საქართველოში საშვილოსნოს ყელის კიბოს დიაგნოზით ყოველწლიურად დაახლოებით 200-მდე ქალი იღუპება.
საშვილოსნოს ყელის კიბოსგან თავის არიდების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი გზა ვაქცინაციაა. ამას უკვე მრავალი წელია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამტკიცებს და კვლევებიც ადასტურებენ.
საქართველოში სულ რამდენიმე კვირაა, რაც იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამა გაფართოვდა და პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება 27 წლამდე გოგონებს უფასოდ შეუძლიათ.
საშვილოსნოს ყელის კიბო ქალებში რიგით მეოთხე ყველაზე გავრცელებული სიმსივნეა და მსოფლიოში 2020 წელს საშვილოსნოს ყელის კიბოს დიაგნოზი 604 ათასზე მეტ ქალს დაუსვეს, ამავე წელს ამ დიაგნოზის მქონე 342 ათასი ქალი გარდაიცვალა.
პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა კი კიბოს გამომწვევი ინფექციების გავრცელებას უშლის ხელს.
როგორც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, ვაქცინაციას გვერდითი მოვლენები თითქმის არ აღენიშნება და აცრასთან ერთად აუცილებელია საშვილოსნოს სკრინინგის რეგულარული ჩატარება.