საარჩევნო ადმინისტრაცია 2024 წლის არჩევნებისთვის უკვე ემზადება. მოქმედი თავმჯდომარე ამბობს, რომ უწყებას ჯერ ისევ ბევრი გამოწვევა აქვს, თუმცა გასული წლის შეჯამებისას და მომავალი გეგმების წარდგენისას, გიორგი კალანდარიშვილმა ძირითადად მიღწევებზე ისაუბრა.
საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ უწყების მთავარი მიღწევა ხმის მიცემისა და დათვლის ელექტრონულ სისტემის დანერგვაა, რომელიც 2024 წელს საარჩევნო უბნების 90 პროცენტზე უნდა ამოქმედდეს. თუმცა უკვე ცნობილია, რომ საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლები ახალი ტექნოლოგიების მეშვეობით ხმას ვერ მისცემენ.
ცესკოს საქმიანობის შეჯამებას და საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი სტრატეგიული გეგმის წარდგენას დაესწრნენ ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე დიპლომატიური მისიების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. საარჩევნო პროცესში ჩართული მხარეები აცხადებენ, რომ ახლა მთავარია, ცესკომ ეფექტურად მართოს ხმის მიცემის ელექტრონული სისტემა და ის წარმატებით დანერგოს.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დღეს, 9 თებერვალს, კიდევ ერთხელ ისაუბრეს ცესკოს თავმჯდომარის არჩევის შესახებ. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ ერთგვარი კრიზისია, როდესაც მოქმედ თავმჯდომარეს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა, ახალი კი პარლამენტმა ჯერ ისევ ვერ აირჩია.