უზბეკეთმა ამბიციური გეგმა დაისახა მიზნად – 2030 წლისთვის ქვეყნის ელექტრომომარაგების 30 პროცენტი განახლებადი ენერგორესურსებიდან უნდა მიიღოს. ამ კუთხით მზის ენერგია ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. ამჟამად მზის ენერგიის ფართომასშტაბიანი პროექტები საერთაშორისო კერძო ინვესტორებს იზიდავს უზბეკეთში. მაგალითად, ფრანგულმა კომპანიამ Total Eren-მა უზბეკეთში ერთ-ერთი პირველი მზის ელექტროსადგური Tutly-ი განავითარა. მზის ელექტროსადგური Tutly-ი, რომელიც 2022 წლის ივლისში გაიხსნა, ქალაქ სამარყანდიდან დასავლეთით დაახლოებით ასი კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ელექტროსადგური ამ პროექტში დაახლოებით 100 მილიონი ევროს უცხოური ინვესტიცია ჩაიდო.
ამ სადგურის სიმძლავრე 131 მეგავატია, იგი წელიწადში დაახლოებით 270 ათას კილოვატ ელექტროენერგიას აწარმოებს, რაც საკმარისია 140 ათასი ოჯახის მოსამარაგებლად.
აქ მზის პანელები პოზიციას ყოველ ორ წუთში იცვლიან. ისინი მზის ტრაექტორიას მისდევენ, რათა რაც შეიძლება მეტი ენერგია მიიღონ. Total Eren-მა, რომელიც უზბეკეთში მზის ენერგიის კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი პროექტების განვითარებას გეგმავს, ქვეყანაში უახლესი ტექნოლოგიები ჩამოიტანა.
“აქ უნიკალური ორმხრივი ტექნოლოგიებია გამოყენებული, მოდულის წინა მხარე პირდაპირ იღებს მზის სხივებს, ხოლო უკანა მხარე მიწიდან ირეკლავს მზის რადიაციას,“ – ამბობს აიზადა სეიტნიაზოვა, Total Eren-ის მმართველი დირექტორი უზბეკეთში.
რამ შექმნა მზის ენერგიის განვითარების საფუძველი?
ბოლო წლებში უზბეკეთში გატარებულმა რეფორმებმა უცხოურ კერძო ინვესტიციებს განახლებადი ენერგიის პროექტებისკენ გაუკვალა გზა. სახელმწიფო მათ ელექტროენერგიის შესყიდვის გრძელვადიან გარანტიებს აძლევს. ტენდერები საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით ტარდება. მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია უზბეკეთს განახლებადი ენერგიის სექტორში კერძო და საჯარო პარტნიორობის პროექტების ორგანიზებაში ეხმარება.
“დღემდე მზის ენერგიის სექტორში განხორციელებული პროექტების საერთო სიმძლავრე 1000 მეგავატია, 800 მეგავატის პროექტები ტენდერის ფაზაშია. ამ ტენდერების მიმართ საერთაშორისო ინვესტორები დიდ ინტერესს იჩენენ. მათ შორის არიან ინვესტორები საუდის არაბეთიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, ჩინეთიდან, იაპონიიდან, სამხრეთ კორეიდან და ასეთი დიდი ინტერესი საშუალებას გვაძლევს, რომ ძალიან კონკურენტული ტარიფები მივიღოთ,“ – განმარტავს ზაფარ ხაშიმოვი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის/მსოფლიო ბანკის ჯგუფის წარმომადგენელი უზბეკეთში.
მზის ენერგია და ბიზნესი
უზბეკეთში მზის ენერგიის გამოყენება მცირე და საშუალო ბიზნესებმაც დაიწყეს. ამ ფერმაში, სამარყანდის ახლოს, მზის ენერგია ბოსტნეულისა და მცენარეების მორწყვას ხმარდება.
ეს სამარყანდში მდებარე სამკერვალო ფაბრიკის ავტოსადგომია. მზის პანელები მის სახურავზეა დამონტაჟებული, რათა ენერგიაზე დახარჯული თანხა დაიზოგოს. თანაც მზის პანელებით დაფარული ტერიტორია 10 წლის განმავლობაში გათავისუფლებულია მიწისა და ქონების გადასახადისგან.
«სულ უფრო მეტია მოთხოვნა ისეთ პროდუქციაზე, რომლის მწარმოებელი იცავს სოციალურ პასუხისმგებლობას. ენერგიის დამზოგველი რესურსების გამოყენება თანამედროვე მომხმარებლის ერთ-ერთი მოთხოვნაა. ისინი იყიდიან ისეთ პროდუქტს, რომლის წარმოების პროცესშიც გარემოზე ზრუნავენ,“ – ამბობს აზიზ ახრაროვი, კომპანია Samarkand Apparel-ის გენერალური დირექტორი.
ადგილობრივები მზის ენერგიის პროექტში
უზბეკეთის მთავრობამ ახლახან ციფრული პლატფორმა energymarket.uz-ი ჩაუშვა , რომელიც კერძო სახლების მფლობელებს საშუალებას აძლევს, რომ მზის პანელები უპროცენტო განვადებით შეიძინონ, ხოლო პირდაპირ შეძენის შემთხვევაში თანხის 30 პროცენტი უკან დაუბრუნდეთ.
ელზოდ რახმანოვი, უზბეკეთის ენერგეტიკის სამინისტროს ენერგეტიკის დაზოგვის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი:
“ეს ინიციატივა, პირველ რიგში, იმიტომ წამოვიწყეთ, რომ ქვეყნის მოსახლეობა იზრდება, ეკონომიკა იზრდება, შესაბამისად, იზრდება მოსახლეობის მოთხოვნა ელექტროენერგიაზე და დღის წესრიგში დადგა ალტერნატიული ენერგორესურსების შემოღება, როგორც დამატებითი გენერაციის წყარო“.
ტაშკენტელი ლაზიზ ხასანოვი ერთ-ერთი მათგანია, ვინც ეს ციფრული პლატფორმა უკვე გამოიყენა. ახლა ზამთარში მისი მზის პანელები დღეში 25 კილოვატს აწარმოებს. ზაფხულში ეს შესაძლოა ორჯერ მეტი იყოს. ლაზიზი ჭარბი ელექტროენერგიის სახელმწიფოსთვის მიყიდვას აპირებს.
“დღეს მთელ მსოფლიოშია ელექტროენერგიის პრობლემა და მზის პანელები სისტემის განტვირთვის თვალსაზრისით ძალიან დიდ წილს იღებენ. ეს მწვანე ენერგიაა, ეს არის ჩვენი მომავალი, ჩვენი ბავშვებისა და მომავალი თაობების მომავალი,“ – ამბობს ლაზიზ ხასანოვი.
მზის პანელები უზბეკეთში მრავალი სახელმწიფო დაწესებულების სახურავზეა დამონტაჟებული. უზბეკეთში საშუალოდ წელიწადში 330 მზიანი დღეა და მზის ენერგიის პოტენციალი ძალიან დიდია. მომავალ წლებში ეს ქვეყანა რაც შეიძლება მეტი მზის ენერგიის ათვისებას აპირებს.
“ეს, უპირველეს ყოვლისა, ეკონომიკის კონკურენტუნარიანობას ნიშნავს, რადგან ხვალ მწვანე სერტიფიკატი დაგვჭირდება, რომელიც ჩვენი პროდუქტის მწვანე კომპონენტის იქნება. მეორე მხრივ, ეს ეკოლოგიისა და გარემოს დაცვაა, CO-ის გამონაბოლქვის შემცირებას ემსახურება. და მესამეც – ეს ეკონომიკურ სარგებელს იძლევა. ეს ნიშნავს, რომ მზის საშუალებით რაც შეიძლება მეტი ელექტროენერგია ვაწარმოოთ,“ – განაცხადა უზბეკეთის ენერგეტიკის მინისტრმა ჯურაბეკ მირზამახმუდოვმა.
ავტორი: გალინა პოლონსკაია