მთავარიმსოფლიოNATOბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტერიალი გაიხსნა

ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტერიალი გაიხსნა

უკრაინის მოთხოვნები ძალიან კონკრეტული და მკაფიოა. კიევს იარაღი ჭირდება. უკრაინა ამჯერად სამხედრო საჰაერო ხომალდებს ითხოვს, რადგან საჰაერო სამხედრო რესურსები ომამდეც, ისედაც მწირი იყო.. ამასობაში კი უკვე ერთი წელი გადის, რაც რუსეთი უტევს და უკრაინა თავს იცავს.

ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები ბრიუსელში,  ალიანსის შტაბბინაში სწორედ უკრაინის კონკრეტულ მოთხოვნებზე სამსჯელოდ შეიკრიბნენ, მაგრამ დღეს იქ თემა მხოლოდ უკრაინის მხარდაჭერა არ არის, რადგან არის ერთი მნიშვნელოვანი  გაკვეთილი, რომელიც ამ ომმა ნატოს წევრ ქვეყნებს აჩვენა და რაც  ალიანსს უბიძგებს პარტნიორ ქვეყნებს მეტი პრაქტიკული მხარდაჭერა შესთავაზოს.

ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ამბობს: „უმთავრესი გაკვეთილი რაც ამ ომმა გვასწავლა არის ის, რომ უნდა აღმოვუჩინოთ პარტნიორებს მხარდაჭერა მანამ, ვიდრე გვიან არ არის. როგორც  რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე კიევის მხარდაჭერა იყო მნიშვნელოვანი, ისევე აუცილებელია სხვა ქვეყნების მხარდაჭერაც. მათი, ვინც მოწყვლადია რუსული ინტერვენციის მიმართ. ნატოს წვერები თანხმდებიან, რომ უნდა გააძლიერონ მხარდაჭერა ისეთ პარტნიორებთან, როგორიც საქართველოა. ახლა ჩვენ ვმუშაობთ კიბერ მხარდაჭერის გაძლიერებაზე, კრიზისების მართვაში დახმარებასა და უსაფრთხო კომუნიკაციების  განვითარებაზე.“

დასავლეთში კონკრეტულ პასუხს ჯერ ვერ ამბობენ, მისცემენ თუ არა უკრაინას საჰაერო სამხედრო ხომალდებს. თუმცა, თავიდან ზუსტად ასე იყო მაგალითად ტანკების   – “აბრამსებისა” და “ლეოპერდების” შემთხვევაში,  რომელთა უკრაინაში  გაგზავნაც ევროკავშირმა და  შეერთებულმა შტატებმა  უკვე დაიწყეს.

ნატოს გენერალური მდივანი ამბობს, რომ რაც დრო გადის უკრაინის საჭიროებები იცვლება და ამიტომ მუდმივად მსჯელობაა საჭირო.  მისი თქმით  კიევს, ჯერ ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება  ჭირდებოდა,  შემდეგ არტილერიის გაძლიერება, შემდეგ ანტისაჰაერო სისტემები და ფაქტია, რომ ნატო უკრაინას ყოველ ჯერზე ეხმარება.  ახლა მთავარი თავსატეხი ის არის,  თუ რა რესურსებით უნდა დაფინანსდეს  სამხედრო საჰაერო ხომალდების მიწოდება უკრაინისთვის.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეფ ბორელი ამბობს:   „წარსულში,  ევროპის სამშვიდობო ფონთან ერთად ჩვენ უკვე შევისყიდეთ არალეტალური იარაღი ქვეყნებისთვის, რომლებთანაც ვპარტნიორობთ,   ვფიქრობ, რომ ევროპის სამშვიდობო ფონდს  იდეალურად შეუძლია რესურსების მობილიზება.

ახლა ჩვენ ვმუშაობთ თითოეულ ქვეყანასთან.  ვფიქრობ ფონდის პრინციპი უფრო ხელსაყრელია, რადგან ეს არის მთავრობათაშორისი ორგანიზაცია და არა ევროკავშირის ბიუჯეტი.  ევროკავშირის ბიუჯეტით  ლეტალური იარაღის შეძენა რომ გამორიცხულია ეს ისედაც ცხადია, მაგრამ ეს ფონდი სხვა არის და ის შესაძლოა გამოვიყენოთ იმგვარად, როგორც საჭიროდ მივიჩნევთ. ორშაბათს წარვუდგენ ამ საკითხზე წინადადებებს საგარეო საქმეთა მინისტრებს“.

ბრიუსელში დღეს უკრაინის მხარდაჭერის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაც შედგა, რომელიც როგორც წესი გერმანიაში, რამშტაინის ბაზაზე იმართება ხოლმე და  მას ამერიკის თავდაცვის მდივანი ხელმძღვანელობს.

დღეს ცნობილ გახდა, რომ სწორედ ამ საკოორდინაციო ჯგუფის ფარგლებში,გერმანია, პოლონეთი, კანადა, პორტუგალია, ესპანეთი, ნორვეგია, დანია და ნიდერლანდები ერთობლივად მუშაობენ Leopard 2-ის საბრძოლო ტანკების უკრაინისთვის მიწოდებაზე.

ამერიკის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი ამბობს:

„საკონტაქტო ჯგუფმა ნათლად განმარტა, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ და დავუჭერთ უკრაინის ბრძოლას თავისუფლებისთვის. ჩვენ მივაწვდით უკრაინას იმ დახმარებას, რასაც დავპირდით. ამ ქვეყანას აქვს გადაუდებელი საჭიროებები. უკრაინის პრეზიდენტმა რამშტაინის ბოლო შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანას სჭირდება მეტი სამხედრო აღჭურვილობა. გვაქვს შესაძლებლობა და გვიერთდება ჩვენი კარგი მეგობარი, უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი. ომიდან ერთი წლის თავზე ჩვენ ისეთი ერთიანი ვართ, როგორც არასდროს. ვიცი, რომ ჩვენი ერთიანობა მხოლოდ გაძლიერდება“.

დღეს ბრიუსელში მიმდინარე  შეხვედრას უკვე მოჰყვა გამოხმაურება კრემლში. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთისადმი მტრულად განწყობილი ორგანიზაცია ცდილობს რაც შეიძლება ნათლად  გამოხატოს თავისი მონაწილეობა უკრაინის ირგვლივ არსებულ კონფლიქტში.

მინისტერიალი ბრიუსელში ორ დღეს გრძელდება. გარდა უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებისა და პარტნიორების დახმარებისა, ალიანსის წევრები განიხილავენ, თუ როგორ გაზარდონ სამხედრო წარმოება  და როგორ დაიცვან სტრატეგიული ინფრასტრუქტურა – უფრო კონკრეტულად კი მილსადენები და წყალქვეშა კაბელები, რომელთა შორისაც ზოგი არსებულია, ზოგს  კი პროექტის სახე აქვს და რიგი ქვეყნებისთვის დიდ პერსპექტივებს ხსნის, მათ შორის საქართველოსთვისაც.

სოფო მაქაცარია

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend