მთავარისაქართველოპრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის კრიტიკული განცხადება და პოლიტიკური შეფასებები

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის კრიტიკული განცხადება და პოლიტიკური შეფასებები

9 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ ისაუბრა, „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებები გააკრიტიკა და მათ პოზიციას ფაქტობრივად გაემიჯნა. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ოკუპირებული ქვეყნის მმართველი პარტიის ლიდერების განცხადებები, აცდენილი ცივილიზებული სამყაროს პოზიციებს და თანხვედრაშია მხოლოდ რუსულ პროპაგანდასთან.

„ოკუპირებული ტერიტორიების მქონე ხელისუფლების მიერ აქამდე გამოხატული გარკვეული სიფრთხილე ყველას ესმის და ყველასთვის გასაგებია, თუმცა სიფრთხილე არასდროს გამორიცხავდა, მით უმეტეს ჩვენთვის და ჩვენს ქვეყანაში, არც ღირსებას და არც სოლიდარობას.

სულ სხვაა დღევანდელი მდგომარეობა. ახალი გზავნილები, რაც ორი დღეა მმართველი პარტიისგან ისმის, წინააღმდეგობაში მოდის ჩვენი ყველა პარტნიორი ქვეყნის სახელმწიფო ლიდერის განცხადებებთან. ჩვენი დეფეტიზმი უნისონშია მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ნარატივთან, ეხმიანება მხოლოდ რუსეთის პროპაგანდას. ამის არც ახსნა, არც გაგება შემიძლია და არც გაზიარება“, – აცხადებს პრეზიდენტი.

მმართველ პარტიაში არ დაუყოვნებიათ პრეზიდენტის განცხადების პოლიტიკური შეფასება. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა თქვეს, რომ თავად სალომე ზურაბიშვილის პოზიცია ქართველი ხალხის საჭიროებებსაა აცდენილი და ურჩევენ, რომ ოპოზიციაში ყოფნის მაგივრად, ევროინტეგრაციის გზაზე მმართველ გუნდს დაეხმაროს.

„პრეზიდენტის ბრალდებები არის უსაფუძვლო, ირაკლი კობახიძის მიმართ ასეთი შეფასებების გაკეთება მიუღებელია. ყველაფერს აჩვენებს შედეგები, რაც ჩვენი ხელისუფლების მიერ დადგა. კონსტიტუციურ ინსტიტუტებს პატივს ვცემთ, მაგრამ დაუსაბუთებელი ბრალდებები, სადაც წითელი ხაზებია ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის და ქვეყნისთვის, რასაკვირველია, მიუღებელია. იმ ადამიანებთან ერთად ხართ ნავში, რომელთაც სურთ ძირი გამოუთხარონ საქართველო-უკრაინის ურთიერთობას. არიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც ქვეყანას ძირს უთხრიან, არც ევროპულ რეკომენდაციებს ასრულებენ. ამაზე არის იგნორი, სიჩუმე, ნულოვანი ყურადღება მედიის მხრიდან. სამაგიეროდ, ყოველდღე შუქდება ის, რომ თითქოს, საქართველო არის უკრაინის წინააღმდეგ და ანტიევროპულ გზას ადგას. ეს არის სიცრუე, რომელსაც პასუხი გაეცა საქართველოშიც, ევროკომისიაშიც და ამერიკაშიც, სადაც ამერიკის თავდაცვის მდივანმა პირდაპირ თქვა, რომ საქართველო საიმედო პარტნიორია. ვისაც ამის გაშუქება რცხვენია და ეუხერხულება, ეს ხალხია იმ ნავში, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს ევროპულ კურსს“, – განაცხადა ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ.

პოლიტიკური შეფასებები გააკეთეს ოპოზიციაშიც. მმართველი გუნდის ოპონენტები ფიქრობენ, რომ პრეზიდენტმა სჯობს ქმედითი ნაბიჯები გადადგას მისი მანდატიდან და ბერკეტებიდან გამომდინარე და ამით განამტკიცოს ის განცხადებები, რასაც ბოლო პერიოდია აკეთებს.

„ძნელია, რომ გააკრიტიკო საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის კრიტიკის გამო. საქართველოს მთავრობის პოზიციებს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით მე თვითონ უფრო მკაცრად ვაკრიტიკებდი გაჟღერების დღიდან დღემდე. უბრალოდ, მგონია, პრეზიდენტს ბევრად მეტი მოეთხოვება, ვიდრე ოპოზიციურ პარტიას. მას უფრო მეტი ბერკეტი გააჩნია. პრეზიდენტის ეს პოზიციონირება, რომელიც ჩემთვის ძალიან გასაგებია იმ თვალსაზრისით, რომ მთავრობის პოზიციონირება გაუგებარია, პრეზიდენტისგან უფრო მკაფიო ნაბიჯს მოითხოვს იმ თვალსაზრისით, შენ რას აკეთებ მაშინ, როდესაც ამდენად ემიჯნები საქართველოს მთავრობის პოზიციას. შენი პოზიცია რითია განსხვავებული და იმ ბერკეტების ფარგლებში, რომელიც გაგაჩნია, რას აკეთებ იმ პოზიციის გასამყარებლად, რომელსაც ახმოვანებ.

პრეზიდენტი ასეთ განცხადებებს რატომ აკეთებს, გასაგებია – არ მოსწონს საქართველოს მთავრობის განცხადებები. ქალბატონი სალომეც „ქართული ოცნების“ მიერ არის არჩეული, ამიტომ განცხადებების შენი სახელით გაკეთება გამოდის, რომელსაც არ ეთანხმები. არა მხოლოდ არ ეთანხმები, ხვდები, რამდენად საშიშია ამ ქვეყნის მომავლისთვის. რა უნდა გააკეთოს პრეზიდენტმა ამ წუთას, მზა რეცეპტი არ მაქვს. იქიდან გამომდინარე, რომ მე არ ვიცი, ამ წუთას მის თავში რა დევს. ვიცი, მას არ მოსწონს „ქართული ოცნების“ განცხადებები, მაგრამ რა დონეზე არ მოსწონს და მათ შორის, რა შიდა კონიუნქტურული ურთიერთობები არსებობს ოცნების წევრებს შორის, არ ვიცი“, – განაცხადა დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ.

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, 9 თებერვლის მოკლე ბრიფინგის შემდეგ, მისსავე განცხადებაზე ან პოლიტიკოსების შეფასებებზე, დამატებითი განმარტებები არ გაუკეთებია.

ალეკო გვეტაძე

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend