საუდის არაბეთის ასირის რეგიონი განთქმულია დიდებული მთებით, სალაშქრო ბილიკებითა და უჩვეულო კაფეებით. სწორედ აქ მდებარეობს საუდის არაბეთის ყველაზე მაღალი მწვერვალი ალ-სუდა, რომელიც ზღვის დონიდან 3 000 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და ულანაზესი პანორამით, სიმწვანითა და მიხვეულ-მოხვეული ბილიკებით აჯადოებს მნახველს.
ტურისტული გიდი ზაკი ალ-არიფი მთელი ცხოვრება ასირში ცხოვრობს, იგი მთის გამოცდილი გამყოლიცაა და ქალაქის ექსკურსიებსაც ატარებს.
აბჰა – მდიდარი კულტურის მქონე დედაქალაქი
ასირის დედაქალაქ აბჰაში უამარავი გასართობია თვამოყრილი.
აბჰის გაცნობის ერთ-ერთი საუკეთსო გზა არის მთის მწვერვალზე წამოსკუპებულ კაფე Joy Venue-ში დასვენება და ქალაქის ხედით ტკბობა ფინაჯნი ყავით ხელში. თანაც ამ კაფეს შუშის იატაკი აქვს. აქედან შესანიშნავად ჩანს გარს შემოჯარული კლდეები, ღრუბლებში ატყორცნილი თვალწარმტაცი პეიზაჟებითა და სტარტოსფეროში ამავალი ბილიკი, რომელსაც ალ-დაბაბი (Al Dhabbab) ჰქვია. ირგვლივ კი ბაბუინები დარბიან.
ხელოვნების ქუჩაზე ჩამწკრივებული იასამნისფრად მოყვავილე ჟაკარანდის ხეებისა და თანამედროვე კაფეების გვერდით კი ყოველ ფეხის ნაბიჯზე ქუჩის მხატვრობას ნახავთ.
აბჰაში ისტორიული ტურის მარგალიტია ფატიმას მუზეუმი. ამ მუზეუმში დაცულია ქალთა ტრადიციული ხალხური ხელოვნება ალ-ქატ ალ-ასირი, რომელიც სახლის ფერადი ორნამენტებით მორთვას გულისხმობს.
რიჯალ ალმაა – ჯანჯაფილის თაფლაკვერის სოფელი
კიდევ უფრო მეტ ისტორიულ ამბებს სოფელ რიჯალ ალმააში შეიტყობთ. აბჰის დასავლეთით მანქანით დაახლოებით ერთი საათის სავალზე მდებარე ამ ადგილს ჯანჯაფილის თაფლაკვერის სოფელს უწოდებენ, რადგან ისე ჰგავს თაფლაკვერს, რომ ადამიანს შეჭმა მოუნდება.
ადგილობრივი ჭრელაჭრულა თავსაკრავით შემკული მამაკაცები, რომლებიც ზაფხულობით ფესტივალს აწყობენ, ტურისტებს ყვავილის ორნამენტებიანი გვირგვინებითა და საუკუნოვანი წეს-ჩვეულებებით ხიბლავენ.
მთაში სიარული მადას აღძრავს. ასირი სამზარეულოთიც განთქმულია. გასინჯეთ თაფლით გაჯერებული არეკა, რომელიც ტაფაზე გამომცხვარი ცომითა და ადგილობრივი ფინიკის ნაყოფით მზადდება. ტრადიციულ პურ მიფას კი შესუნელებულ ბრინჯთან ერთად მიირთმევენ.
ავტორი: სარა ჰედლი ჰაიმერსი