მთავარიევროპაუკრაინაომის ერთწლიანი ქრონიკა

ომის ერთწლიანი ქრონიკა

თებერვალი

24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იწყებს უკრაინაში ფართომასშტაბიან ომს. მაშინ პუტინმა განაცხადა, რომ იწყებს სპეციალურ სამხედრო ოპერაციას, რომელიც უკრაინის დემილიტარიზაციას და დენაციფიკაციას ემსახურება. უკრაინა და დასავლეთი ამ აგრესიის აქტს აფასებენ, როგორც არაპროვოცირებულ ომს.

„მივიღე გადაწყვეტილება სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჩატარების შესახებ. მისი მიზანია დავიცვათ ადამიანები, რომლებიც რვა წლის განმავლობაში იტანჯებიან დამცირებისა და გენოციდისგან კიევის რეჟიმის მხრიდან“, – განაცხადა 24 თებერვალს ვლადიმერ პუტინმა. 

რუსული ძალები უკრაინაში იჭრებიან ჩრთილოეთიდან, აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან. მიაქვთ მასირებული დარტყმები ავიაბაზებზე, საჰაერო ტავდაცვის სისტემებზე და სხვა სტრატეგიულ ობიექტებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით.

რუსული არმია სწრაფად აღწევს კიევის მისადგომებთან, თუმცა მათ მცდელობას დაიპყრონ უკრაინის დედაქალაქი და სხვა მსხვილი ქალაქები უკრაინელები მტკიცე წინააღმდეგობით ხვდებიან.

ამერიკის შეერთებული შტატები, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ქვეყნის დატოვებაში დახმარებას, თუმცა ზელენსკი პასუხობს, რომ მას სჭირდება იარაღი და არა მოგზაურობა.

„მე აქ ვარ, ჩვენ არ დავყრით იარაღს! ჩვენ დავიცავთ ჩვენს ქვეყანას! – ჩაწერა ვიდეოზე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ

მარტი

ორ მარტს რუსეთი კონტროლს ამყარებს სამხრეთით მდებარე ქალაქ ხერსონზე.

მარტის პირველ დღეებში რუსული ჯარი ასევე იპყრობს ხერსონის ოლქის დანარჩენ ნაწილსაც და ოკუპაციაში აქცევს ზაპოროჟიეს ოლქის დიდ ნაწილს. მათ შორის ზაპოროჟიეს ბირთვულ ელექტროსადგურს, რომელიც ყველაზე მსხვილია ევროპაში.

ამასთან რუსულ არმიას კიევთან ახლოს პრობლემები ექმნება, მათი კოლონები კი, რომელიც ათობით კილომეტრზე იშლება და კიევისკენ მიემართება, უკრაინული არტილერიისა და უპილოტო საფრენი აპარატებისთვის მარტივი სამიზნე ხდება.

მარტში მხარეებს შორის  ცეცხლის შეწყვეტის პირობების განსახილველად იმართება მოლაპარაკებები ჯერ ბელარუსში, შემდეგ კი თურქეთში.

29 მარტს სტამბულში მოლაპარაკებების შემდეგ რუსეთი აცხადებს კიევის ოქლიდან ჯარის გაყვანის შესახებ , რასაც კეთილი ნების ჟესტს უწოდებს.

მოსკოვი აცხადებს, რომ ყურადღებას დონბასზე მიაპყრობს, ინდუსტრიულ ცენტრზე უკრაინის აღმოსავლეთით, სადაც რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები ებრძვიან უკრაინულ არმიას 2014 წლიდან, ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ.

აპრილი

რუსეთის უკან დახევა კიევის ოლქიდან მათ მიერ ჩადენილ ომის დანაშაულებს ხდის ფარდას. ქალაქ ბუჩაში ასობით მოკლული მშვიდობიანი მოქალაქე იპოვეს. ზოგი საერთო სამარხში, ზოგიც პირდაპირ ქუჩაში, ბევრ მათგანს წამების კვალი აღენიშნებოდა.

9 აპრილს რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად ქალაქ კრამატორსკის სარკინიგზო სადგურზე  52 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 100ზე მეტი დაშავდა.

სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს აზოვის ზღვასთან მდებარე ქალაქ მარიუპოლისთვის, სადაც სტრატეგიული პორტი მდებარეობს. რუსული ავიაციის მასირებული დარტყმების შედეგად ქალაქის დიდი ნაწილი სრულად მიწასთან გასწორდა.

მაისი

16 მაისს გიგანტური ფოლადის ქარხნის აზოვსტალის უკრაინელი მცველები , სამთვიანი ალყის შემდეგ იძულებული  ხდებიან იარრაღი დაყარონ და რუს სამხედროებს ჩაბარდნენ.

მარიუპოლის დაპყრობა რუსეთს საშუალებას აძლევს სრულად მოწყვიტოს უკრაინა აზოვის ზღვის სანაპიროს და უსაფრთხო გახადოს  სახმელეთო დერეფანი ანექსირებული ყირიმისკენ.

18 მაისს ფინეთი და შვედეთი ოფიციალურად აკეთებენ განაცხადს ნატოში გაწევრებაზე, რაც მოსკოვისთვის სერიოზული დარტყმაა, რადგან მანამდე პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის საზღვრებთან სამხედრო ალიანსის გაფართოების შეჩერება იყო უკრაინაში შეჭრის ძირითადი მიზეზი.

“იმედი მაქვს, რომ ფინეთთან ერთად შვედეთიც მიიღებს ნატოში გაწევრების გადაწყვეტილებას”, – განაცხადა ფინეთის პრემიერ-მინისტრმა

ივნისი

ივნისში უკრაინას აწვდიან უფრო და უფრო მეტ დასავლურ იარაღს, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებიდან მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა ჰაიმარსს, რაც უკრაინას აძლევს საშუალებას ზუსტი დარტყმებით გაანადგურონ რუსული სამხედრო მარაგები და ინფრასტრუქტურა.

25 ივნისს რამდენიმეკვირიანი მძიმე ბრძოლების შემდეგ რუსეთი იპყრობს ლუჰანსკის ოლქში მდებარე ქალაქ სევეროდონეცკს.

30 ივნისს რუსული არმია უკან იხევს საპორტო ქალაქ ოდესასთან მდებარე კუნძულ ზმეინიდან, რომელიც რუსეთმა ტავდასმის პირველივე დღეებში დაიპყრო.

კუნძულზე კონტროლის აღდგენამ უკრაინას მისცა საშუალება შეემცირებია საფრთხე თავისი საზღვაო ხომალდებისთვის და რუსეთს მოუჭრა მნიშვნელოვანი გზა ოდესაზე თავდასხმელად..

ივლისი

ივლისში შავ ზღვაში ბლოკადის გამო ხორბლით დატვირთული გემები ვერ ახეერხებდნენ პროდუქციის ტრანსპორტირებას, რამაც საფრთხე შეუქმნა გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას. 22 ივლისს რუსეთი და უკრაინა თურქეთისა და გაერთიენებული ერების ორგანიზაციის  შუამდგომლობით აღწევენ მოლაპარაკებას ხორბლის ტრანსპორტირების ბლოკადის მოხსნაზე.

29 ივლისს რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე ციხეზე სარაკეტო დარტყმის შედეგად, სადაც მარიუპოლში ტყვედ აყვანილი სახმედროები იმყოფებოდნენ, 53 ადამიანი დაიღუპა. რუსეთი და უკრაინა ამ თავდასხმაში ერთმანეთს ადანაშაულებდნენ.

აგვისტო

9 აგვისტოს ყირიმის ავიაბაზაზე მასშტაბური აფეთქების ხმა გაისმა.

16 აგვისტოს ისევ მოხდა აფეთქებები  ელექტროქვესადგურებსა და საბრძოლო მასალის საცავზე. ყირიმს რუსეთი ყველაზე აქტიურად იყენებდა ფრონტის ხაზების მოსამარაგებლად.

მოგვიანებით უკრაინის უმაღლესმა სამხედრო ოფიცერმა აღიარა, რომ ყირიმზე შეტევა მართლაც უკრაინულმა ძალებმა მიიტანეს. .

სექტემბერი

6 სექტემბერს უკრაინულმა ძალებმა მოულოდნელად დაიწყეს ჩრდილო-აღმოსავლეთით კონტრშეტევა, რითიც აიძულეს რუს სამხედროებს უკან დაეხიათ იმ ტერიტორიებიდან, რომლებსაც თვეების განმავლობაში იკავებდნენ.

21 სექტემბერს ვლადიმერ პუტინი გასცემს ბრძანებას 300 ატასი რეზერვისტის მობილიზაციის შესახებ, რამაც ასობით ათასი რუსეთის მოქალაქე აიძულა ქვეყნიდან გაქცეულიყვნენ საქართველოში, ყაზახეთსა და სხვა ქვეყნებში.

ამავე დროს რუსეთი ატარებს ე.წ. რეფერენდუმს დონეცკის, ლუჰანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების რუსეთთან მიერთების საკითხზე.

უკვე 30 სექტემბერს საზეიმო ვიტარებაში პუტინი ხელს აწერს ოთხი უკრაინული რეგიონის ანექსიას.

ოქტომბერი

8 ოქტომბერს ყირიმის ხიდზე, რომელიც ყირიმს რუსეთის ნაწილთან აკავშირებს, აფეთქდა სატვირთო მანქანა, რაზე პასუხისმგებლობასაც პუტინი უკრაინას აკისრებს. ამის საპასუხოდ ის იძლევა ბრძანებას, მიიტანონ სარაკეტო დარტყმები უკრაინის ელექტროსადგურებსა და სტრატეგიულ ინფრასტრუქტურაზე.

შეტევის პირველი ტალღის შემდეგ, იერიშები რეგულარულად გრძელდება მომდევნო თვეებში, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით ქმნის ელექტროკრიზისს.

ნოემბერი

9 ნოემბერს უკრაინის კონტრშეტევები იძულებულს ხდის რუსეთის არმიას, რომ ანექსირებული ხერსონი დატოვოს, რომელიც ერთადერთ საოლქო ცენტრია, რომლის აღებაც მოსკოვმა მოახერხა.

დეკემბერი

21 დეკემბერს  უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ომის დაწყების შემდეგ ტავის პირველ ვიზიტს მართავს და ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრება. ის ხვდება პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, რომ მისგან მეტი იარაღის მიღების გარანტია მიიღოს.

იანვარი

ახალ წლამდე რამდენიმე წუთით ადრე, ათობით ახლადმობილიზებული რუსი ჯარისკაცი იღუპება უკრაინის სარაკეტო დარტყმის შედეგად მაკეევკაში.

რუსეთი იტყობინებოდა, რომ ტავდასხმის შედეგად 89 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, უკრაინის ოფიციალური პირები კი ამბობენ, რომ დაიღუპა ასობით მობილიზებული.

რამდენიმეთვიანი მძიმე ბრძოლების შემდეგ რუსეთი ქალაქ სოლედარის აღების შესახებ აცხადებს და აგრძელებს ტავდასხმას ბახმუტზე, სადაც ბრძოლები ახლაც მიმდინარეობს.

იანვარშივე ვლადიმერ პუტინი უკრაინაში სამხედრო ძალების მეთაურად გენერალური შტაბის ხელმძღვანელს, ვალერი გერასიმოვს ნიშნავს.

14 იანვარს, როცა რუსეთი განაგრძობს ელექტროინფრასტრუქტურაზე შეტევებს, რუსული რაკეტა ხვდება საცხოვრებელ სახლს ქალაქ დნეპრში, რის შედეგად იღუპება 45 მშვიდობიანი მოქალაქე.

რაც უფრო მეტი დრო გადის საერთაშორისო საზოგადოება კარგავს იმედს, რომ რუსეთის მიერ დაწყებული არაპროვოცირებული ომი უკრაინაში უახლოეს მომავალში დასრულდება. რამდენიმე დღეში, ომის ერთი წლის თავზე, უკრაინელი სამხედროები რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი თავდასხმების განახლებას ელოდებიან, მოსკოვში კი პომპეზური კონცერტისთვის ემზადებიან.

 

უახლესი

სხვა ამბები

00:03:30
spot_imgspot_img
Send this to a friend