14 თებერვალს საღამოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, რომლის მიხედვითაც დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო სანდრო სულაბერიძის საქმეზე დაწყებული გამოძიება შეწყდა.
„2023 წლის 4 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტროში შემოვიდა შეტყობინება საქართველოს ეროვნული გალერეის საგამოფენო სივრციდან თანამედროვე ხელოვნების ნიმუშის ქურდობის ფაქტზე. შესაბამისმა სამსახურებმა გამოძიება დაიწყეს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით. საქმის ფარგლებში ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები. დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების შემდეგ საქმეზე გამოძიება შეწყდა“, – ვკითხულობთ შსს-ს განცხადებაში.
4 თებერვალს, ეროვნულ მუზეუმში გახსნილი გამოფენის დროს, ერთ-ერთმა მონაწილემ სანდრო სულაბერიძემ, საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და მის ადგილას საღებავით კედელზე დაწერა ფრაზა – “ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია”.
მომხდარი ფაქტის გამო, იმავე დღეს, საქმის წარმოება დაიწყო ქურდობის მუხლით, რასაც მოჰყვა პროტესტი.
11 თებერვალს გამოფენის სხვა მონაწილეებმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც დაგმეს მხატვრის მიმართ საქმის წარმოება. არტისტების თქმით, სანდრო სულაბერიძის ქმედება, სახელოვნებო პროცესია და მისი ამ ტიპის სამართლებრივი განხილვა აზიანებს ქართულ შემოქმედებით სივრცეს.
ასევე პროტესტს შეუერთდა ქართული პენცენტრი, რომელიც ქართველ მწერლებს აერთიანებს. ისინი მოითხოვდნენ, რომ შეწყვეტილიყო ნებისმიერი სახით სამართალწარმოება.
მომხდარის ფონზე გამოფენიდან საკუთარი ნამუშევრების მოხსნა მოითხოვა რამდენიმე გამოფენის მონაწილე ხელოვანმა. მათ შორის არიან შოთიკო აფციაური და ანდრო დადიანი, რომლის შესახებაც მათ განცხადება საკუთარ ფეისბუკგვერდებე გააკეთეს.
პროტესტს შეუერთდა საქართველოს პრეზიდენტიც სალომე ზურაბიშვილიც.
“20 პოლიციის მანქანა ცისფერი გალერეის უკანა ეზოში. მხატვარი ესოდენ საფრთხეს უქმნიდეს სახელმწიფოს? ცოტა არ იყოს სხვა ეპოქას გვახსენებს და თანამედროვე საქართველოს კი ნამდვილად არცხვენს!”, – დაწერა ზურაბიშვილმა ფეისბუკზე.
მომხდარ ფაქტს 12 თებერვალს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ეროვნული გალერეის დირექტორი მაცაცო გაბუნია. მან განაცხადა, რომ კანონისთვის არ აქვს მნიშვნელობა, ვინ გაიტანა გალერეიდან ექსპონატი, პატრონმა თუ მისმა თაყვანისმცემელმა.
“საქართველოს ეროვნული გალერეა გახლავთ სახელმწიფო დაწესებულება, საიდანაც სურვილისემბრ. ნამუშევრის ჩამოხსნა და გატანა მარტივად არ ხდება. გალერეა ემორჩილება გარკვეულ წესებს და არის პასუხისმგებელი არა მხოლოდ დავით კაკაბაძის, ქეთევან მაღალაშვილის, სიდამონ-ერისთავისა და სხვათა ნამუშევრებზე, რომ აღარაფერი ვთქვათ მომიჯნავე დარბაზში ექსპონირებულ ფიროსმანზე, არამედ ყველა იმ ნამუშევარზე, რომელიც, თუნდაც დროებით, მის სივრცეში იფინება”, – წერს მაცაცო გაბუნია.
პროტესტის ფონზე ცნობილი ხდება, რომ ეროვნული გალერეა ექსპოზიციას დაგეგმილზე ადრე სრულდება. ამის შესახებ ინფორმაცია ეროვნულმა მუზეუმმა ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე გაავრცელა.
მუზეუმის განცხადებით, გამოფენა, სახელწოდებით „ავტოპორტრეტი სარკესთან“ 12 მარტამდე უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა 20 თებერვალს დასრულდება.
„მხატვარ სანდრო სულაბერიძის მიერ საგამოფენო დარბაზში კედლის დაზიანებისა და თავისი ნახატის ჩამოხსნისა და შეუთანხმებლად გატანის ფაქტის შემდეგ, სოლიდარობის მიზნით, რვა მხატვარმა ასევე მოისურვა ექსპოზიციიდან თავიანთი ნამუშევრების ამოღება, რაც, კულტურის ცენტრ ATINATI’S-სა და ეროვნულ გალერეას შორის ხელმოწერილი ხელშეკრულების თანახმად, შეუძლებელია. მიუხედავად ამისა, და მხატვრებისთვის გამოსავლის შეთავაზების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა მიიღო გადაწყვეტილება, გამოფენა „ავტოპორტრეტი სარკესთან“ დასრულდეს 20 თებერვალს, 12 მარტის ნაცვლად. უნდა აღინიშნოს, რომ ეროვნულმა გალერეამ, ქვეყნის ერთ-ერთმა პირველმა საგამოფენო სივრცემ, ზოგიერთ ნაკლებად ცნობილ მხატვარს პირველად მისცა შესაძლებლობა, წარმოეჩინა თავისი ხელოვნება, რაც მანამდე არ გახლდათ მუზეუმის საგამოფენო პოლიტიკა. სწორედ მხატვრების მიმართ სახელმწიფოს ასეთი მხარდაჭერა ემსახურება ხელოვნების თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას. დასანანია, რომ ზოგიერთმა მხატვარმა ეს შესაძლებლობა პოლიტიკური მიზნებისათვის გამოიყენა”, – აღნიშნავენ ეროვნულ გალერეაში.
აღსანიშნავია, რომ ეროვნული მუზეუმის ამ განცხდებასაც ნეგატიური რეაქცია მოჰყვა და განცხადების შემდეგ კიდევ ერთმა ხელოვანმა ლია ბაგრატიონმაც ფეისბუკზე დაწერა, რომ გალერეიდან საკუთარ ნამუშევარს წაიღებდა.