მთავარისაქართველო"ხალხის ძალის"კანონპროექტი "უცხოური გავლენების აგენტის" შესახებ პარლამენტმა განსახილველად მიიღო

“ხალხის ძალის”კანონპროექტი “უცხოური გავლენების აგენტის” შესახებ პარლამენტმა განსახილველად მიიღო

მალე, ყველა ვინც საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებისთვის და ხელისუფლებაში მყოფი პირების კონტროლის საქმიანობისთვის, უცხოეთიდან რაიმე სახის საგრანტო დაფინანსებას იღებს, შესაძლოა უცხოური გავლენების აგენტებად გამოცხადდნენ. კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ სწრაფი ტემპით მომზადდა და ასეთივე სისწრაფით პარლამენტმა განსახილველად მიიღო. კანონის პროექტის ავტორი „ქართული ოცნების“ საძირკველზე აღმოცენებული „ხალხის ძალაა“, რომელიც ამ კანონის საჭიროებას ქვეყნისთვის სასიცოცხლო ჟანგბადის ტოლფასად მიიჩნევს.

„ხალხის ძალის“ კანონპროექტში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” წერია:

„უცხოური გავლენის აგენტებად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა (20%-ზე მეტი) უცხოეთიდან არის მიღებული. ყველა, ვინც “უცხოური გავლენის აგენტად” მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. ასეთ ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ“.

შვილობილ პარტიას, დედა პარტია ამ კანონპროექტის მიღებაშიც აბსოლუტურ მხარდაჭერას უცხადებს. „ქართული ოცნების“ წევრი დეპუტატები მიიჩნევენ, რომ ოპონენტებს პრობლემა მხოლოდ სიტყვა „აგენტთან“ აქვთ, შინაარსი კი ყველასთვის მისაღები უნდა იყოს.

„კანონპროექტის მთავარი მიზანი დაფინანსების გამჭვირვალობაა და მე ამ გაგებით პროექტს მხარს ვუჭერ. კანონპროექტი არანაირ შეზღუდვას და აკრძალვას არ ითვალისწინებს. მისი დედაარსია ის, რომ როგორც ყველაფერი სახელმწიფოში – პოლიტიკური პარტიებით დაწყებული, ყველა სახელმწიფო დაწესებულებით დამთავრებული, იყოს საჯარო და ღია. გამომდინარე აქედან, ეს რეპრესიული კანონი არ არის. ეს არის კანონი, რომელიც უზრუნველყოფს საჯაროობას. შევთანხმდეთ, რომ თუ ყველაფერი იქნება გამჭვირვალე, ეს არის კარგი!

რაიმეს დარეგისტრირება არის პრობლემა?! არანაირი პრობლემა არ არის! როგორც მე ვამჩნევ, ინგლისური ტერმინის ქართულ თარგმანშია პრობლემა, თუ რატომ უნდა ერქვას „აგენტი“, როგორც ეს ამერიკულ კანონში წერია – ძირითადი დისკუსია აქამდე დადის და არავინ დავობს იმაზე, რომ საქმიანობა უნდა იყოს გამჭვირვალე. ასოციაციების აღმძრავი ეს ტერმინი არსებობდეს თუ არა, ამაზეა ახლა დისკუსია”, – აცხადებს დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი.

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელთა აზრით, მმართველი პარტია ამ კანონის მიღების შემდეგ, საქართველოს სრულად დააშორებს ევროატლანტიკურ მომავალს. დეპუტატების ნაწილი ამბობს, რომ ამ რეპრესიული კანონის მიღების შემდეგ, პროპაგანდის საშუალებით, ხელისუფლებისთვის ყველა არასასურველი ორგანიზაციისა თუ პიროვნების ე.წ. „გაშავება“ და დაკნინება დაიწყება.

„რაზეც თავად საუბრობენ, ყველა ეს ინფორმაცია აქვთ საგადასახადო ორგანოებს. როცა საერთაშორისო დახმარება მოდის, მაგალითად, ბოლოს, ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე, საქართველოს 60 მილიონი ევრო რომ გამოეყო, ამ თანხიდან ნაწილი მიდის სახელმწიფო ბიუჯეტში, რაც არ იქნება გამჭვირვალე, და მეორე ნაწილი მიდის არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მედიასთან. რას ნიშნავს, სახელმწიფოსთან რაც მიდის, ის არ უნდა იყოს გამჭვირვალე და არასამთავრობო სექტორის უნდა იყოს? სინამდვილეში, ეს ტყუილია. სისტემა მუშაობს ასე – სახელმწიფოს რომ ფულს აძლევენ გრანტების სახით, ამ ფულის ხარჯვის კანონიერების შესამოწმებლად ცოტა ფული გაიცემა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიაზე, რომ ამ სუბიექტებმა გააკონტროლონ, ხელისუფლება რამდენად კანონიერად იქცევა. ეს კანონი გვეუბნება, რომ ვინც ხელისუფლებას აკონტროლებს, ისინი უნდა შევზღუდოთო. ეს ცვლილებები საზოგადოებაში დაპირისპირებას გამოიწვევს, დაარქმევენ სახელებს – აგენტი ხარო. ეს გამოიწვევს მედიისა და მოქალაქეების შეზღუდვას, ვინც ხელისუფლებას აკონტროლებს. გამოქვაბულში არ ვცხოვრობთ და ყველამ ვიცით, ვინ, სად, როდის აკეთებს. ამერიკული კანონის მიზანი ფაშისტური იდეოლოგიის შეჩერება იყო და ჩვენ ასეთი კანონი გვაქვს. „ხალხის ძალის“ კანონს რა მიზანი აქვს? ამბობენ, რომ დღეს ასეთივე საფრთხეა ჩვენთვის დასავლური დახმარება? ასეთი საფრთხეა იმ სახელმწიფოების დახმარება, რომლებმაც ფაშიზმი დაამარცხეს? მათ შორის ტოლობას რომ სვამენ, ეს ნიშნავს, რომ მოქალაქეებს ატყუებენ“, – განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ.

„ხალხის ძალის“ მიერ შედგენილი და „ქართული ოცნების“ მიერ დამოწმებული კანონპროექტი, რომელსაც ავტორთა თქმით, ამერიკული წარმომავლობა აქვს, გასულ კვირას ფაქტობრივად დაგმო, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა ნედ პრაისმა და მეტიც, მას რუსული ანალოგი უწოდა.

მსგავსი კანონის ჩანაწერის მიღებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნულ პლატფორმაში“ შემავალი ორგანიზაციებიც. მათ ერთობლივ განცხადებაში ვკითხულობთ:

„აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნულ პლატფორმაში გაერთიანებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები გამოვხატავთ პროტესტს უმრავლესობაში შემავალი რამდენიმე დეპუტატის მიერ მომზადებული “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის პროექტის პარლამენტში წარდგენის გამო. მიგვაჩნია, რომ ინიცირებული კანონპროექტი ანტიდემოკრატიულია, ანტიკონსტიტუციურია, ზღუდავს ადამიანის უფლებებს, დისკრიმინაციულია საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მედიის მიმართ. კანონპროექტი სრულად ეწინააღმდეგება ევროპული კანონმდებლობის პრინციპებსა და სულისკვეთებას და სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქვეყნის კონსტიტუციაში დაფიქსირებული ქვეყნის ევროატლანტიკურ არჩევანს“.

კანონპროექტის განხილვები ალბათ მალევე დაიწყება. 2012 წლიდან რუსეთში, ამ თითქოს და „უწყინარი კანონის“ გამოყენებით დაიწყო შეტევა და რეპრესიები მედიასა და დამოუკიდებელ სამოქალაქო სექტორზე. ამ ხალხის უმეტესობა დევნილად ან პატიმრად იქცა.

ალეკო გვეტაძე

 

უახლესი

სხვა ამბები

00:05:04

“MEGOBARI”

spot_imgspot_img
Send this to a friend