მთავარისაქართველოსამშენებლო სექტორის გამოწვევები და ახალი რეგულაციების ამოქმედება

სამშენებლო სექტორის გამოწვევები და ახალი რეგულაციების ამოქმედება

შრომის ინსპექციამ უსაფრთხო სამუშაო გარემოს დანერგვისთვის მშენებლებთან შეხვედრა გამართა

400-მდე შემოწმებული სამშენებლო ობიექტი, 4000-მდე დარღვევა და ამდენივე გაფრთხილება. ასეთია შრომის ინსპექციის მონიტორინგის შედეგები 2022 წლის განმავლობაში.

სამშენებლო სექტორი მთელ მსოფლიოში შრომის უსაფრთხოების მხრივ, ერთ-ერთ სარისკო დარგად მიიჩნევა. შრომის ინსპექტორებმა, საქართველოს მასშტაბით არაერთი სამშენებლო რეგულაციის დარღვევა აღმოაჩინეს. მათგან ყველაზე მეტ შემთხვევაში დადგინდა, რომ სამშენებლო კომპანიები არ ან ვერ აცნობიერებენ, თუ რა შეიძლება იყოს მათ სამშენებლო მოედანზე დასაქმებულთათვის საშიში. ხშირად ეს, ინფორმაციის ნაკლებობით, ან ბუნდოვანი რეგულაციებითაა გამოწვეული. მოისუსტებს მონიტორინგიც, რაც რეგულაციების სათანადოდ აღსრულებას ხელს უშლის. უსაფრთხოების ახალი ნორმებისა და გასული წლის სტატისტიკის გასაცნობად, შრომის ინსპექციამ დეველეპორებთან, ბიზნესომბუდსმენთან და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლობასთან ერთობლივი შეხვედრა გამართა.

ქვეყნის მთავარი შრომის ინსპექტორი ბექა ფერაძე ამბობს, რომ ამ დიდი, მაგრამ მშენებლობაზე დასაქმებულთათვის სახიფათო ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრები ხშირად შედგება.

„მას შემდეგ, რაც 2018 წლიდან ჩვენმა უწყებამ აქტიური ინსპექტირება დაიწყო, სამშენებლო სფეროში დასაქმებულთა მსხვერპლთა რაოდენობა 45%-ით შემცირდა. ეს ამ მოკლე პერიოდში კარგი მაჩვენებელია და იმას ნიშნავს, რომ საჭირო რეგულაციების გატარება მნიშვნელოვანია. ზოგადად, შრომის ინსპექცია არ არის სადამსჯელო უწყება, ჩვენ უფრო პრევენციაზე ვართ ორიენტირებული და სწორედ ფაქტის აღკვეთას უწყობს ასეთი შეხვედრები ხელს. სახელმწიფომ უნდა შემოიღოს რეგულაციები, ბიზნესმა კი მათ ამოქმედებამდე უნდა იცოდნენ წინასწარ, რათა სათანადოდ მოემზადონ. ასეთი შეხვედრები არამხოლოდ სამშენებლო სექტორთან, ხშირად მოხდება“, – განაცხადა შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა ბექა ფერაძემ.

ბიზნესომბუდსმენი ოთარ დანელია აცხადებს, რომ ახალი რეგულაციების მიმართ ბიზნესი სწრაფ ადაპტაციას ვერ ახდენს და ეს მათთვის წნეხია, თუმცა, სამშენებლო სექტორი ის მიმართულებაა, სადაც უსაფრთხოების ნორმების დაცვა უმთავრესი სტანდარტია. მისივე თქმით, ასეთი შეხვედრები თუ ხშირად შედგება, სახელმწიფოს მოთხოვნა ახალი რეგულაციების დაკმაყოფილების შესახებ, ბიზნესის მხრიდან წნეხად აღარ აღიქმება.

შეხვედრების საჭიროებას ხაზს უსვამენ თავად მშენებლები. სამშენებლო სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ახალი რეგულაციების ამოქმედების შემდეგ, კომპანიების უმრავლესობა დასაქმებულთა უსაფრთხოებისთვის, საერთაშორისო სტანდარტებს იცავენ.

„ცხადია, ახალი რეგულაციები ბიზნესისთვის არც სასურველია და ხშირ შემთხვევაში გარკვეულ წნეხადაც იღებენ, თუმცა ჩვენ იმისთვის ვართ, რომ ორ მხარეს შორის ჩავერიოთ და დავეხმაროთ, რომ ნაკლებად მტკივნეული იყოს პროცესი. ასევე, გვესმის სახელმწიფოს მხრიდან აღებული საერთაშორისო ვალდებულებები და აუცილებელია მათი გათვალისწინება. ასეთი შეხვედრები, განსაკუთრებით სიცოცხლის რისკის შემცველი საქმიანობის წარმომადგენლებთან არათუ პერიოდულად, არამედ ხშირად არის აუცილებელი. ვფიქრობ, რომ სამშენებლო ბიზნესს ესმის საკითხი“, – აცხადებს ოთარ დანელია.

„ვადასტურებ, რომ დასაქმებულთა უსაფრთხოება მათ შორის ჩემს სამშენებლო კომპანიაში და ზოგადად ამ დარგში, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის. მაგრამ წლების წინ არსებულ ვითარებასთან შედარებით, სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა. ეს შესამჩნევია, თუნდაც, როდესაც გარეთ მოძრაობ და სამშენებლო პროცესს შეხედავ. ობიექტები მაღალი სტანდარტებით არის მოწესრიგებული. ეს რეგულაციები გვესმის, რომ გვაახლოებს ევროპულ სტანდარტებთან და ჩვენც შეძლებისდაგვარად  ვიცავთ ამ მოთხოვნებს“, – ამბობს სამშენებლო სექტორის წარმომადგენელი დიმიტრი მერაბიშვილი.

ახალი წლიდან ერთი რეგულაცია უკვე ამოქმედდა. სახელმწიფომ სამშენებლო  სამუშაოებზე დასაქმებულთათვის სამუშაო დრო კვირაში 48-ის ნაცვლად, 40 საათით განსაზღვრა. ზეგანაკვეთურ შრომაზე კი კომპანიებს დამატებითი ანაზღაურების გაცემის ვალდებულება დაეკისრათ. დამატებითი რეგულაციები უსაფრთხოების ან/და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული ნიშნების განთავსებას შეეხება.

შრომის ინსპექციით ინფორმაციით, შეხვედრები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს. წლის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით გავრცელდება და სხვა სფეროებსაც მოიცავს.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

00:03:30
spot_imgspot_img
Send this to a friend