილებებს ხშირად შესაძლებლობების ფანჯარაც მოჰყვება ხოლმე. კონფერენციის ორგანიზატორებისა და სტუმრების განცხადებით, ახლა საქართველოსთვის სწორედ ასეთი დროა, მაგრამ ქვეყანა ამ შესაძლებლობას არ იყენებს.

“ამ ომმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაგვანახა, რომ ასეთი შესაძლებლობის ფანჯარა, რომელიც ამ დიდი მოვლენების დროს იხსნება აქტიურად უნდა იყოს გამოყენებული ისეთი მცირე სახელმწიფოების მიერ, როგორიც საქართველოა. ეს არის ის უნიკალური შანსი, როდესაც ჩვენი ხმა, ჩვენი პოზიცია და ჩვენი შესაძლებლობა იქნება მოსმენილი და გათვალისწინებული. ის რაზეც ჩვენ დიდი ხანია, ათწლეულები ვოცნებობთ – რეგიონალური სტაბილურობა, უსაფრთხოება – არის საფუძველი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური და საზოგადოებრივი განვითარების. ეს არის ის საფუძველი რაც რეალურად შეიქმნება. სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სამწუხაროდ, საქართველოს სახელმწიფოს პოზიცია არის აბსოლუტურად გაუგებარი”, –  აცხადებს საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი ლაშა ძებისაშვილი.

“რაც შეეხება ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებს, ვფიქრობ რომ დღეს ჩვენ ვართ ყველაზე ცუდი ურთიერთობების ეტაპზე, რომელიც ამ ორ ქვეყანას შორის ოდესმე ყოფილა და ეს ძალიან სამწუხაროა. თუნდაც ის ფაქტი, რომ ამ კონფერენციას მართავს არასამთავრობო ორგანიზაცია, ჩვენი ორგანიზაცია, ჩვენს პარტნიორებთან ერთად და არა საქართველოს მთავრობა , რომლის არცერთი წარმომადგენელიც არ არის დღეს აქ… მიუხედავად იმისა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტს, მე წერილებით მივმართე”, – ამბობს “აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის” დირექტორი ლევან ცუცქირიძე.

შეკრებილები აცხადებენ, რომ სწორედ დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი, სამართლებრივ ნორმებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგია საქართველოს განვითარებისა და წინსვლისათვის არსებული აუცილებელი წინაპირობა.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:44

უცნობი ვალსი

spot_imgspot_img
Send this to a friend