სირიაში სამაშველო სამუშაოებს, შესაბამისი ტექნიკის არარსებობა და გამოცდილი სამაშველო გუნდების ნაკლებობა აფერხებს. თუმცა, მიუხედავად ამისა, სირიის სამოქალაქო დაცვის თანამშრომლები, იგივე თეთრჩაფხუტიანები, იდლიბის პროვინციაში ხალხის ნანგრევებიდან მაინც ამოყავთ. პროვინციაში პირველადი დახმარების მიწოდება რთულია, რადგან წლების განმავლობაში მიმდინარე სამოქალაქო ომის გამო სირიაში ინფრასტრუქტურა სერიოზულადაა დაზიანებული. სირიაში, იდლიბის პროვინციაში, მრავალი სახლი და შენობაა დანგრეული, ათასობით ადამიანი უსახლკაროდ, ქუჩაშია, დარჩენილი. მდგომარეობას ცივი ამინდიც ართულებს.
“სად შეიძლება წახვიდე, რომ გადარჩე? ხალხს არჩევანი არ აქვს, არ არის სახლები, არ არის კარვები, სად უნდა წავიდეს ეს ხალხი? მათ მხოლოდ აქ შეუძლიათ, ცოტათი მაინც დაისვენონ, სანამ სიტუაცია გამოსწორდება”, – ამბობს ადგილობრივი იუსეფ ალ-ჰასავი.
პროვინციაში განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა. ქვეყნამ შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო ნანგრევებში მოყოლილი მოქალაქეების გადასარჩენად დიდი დრო დაკარგა. თურქეთის საზღვართან მდებარე ტერიტორიებზე, რომლებსაც აჯანყებულები აკონტროლებენ, მთავრობის მიერ კონტროლირებადი ნაწილისგან ნებართვის გარეშე დახმარებას ვერ იღებენ.
გაერომ სირიელ პოლიტიკოსებს მოუწოდა, დროებით დაივიწყონ პოლიტიკა და ჰუმანიტარული სამუშაოს ჩატარების შესაძლებლობა მისცენ ყველას. მხოლოდ იდლიბის პროვინციაში 1500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ბაშარ ალ-ასადის მთავრობა სამაშველო სამუშაოების შეფერხებას ევროპისა და აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებს აბრალებს.