რუს პოლიტიკოსებსა და დიპლომატებს შორის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გრიგორი კარასინია შემდეგია, ვინც ბოლო პერიოდში, საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. დიპლომატი, რომელიც წლებია კრემლს საქართველოს საკითხებზე ჰყავს მიმაგრებული, ამბობს, რომ „დასავლეთი საქართველოს მთავრობას ხელებს უგრეხს, რათა მისი თამაში ითამაშოს“. რეზონანსული განცხადება კარასინმა საკუთარ ტელეგრამარხზე გააკეთა.
„როგორც მოსალოდნელი იყო, დასავლეთი ახლა იწყებს საქართველოს ხელების გადაგრეხას რუსეთთან მისი ძალიან მშვიდი ურთიერთობის გამო. ეს არის თამაშის ახალი წესები საერთაშორისო საქმეებში, განურჩევლად ისტორიისა, გეოგრაფიისა და სახელმწიფოს პრეფერენციებისა. ვაშინგტონმა გადაწყვიტა — შეასრულე! აზრი არ აქვს კომენტარის გაკეთებას!“, – ნათქვამია განცხადებაში.
კრემლიდან მომდინარე მორიგ განცხადებას, ამჯერად კარასინის პირით, გამოხმაურება მოჰყვა თბილისიდან. მმართველ პარტიაში, მათივე განცხადებით, ფრთხილი პოლიტიკის სარჩულის ფარგლებში, რუს დიპლომატს მკვეთრად არ პასუხობენ. ამბობენ, რომ არც კარასინის და არც პირობითად ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებები მათთვის მნიშვნელოვანი არ არის.
„ჩვენ არ ვაკეთებთ ღრმა კომენტარებს მათ განცხადებებთან დაკავშირებით ხანდახან გვიწევს კომენტარების კეთება, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ ნაკლებად გვაინტერესებს, როგორ აფასებენ კონკრეტული პოლიტიკოსები საზღვარგარეთ ჩვენს ნაბიჯებს, ჩვენთვის მთავარია თითოეული ნაბიჯი გადაიდგას ეროვნული ინტერესების შესაბამისად. იგივე ეხებოდა სანქციების თემას, იგივე ეხებოდა მოხალისეების გაგზავნის თემას, იგივე ეხებოდა ეკონომიკურ საკითხებს და ა.შ. ყველა ნაბიჯი გადაიდგმება არა იმის მიხედვით თუ რა განცხადებას გააკეთებს ხვალ კარასინი ან კუბილიუსი, არამედ იმის მიხედვით თუ რა შედის საზოგადოების ინტერესებში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საპარლამენტო ოპოზიცია „ქართული ოცნების“ „ფრთხილ პოლიტიკას“ რუსეთთან მიმართებაში, პოლიტიკურ მორჩილებად აღიქვამს. ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობენ, რომ მმართველმა პარტიამ მსოფლიოს ცივილიზებული სამყარო და საქართველოს მოსახლეობაც დააბნია, მის მიერვე წარმოებული საგარეო კურსის გამო.
“ყველა ხედავს, რომ განცხადებები, რომელსაც აკეთებს რუსეთის ხელისუფლება და განცხადებები, რომელსაც აკეთებს საქართველოს ხელისუფლება არის სრულიად ურთიერთშეთანხმებული. დღეს არავინ, გარდა რუსეთისა, არ საუბრობს იმაზე, რომ რუსეთს აქვს რაიმე უპირატესობა, ეს არის რუსული პროპაგანდა, რომელსაც ამ შემთხვევაში იმეორებს საქართველოში მმართველი პარტიის თავმჯდომარე. რუსეთის პროპაგანდაა მათ შორის კარასინის განცხადებები, რომ ვიღაც ცდილობს საქართველო ჩართოს საომარ ვითარებაში, როგორც ჩანს კობახიძემ მიიღო ინსტრუქციები მოსკოვში “ქართული ოცნების” მმართველებისგან, თუ რა უნდა ესაუბრონ მათ ქართველ ხალხს. ისინი სარგებლობენ იმით, რომ უსაფრთხოების გამოწვევა საზოგადოებაში ცხადია, არის მთავარი პრიორიტეტი და ატყუებენ თანამოქალაქეებს, რომ თითქოს ვიღაცას სურს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა. ეს საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებას სჭირდებათ საერთო ამოცანის განხორციელებაში, რაც არის “ქართული ოცნების” ძალაუფლების შენარჩუნების უზრუნველყოფა”, – განაცხადა პარტია “ლელოს” პოლიტიკურმა მდივანმა სალომე სამადაშვილმა.
ჯერ უცნობია, ვინ იქნება რუსეთიდან შემდეგი, ვინც საქართველოს საკითხს რუსულ დღის წესრიგში გააცოცხლებს და ფარული თუ ღია ენით, ქართულ საზოგადოებას მისი დასავლური საგარეო კურსის გამო თითს დაუქნევს. ფაქტია, მას შემდეგ რაც ევროკომისიის ანგარიში გამოქვეყნდა და საქართველო ბევრი მიმართულებით დადებითად შეფასდა, კრემლის ყურადღებაც მკვეთრად გააქტიურდა.
ალეკო გვეტაძე