კოსოვოში დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 15 წლისთავის აღსანიშნავად ემზადებიან. პრიშტინა ამ თარიღს სერბეთთან დაძაბული ურთიერთობების ფონზე ხვდება.
კოსოვოში კანონის უზენაესობის დამყარება და უმუშევრობა ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება.
დიდ პრობლემას წარმოადგენს ბელგრადთან ურთიერთობების ნორმალიზაციაც. ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლები უკვე დიდი ხანია ცდილობენ, როგორც პრიშტინა ასევე, ბელგრადი შეთანხმების მიღწევის აუცილებლობაში დაარწმუნონ.
„ჩვენსა და სერბეთს შორის შეთანხმება შედგება, მაგრამ არამგონია ეს წელს მოხდეს. შეთანხმების მიღწევას ბევრი ძალისხმევა და დრო სჭირდება. ჩვენი სახელმწიფოებს ლიდერებს შორის მოლაპარაკებები მარტივი არ იქნება და ეს პროცესი სწრაფად ვერ წარიმართება“, – მიიჩნევს ადგილობრივი ადეა კონდოროლი.
„ეს მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებისთვის შესაფერისი მომენტია, ამერიკის შეერთებული შტატები ძალიან გვეხმარება, სერბეთი კი მხოლოდ დესტრუქციული ქმედებებით არის დაკავებული. ეჭვი მეპარება, რომ ბელგრადში შეთანხმება სურდეთ“, – ამბობს ადგილობრივი ვალონ ალია.
კოსოვოს პრემიერ – მინისტრი ალბინ კურტი კი ამბობს, რომ შეთანხმება წაადგება როგორც პრიშტინას, ასევე ბელგრადს.
„პროგრესი არის. ინსტიტუციური სტაბილურობა, განსაკუთრებით ბოლო ორი წლის განმავლობაში სახეზეა. კრიმინალსა და კორუფციას ვებრძვით, გვსურს, ევროსაბჭოსა და ევროკავშირში გაწევრება. გვსურს, ნატოში გაწევრებაც. კოსოვო იმედითა და ოპტიმიზმით არის სავსე, შეთანხმება კარგი იქნებოდა ჩვენთვისაც და სერბეთისთვისაც“, – აცხადებს კოსოვოს პრემიერ – მინისტრი ალბინ კურტი.
კოსოვოს დამოუკიდებლობას 117 სახელმწიფო აღიარებს, ამასთანავე კოსოვო 200-მდე საერთაშორისო ორგანიზაციის წევრიც არის.