მთავარიევროპაუკრაინაუკრაინაში ომის დაწყებიდან მალე ერთი წელი შესრულდება

უკრაინაში ომის დაწყებიდან მალე ერთი წელი შესრულდება

2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ომი დაიწყო. კრემლში ამ ომს სპეციალურ სამხედრო ოპერაციას უწოდებენ. მოსკოვის მიზანი უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია არის. რუსულმა არმიამ უკრაინას შეუტია ჩრდილოეთიდან, აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან.

უკრაინის ქალაქებს რუსი სამხედროები ბომბავენ სარაკეტო, საარტილერიო და სამხედრო საჰაერო ძალებით. ომის საწყის ეტაპებზე რუსული არმია დამარცხდა.

უკრაინის დედაქალაქისთვის ბრძოლაში ოკუპანტები დამარცხდნენ, უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქისთვის, ხარკივისთვის ბრძოლაშიც.

ომის დაწყებიდან მალევე დაეცა სამხრეთ უკრაინული ქალაქი ხერსონი. ეს ქალაქი დღეს უკვე დეოკუპირებულია.

ომის დაწყებიდან ერთ თვეში მოსკოვსა და კიევს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დაიწყო. დიპლომატიური პროცესი უშედეგოდ დასრულდა.

რუსული არმიის მიერ ოკუპირებულ უკრაინულ რეგიონებში მშვიდობიან მოსახლეობაზე რუსი სამხედროები ძალადობდნენ, მათ აწამებდნენ და ხვრეტდნენ.

მთელმა მსოფლიომ იხილა ბუჩაში რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებები.

სტრატეგიული წარუმატებლობის ფონზე, რუსულმა არმიამ შეძლო, უკრაინის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაცია, მძიმე ბრძოლების შემდეგ დაეცა მარიუპოლი, სევეროდონეცკი, ლისიჩანსკი.

უკრაინაში რუსულმა ინტერვენციამ ბიძგი მისცა მნიშვნელოვან და აქამდე წარმოუდგენელ გეოპოლიტიკურ ცვლილებებს.

შვედეთმა და ფინეთმა ნატოში გაწევრების პროცესი დაიწყეს.

დემოკრატიული დასავლეთი კი უკრაინას არნახული მასშტაბის სამხედრო, ფინანსურ და პოლიტიკურ დახმარებას უწევს.

სამხედრო მოქმედებების დაწყებიდან მეშვიდე თვეს კი მოსკოვმა ნაწილობრივ ოკუპირებული ოთხი უკრაინული რეგიონის ანექსიის შესახებ გამოაცხადა.

საერთაშორისო სამართლის დარღვევით, კრემლში ზაპოროჟიის, ხერსონის, დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონების ანექსია იზეიმეს.

სექტემბერშივე გამოაცხადეს რუსეთის ფედერაციაში ეგრეთ წოდებული ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია, გაიწვიეს 300 ათასამდე მოქალაქე.

ფრონტის ხაზზე გაგზავნიდან თავის დასაღწევად ასი ათასობით მოქალაქემ კი რუსეთის ფედერაციის ტერიტორია დატოვა და მეზობელ სახელმწიფოებს, მათ შორის საქართველოს შეაფარა თავი.

რუსული სარაკეტო შეტევის ფონზე შეხვდა უკრაინა ახალ წელსაც.

ომი გრძელდება. გრძელდება დემოკრატიული დასავლეთის მიერ უკრაინისთვის სამხედრო და ფინანსური დახმარების გაწევაც.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend