თურქეთსა და სირიაში მაშველები ამ დრომდე ცდილობენ ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების პოვნასა და გადარჩენას.
თურქეთის ოფიციალური უწყებების ცნობით, სამაშველო ოპერაციებში ჩართულია 25 000-ზე მეტი მაშველი, რომელთა შორის არიან როგორც თურქეთის სამაშველო ძალები, ასევე მაშველები სხვადასხვა ქვეყნიდან. ანკარის ცნობით, მხოლოდ თურქეთის ტერიტორიაზე დამანგრეველმა მიწისძვრამ და შემდგომმა ბიძგებმა 11 000-ზე მეტი სახლი გაანადგურა, რომელთა შორის უმეტესობა მრავალსართულიანი კორპუსია. თურქეთის პრეზიდენტმა დამანგრეველი მიწისძვრით დაზარალებულ 10 პროვინციაში 3 თვით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. დროებით თავშესაფრებშია განთავსებული 338 500-ზე მეტი მოქალაქე.
თურქეთსა და სირიაში ამ დრომდე უამრავი ადამიანი ითვლება დაკარგულად. ბოლო ცნობებით, ორივე ქვეყანაში 5000-ზე მეტი ადამიანია დაღუპული.
მსხვერპლის რაოდენობა ყოველ წუთს და ყოველ საათს იზრდება, რადგან მაშველები დანგრეულ ქალაქებში ცხედრებს პოულობენ.
ნანგრევებიდან ხალხის ამოყვანას ასევე ჰაერის დაბალი ტემპერატურა აფერხებს, სამაშველო სამუშაოებს ხელი შეუშალა განმეორებითმა ბიძგებმაც, რომლებიც ასობით იყო და მათგან ყველაზე ძლიერი პირველი ეპიცენტრიდან 95 კილომეტრში განმეორდა, თითქმის იგივე სიმძლავრის.
სირიის მიწისძვრით დაზარალებულ ქალაქებში სამაშველო ოპერაციებში ძირითადად მოხალისეები აქტიურობენ. გადარჩენილებს ეძებენ ალეპოს ნანგრევებში. ქალაქში, რომელიც 12 წლიანი სამოქალაქო ომის, ლტოლვილთა კრიზისისა და მთავრობის მიერ საკუთარი მოსახლეობის ქიმიური იარაღით განადგურების შემდეგ ამჯერად მიწისძვრამ გაასწორა მიწასთან.
სირიის არაბთა წითელი ნახევარმთვარის ხელმძღვანელმა შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს მოუწოდა, გააუქმონ სირიისთვის სანქციები, რათა მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას დაეხმარონ. მან დამასკოში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ სამაშველო ოპერაციებისთვის მძიმე ტექნიკაა საჭირო.
სირიის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები 2011 წლიდან მოქმედებს, მას შემდეგ, რაც ბაშარ ალ ასადის მთავრობამ საპროტესტო აქციები ჩაახშო.
გუშინ, 6 თებერვალს გამთენიისას მომხდარმა მიწისძვრამ სირიისა და თურქეთის ქალაქები გაანადგურა. მან ასევე გარეთ გამოიყვანა დამასკოსა და ბეირუთის მოსახლეობაც, მიწისძვრა იგრძნობოდა კაიროშიც.
ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური კვლევების მიხედვით მისი სიღრმე 18 კილომეტრი იყო, სიმძლავრე 7,8 მაგნიტუდა, ხოლო ხანგრძლივობა 102 წამი. ბოლო მონაცემებით სტიქიამ საქართველოს 2 მოქალაქე იმსხვერპლა.